საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებისას მწვავედ აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას”.
სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ მმართველმა პარტიამ გადაუხვია ხალხის ნებას და ქვეყანაში ძლიერდება ერთპარტიული მმართველობა. ამავე დროს, პრეზიდენტმა “ოცნების” დეპუტატებს შეახსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას ეხება.
ზურაბიშვილმა მმართველი გუნდის დეპუტატებს უთხრა, რომ როგორც არ უნდა ეცადონ, ვერ შეცვლიან ვერც მას და ვერც მის მიზანს.
“შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად. და ალბათ საჭირო არის, რომ მართლაც შეგახსენოთ:
1. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
2. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
3. საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.
ასე რომ, რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, ხან რომელ ძალას მიმაწებოთ, ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთაშორისო ვიზიტები, ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ხან ქართული დამიწუნოთ, ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს, და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს. მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით”, — დასძინა მან.
პრეზიდენტის სიტყვებით, მისი ცხოვრების უცვლელი მიზანია საქართველოს გაყვანა იმ სამყაროში, სადაც ხელშეუხებელი იქნება მისი იდენტობა, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მომავალი.
“ანუ, საბჭოთა და რუსული წნეხიდან გათავისუფლების დასრულება და საქართველოს საუკუნოვანი ევროპული მისწრაფების აღსრულება!” — დასძინა მან.
პრეზიდენტის სიტყვებით, ეს მიზანი მისთვის გადამწყვეტი იყო მაშინაც, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა.
ამავე თემაზე:
თბილისი და მოსკოვი II ფრონტზე ერთ ენაზე საუბრობს — ზურაბიშვილი
“თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს” — ზურაბიშვილი