სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა.
ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ევროკომისია როგორც წესი, ზეპირ მოხსენებებს არ აკეთებს, თუმცა ეს საგამონაკლისო შემთხვევაა. მისი თქმით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დონე კომისიამ ამგვარად დაყო:
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი სისტემა:
- არ არის პროგრესი – ანუ არ დაწყებულება რეკომენდაციის შესრულება;
- შეზღუდული პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა;
- გარკვეული პროგრესი – ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, პროგრესი 50%-ზე ნაკლებია;
- მნიშვნელოვანი პროგრესი – გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ კვლავ მისაღებია რიგი ზომები, პროგრესი 50%-ზე მეტია;
- სრული პროგრესი – რეკომენდაცია შესრულებულია.
უკრაინა
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ უკრაინის შემთხვევაში ქვეყანას 7 რეკომენდაცია ჰქონდა განსაზღვრული, საიდანაც 2 უკვე შესრულდა, ერთზე კარგი პროგრესი აქვს, 4-ზე – გარკვეული პროგრესი აჩვენა.
ვარჰეი აღნიშნავს, რომ კიევმა ორი წარმატებული რეფორმა განახორციელა სასამართლო სისტემაში და მედიის ნაწილში. მათ შორის, უკრაინაში მიიღეს მედიის კანონმდებლობა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის დირექტივებს.
სხვა ნაბიჯების მხრივ კი, ვარჰეის თქმით, უკრაინაში პროგრესი გზაშია:
“უკრაინას კარგი პროგრესი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზე; აქვს გარკვეული პროგრესი დარჩენილი ოთხი პრიორიტეტის მიმართულებით: ანტიკორუფციული, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო, დეოლიგარქიზაციის და ეროვნული უმცირესობების მიმართულებით“, — განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
ევროკომისრის თქმით, უკრაინამ უნდა გადადგას შემდგომი სისტემური ნაბიჯები კორუფციის აღმოსაფხვრელად. ხოლო რაც შეეხება დეოლიგარქიზაციის კანონს, ვარჰეის თქმით, უკრაინას ამ მიმართულებით აქვს სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სისტემურ რეფორმას და ახლა საჭიროა მათი იმპლემენტირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
ამასთან, ევროკომისარი აღნიშნავს, რომ უკრაინამ უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უმცირესობების ენების გამოყენების საკითხზე.
მოლდოვა
რაც შეეხება მოლდოვას, ვარჰეის თქმით, 9 ნაბიჯიდან 3 უკვე შეასრულა, სამ პუნქტში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა, ხოლო სამში – გარკვეული წინსვლა.
შესრულებულ რეკომენდაციებს შორის ვარჰეიმ მოლდოვას შემთხვევაში გამოყო მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების მიმართულებით ვენეციის კომისიისა და „ოდირის“ რეკომენდაციების ასახვა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დასაცავად ამგვარ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება:
„ვხედავთ, რომ მოლდოვამ უკვე შეასრულა სამი მათგანი. პირველ რიგში, ვენეციის კომისიის მიერ მითითებული ნაკლოვანებები მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმებში, რაც მეორე რეკომენდაცია იყო. მოლდოვამ გაზარდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც იყო მე-8 ნაბიჯი და გააძლიერა ადამიანის უფლებების დაცვა, კერძოდ, მოწყვლადი ჯგუფების მიმართულებით, და გააძლიერა გენდერული თანასწორების საკითხი და ქალთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლა, რაც იყო მე-9 რეკომენდაცია. ეს პუნქტები შესრულებულია“ — თქვა მოლდოვაზე საუბრისას ოლივერ ვარჰეიმ.
რაც შეეხება სხვა რეკომენდაციების შესრულებას, ვარჰეის თქმით, მართლმსაჯულების რეფორმის, დეოლიგარქიზაციისა და საბიუჯეტო დაფინანსების რეფორმირების მხრივ მოლდოვამ კარგი პროგრესი აჩვენა, თუმცა კვლავ აქვს სამუშაო, რათა კანონმდებლობაში ასახოს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გენერალური პროკურორის დანიშვნის წესისა და უზენაესი სასამართლოს შესახებ.
ევროკომისარი აღნიშნავს, რომ დეოლიგარქიზაციის ნაწილში მოლდოვამ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და სისტემურ მიდგომაზე შეაჩერა არჩევანი:
„მოლდოვამ უნდა გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია, მათ შორის საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილში შეიმუშაოს პოლიტიკა სახელმწიფო კუთვნილებასა და საზოგადოებრივი საკუთრების მენეჯმენტზე. საბოლოოდ, ყველაზე დიდი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს კორუფციასთან ბრძოლის, ფულის გათეთრებისა და ფინანსური დანაშაულების მიმართულებით. ასევე, საჯარო მმართველობის რეფორმირების კუთხით.
მოლდოვამ უნდა უზრუნველყოს ეფექტური ზომები ანტიკორუფციული სამსახურისა და ეროვნული ცენტრისთვის და გაზარდოს ამგვარი საქმეების გამოძიების ეფექტიანობა და ხარისხი . ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით კი მიიღოს კანონქვემდებარე აქტები ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების პრევენციისთვის. ასევე კანონმდებლობით დაარეგულიროს სამოქალაქო კონფისკაციის საკითხები. რაც შეეხება საჯარო მმართველობის რეფორმას, მოლდოვას სჭირდება დაასრულოს ხელფასების მონიტორინგის სისტემის დანერგვა“ ,— აცხადებს ევროკომისარი.
რა იქნება შემდეგ?
ეს, 22 ივნისის შეფასება, შუალედურია. ამის შემდეგ, შემოდგომაზე ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებაში მიღწეული პროგრესის შესახებ და რჩევას მისცემს ევროპულ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება მიღებული.
ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ამავე თემაზე