ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გაასაჯაროვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის წარდგენილი ზეპირი მოხსენება, რომელშიც ევროკომისია ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ბრიუსელის მიერ მიცემული რეკომენდაციის შესრულებას აფასებს.
ოლივერ ვარჰეის განცხადებით, შეფასებისას გამოიყენეს შემდეგი სისტემა:
- არ არის პროგრესი – ანუ არ დაწყებულა რეკომდენაციის შესრულება;
- შეზღუდული პროგრესი – რეკომენდაციის შესრულება დაიწყო, მაგრამ ადრეულ ეტაპზეა;
- გარკვეული პროგრესი – ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, პროგრესი 50%-ზე ნაკლებია;
- მნიშვნელოვანი პროგრესი – გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ კვლავ მისაღებია რიგი ზომები, პროგრესი 50%-ზე მეტია;
- სრული პროგრესი – რეკომენდაცია შესრულებულია.
მისი განცხადებით, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია:
- გენდერული თანასწორობის გაძლიერება და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ;
- საქართველოს სასამართლოების მიერ განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს [„სტრასბურგის“] გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება;
- ახალი სახალხო დამცველის გამჭვირვალედ დანიშვნა.
შვიდ რეკომენდაციაზე საქართველოს გარკვეული პროგრესი აქვს, ამბობს ევროკომისარი. ესენია:
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
- სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
- სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირება და საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა;
- ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება;
- მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება;
- სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება;
- ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერება.
შეზღუდულ პროგრესს საქართველომ მიაღწია:
- დეოლიგარქიზაციაში.
საქართველოს არ აქვს პროგრესი შემდეგი რეკომენდაციის მხრივ:
- პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება.
როგორ უნდა მივიდეს საქართველო „სრული პროგრესის“ მაჩვენებლებამდე?
ვარჰეიმ აგრეთვე დაასახელა ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას დარჩენილი ცხრა რეკომენდაციის სრულად შესასრულებლად:
პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა – პარლამენტის ზედამხედველობის უზრუნველყოფა და ადრე მიღებული დოკუმენტების პატივისცემა, კონკრეტულად კი, 2021 წლის 19 აპრილის, ე.წ. „შარლ მიშელის“ შეთანხმების;
სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირება და საარჩევნო საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება, ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა – საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება, ადეკვატურად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევების ბრალდებების ადეკვატური გამოძიება და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის წესის ცვლილების კანონპროექტის გაწვევა;
სასამართლო რეფორმის სტრატეგიის მიღება – მართლმსაჯულების რეფორმის კანონპროექტის შეტანა ვენეციის კომისიაში,იუსტიციის საბჭოს დარჩენილი არამოსამართლე წევრების დანიშვნა;
ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება – სააგენტოს დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა, OECD-დან [აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ანტიკორუფციული ქსელი] გამოსვლაზე გადაწყვეტილების გადასინჯვა;
ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან – ევროპის საბჭოს ყველა რეკომენდაციის შესრულება;
მოწყვლადი ჯგუფების და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება – ადამიანის უფლებების დაცვაზე სტრატეგიის ინკლუზიურად მომზადება, ლგბტქი+ თემის შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა;
სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა – კონსტრუქციული დიალოგის აღდგენა, რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციების ჩატარება;
დეოლიგარქიზაცია – ამჟამინდელი კანონპროექტის არმიღება, – „მივესალმები მმართველი პარტიის განცხადებას, რომ მას არ მიიღებენ“, – სისტემური მიდგომის მქონე კანონის მიღება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად;
პლურალისტური მედიის თავისუფალი, პროფესიონალური და დამოუკიდებელი ფუნქციონირება – მაუწყებლობის შესახებ კანონის შეცვლა ევროპის საბჭოს რეკომენდაციების მიხედვით, უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა და მედიამფლობელების და ჟურნალისტების თავისუფლების დაცვის დონის ზრდა.
რა იქნება შემდეგ?
ეს, 22 ივნისის შეფასება, შუალედურია. ამის შემდეგ ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს ანგარიშს რეკომენდაციის შესრულებაში მიღწეული პროგრესის შესახებ და რეკომენდაციას მისცემს ევროპულ საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებებზე, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება მიღებული.
ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
ვარჰეიმ ამავე პრესკონფერენციაზე ისაუბრა მოლდოვისა და უკრაინის პროგრესზეც. რა გზა გაიარა ამ ორმა ქვეყანამ და რა დარჩათ მას გასაკეთებელი, წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ მასალაში: