ახალი ამბები

ინსტრუქციები პრაიდის ფესტივალის მონაწილეთათვის — ორგანიზატორთა განცხადება

4 ივლისი, 2023 • 1199
ინსტრუქციები პრაიდის ფესტივალის მონაწილეთათვის — ორგანიზატორთა განცხადება

თბილისის პრაიდის კვირეულის ორგანიზატორთა თქმით, დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

გარდა ზემოხსენებული ცნობისა, ორგანიზატორთა მიერ სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში მოცემულია უსაფრთხოების რეკომენდაციებიც, რომლებიც შეიმუშავეს 8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალის სტუმრებისთვის.

“თბილისი პრაიდის გუნდისთვის, რომელიც მიმდინარე კვირაში აორგანიზებს პრაიდის კვირეულს, უმთავრესი პრიორიტეტია კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება.

გუნდი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ იღებს სრულ პასუხისმგებლობას კვირეულის ფარგლებში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებაზე.

ასევე, ვიღებთ ყველა საჭირო ზომას უშუალოდ ღონისძიებების ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზატორთა თქმით, 8 ივლისს, პრაიდის ფესტივალის დღეს, ქალაქში შესაძლოა შეიქმნას დაძაბული ან პოტენციურად სახიფათო სიტუაციები, რის გამოც აქვეყნებენ უსაფრთხოების ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე მომზადებულ რეკომენდაციებს:

1. ფესტივალის დღეს, გთხოვთ, მოერიდოთ ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარე ტერიტორიებს, რომლებიც ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული შეკრების გამო მაღალი რისკის ზონად არის მონიშნული. ამ პროცესებთან დაკავშირებულ ინფორმაციას განვაახლებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმებზე.

2. გირჩევთ, შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარტო გადაადგილებას და იმგზავროთ ჯგუფურად. თუ არ იცნობთ ადამიანებს, ვინც თქვენთან ერთად დაესწრებიან ფესტივალს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. შესაძლებელია, ამ ნაწილში ფესტივალის სტუმრებს მიეცეთ დამატებითი რეკომენდაციები.

3. სამწუხაროდ, წარსული გამოცდილებიდან ვიცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები ხშირად ინდივიდებზე გარეგნობის ან თვალსაჩინო მახასიათებლების საფუძველზე ირჩევენ აგრესიის ობიექტს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ღია და ამაყ თვითგამოხატვას, შესაძლოა გონივრული იყოს ამ პოტენციური რისკის გათვალისწინება საჯარო სივრცეებში გადაადგილებისას.

4. დატენეთ მობილური მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ გაქვთ საშუალება, დაუკავშირდეთ სხვებს.

5. თუ ღონისძიებების მიღმა რაიმე საეჭვოს შეამჩნევთ, ან გარკვეულ ვითარებაში თავს დაუცველად ან არაკომფორტულად იგრძნობთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ თბილისი პრაიდის გუნდს. ფესტივალის ტერიტორიაზე კი, ღონისძიების პერსონალს ან/და დაცვას.

2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა. პრაიდის ფესტივალი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა.


თბილისში პრაიდის კვირეული 2019 წლიდან, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობისა და მუქარების ფონზე აღინიშნება.

2021 წლის ივლისში ძალადობრივი ჯგუფები, რომელთაც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩაშლა სურდათ, ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ დაარბიეს აქტივისტთა ოფისებიც.

რისკების ფონზე, 2022 წლის კვირეული, წლევანდელის მსგავსად, დახურული ღონისძიებებით აღინიშნა. შარშან ორგანიზატორებმა ყველა იმ ღონისძიების ჩატარება შეძლეს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ.

როგორ გაჩნდა პრაიდი? – შეტაკებიდან აღნიშვნამდე

ყველაფერი 1969 წლის ივნისში აშშ-ში დაიწყო, სადაც მაშინ ლგბტ ადამიანებს მრავალი უფლება ჯერ კიდევ მოსაპოვებელი ჰქონდათ. იმ დღეს ნიუ-იორკში, ქრისტოფერის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ გეი ბარ “სტოუნვოლში” პოლიცია მორიგი რეიდის ჩატარებას შეეცადა.

ბარი ალკოჰოლის ლიცენზიის გარეშე მუშაობდა, რადგან მაშინ ქალაქის თვითმმართველობა ამ დოკუმენტს არ გასცემდა დაწესებულებებზე, რომლებიც გეი საზოგადოებას ემსახურებოდნენ.

პოლიციამ ბარში მყოფთა დაკავება დაიწყო, შეკრებილთა ნაწილი კი გარეთ გაიყვანეს და ბორკილები დაადეს. History Channel-ის სტატიის თანახმად, ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა ერთ-ერთმა პოლიციელმა ბორკილებდადებულ ქალს თავში ჩაარტყა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა:  ხალხმა ძალოვნების მისამართით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყო. პროცესი მალე სრულმასშტაბიან შეტაკებად იქცა და პოლიციას თავად მოუწია თავდაცვის ზომების მიღება.

მომდევნო კვირის მანძილზე ბართან ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ლგბტ ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

პროცესებმა ნათელი გახადა, რომ ლგბტ აქტივიზმის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყებოდა, როცა განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებს უფრო ხმამაღლა და ღიად უნდა მოეთხოვათ თავიანთი უფლებების დაცვა.

შეტაკებებიდან 1 წლისთავზე, ნიუ-იორკსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში ათასობით ლგბტ ადამიანი და მათი მხარდამჭერი გამოვიდა. დემონსტრაციებმა ტრადიციის სახე მიიღო და მალე გავრცელდა ჯერ აშშ-ის, შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბოლოს კი ერთი სახელწოდების ქვეშ გაერთიანდა – Pride(ღირსება, სიამაყე).

1999 წლის 11 ივნისს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ივნისი ოფიციალურად გამოაცხადა პრაიდის თვედ.

დღეს პრაიდი ლგბტ კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ფორმით აღინიშნება. წლების მანძილზე, ლგბტ ადამიანების უფლებების ზრდასთან ერთად, ღონისძიებამ ბევრგან მიიღო ზეიმის სახე. თუმცა, არაერთ ქვეყანაში, ლგბტ ადამიანები კვლავ არიან იმ ფუნდამენტური უფლებების მოლოდინში, რომლებიც რიგ სახელმწიფოებში წლების წინ განმტკიცდა კანონის ძალით.

მასალების გადაბეჭდვის წესი