ახალი ამბები

თბილისი და მოსკოვი II ფრონტზე ერთ ენაზე საუბრობს — ზურაბიშვილი

31 მარტი, 2023 • 884
თბილისი და მოსკოვი II ფრონტზე ერთ ენაზე საუბრობს — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება კონსპირაციის გამო, რომელსაც ეს უკანასკნელი ავითარებს ომში ჩათრევის საფრთხის შესახებ.

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ რეკომენდაციებში არაფერია უცხო, პირიქით, ქართული ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია.

„რამ გაყო დეპოლარიზაცია და ჩვენი საუკუნოვანი ტოლერანტობა, შემწყნარებლობა? რამ გაყო ევროპული მოთხოვნა სასამართლო რეფორმისა და ჩვენი ტრადიცია ქართული სამართლის ძეგლებზე დაყრდნობილი და ჩვენში გამჯდარი სამართლიანობის მოთხოვნა? რამ გაყო გენდერული თანასწორობა და ჩვენი ისტორიულად დაცული ქალის სამართლებრივი უფლებები (ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე) და ქალთა მიმართ პატივისცემა? რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა სწორედ მშვიდობას ემსახურება და არა ომს“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით, და მშვიდობიან განვითარებას.

„ამდენად, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება, ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე. ერთი ვინმემ მითხრას, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთან? ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?“ — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია.

„თუ აქამდე ვისაუბრე თქვენ მიერ ბოლო პერიოდში არჩეულ ბუნდოვან და ჩემთვის, ხალხისთვის გაუგებარ გზაზე, იმდენი მესმის, რომ თქვენთვისაც, როგორც ამას ხშირად აღნიშნავთ, გაუგებარია ჩემი საუბარი და მიზანი. მიზანი, რომელიც გვაერთიანებს დღეს მე და ხალხს, იყო მაშინაც ჩემთვის გადამწყვეტი, როცა წარვდექი თქვენ წინაშე საპრეზიდენტო არჩევნებზე. და მეტიც, ეს ჩემი ცხოვრების უცვლელი მიზანი იყო — საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი ხელშეუხელებელი იქნება. ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება!“ — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ქართული ოცნების“ კონსპირაციაა, თითქოს არსებობს „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების „აყირავების“ თუ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნების გზით უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში საქართველოს ჩართვა სურს და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი