საზოგადოება

“თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს” — ზურაბიშვილი

31 მარტი, 2023 • 1445
“თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს” — ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის წინაშე ყოველწლიურ მოხსენებას წარადგენს, თქვა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2012 წელს ქვეყანა დემოკრატიული სამყაროში დააბრუნა, თუმცა შემდეგ ხალხის ნებას გადაუხვია.

ზურაბიშვილის სიტყვებით, “ქართული ოცნება” იყო ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში დააბრუნა, ისევე როგორც გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, თუმცა შემდეგ გადაუხვია ხალხის ნებას.

ზურაბიშვილმა მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლების რიგი გადაწყვეტილებები და თქვა, რომ ქვეყანაში ძლიერდება ერთპარტიული სისტემა.

“სად დგახართ და რატომ? რატომ ჩამოშორდით ხალხის ნებას და მისგან მიღებულ მანდატს, რომელსაც აქამდე პირნათლად ასრულებდით? დღეს თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო ფერისცვალება.

სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების ნაცვლად, როგორც ქვეყნის დემოკრატიის ქვაკუთხედისა, ძლიერდება ერთპარტიული სისტემა და მისი გავლენები.

დაჩქარებულ რეჟიმში მიღებული კანონები: მოსმენების კანონი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და შემდეგ ახლად შექმნა, მოსამართლეების განწესების წესში ცვლილებების შეტანა და ბოლოს უცხოელი აგენტების კანონი — ეს ყველაფერი ემსახურება არა დემოკრატიის გაძლიერებას ან მოქალაქეების კეთილდღეობას, არამედ ძალაუფლების გამყარებს და გახანგრძლივებას.

ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი სასამართლო რეფორმა კი ჩიხშია შესული. თქვენმა ხელისუფლებამ არ გაარღვია ის მოჯადოებული წრე, რომელზეც წლებია, ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ, რაც ასევე შეიძლება ემსახურებოდეს ძალაუფლების გამყარებას”, — დასძინა მან.

ზურაბიშვილის სიტყვებით, მმართველი პარტიიდან ნელ-ნელა გადინება დაიწყეს განსხვავებული აზრისა და პოლიტიკური გემოვნების ადამიანებმა.

“თქვენს რიგებში აღარ ისმის არცერთი ოდნავ განსხვავებული აზრი, რადგან ეს ავტომატურად მანდატის დატოვებას ნიშნავს. დაიწყო პარტიის გავლენის გაძლიერება მთავრობასა და პარლამენტზე. პარტია გადაიქცა გადაწყვეტილებების მიღების სივრცედ.

პარტიის თავმჯდომარე საკუთარ პოზიციას წინასწარ აცხადებს ყველა პოლიტიკურ საკითხზე და, რაც მთავარია, ბუნდოვანი გახდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი, რომ არაფერი ვთქვა ღია დისკუსიაზე.

თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც ბოლო წლებში გადადგმული გაუგებარი ნაბიჯებით უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს და ხალხის მანდატს”, — მიმართა მან მმართველი გუნდის დეპუტატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი