ახალი ამბები

ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია — თბილისი პრაიდი

30 მარტი, 2024 • 1092
ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია — თბილისი პრაიდი

ლგბტქი+ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისი პრაიდი“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ჰომოფობიური საკანონმდებლო ინიციატივა, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვაზე“, ქვეყანაში არსებული რეალური პრობლემების გადაფარვის მცდელობაა.

„ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ ვიხილეთ ლგბტქი საკითხებით მანიპულირების სრულიად უღირსი მცდელობები, რომლებმაც მრავალი ჩვენგანის სხეულებზე გადაიარა, ქვეყნიდან განდევნა თემის უამრავი წევრი, ხოლო ქვეყანაში დარჩენილები სიღარიბისთვის, ძალადობისთვის, ღირსების შემლახველი მოპყრობისა და სიცოცხლის მოსპობისთვის გაწირა. სწორედ ამ ტენდენციის ნაწილია მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი რიტორიკაც.

ამგვარი არაჰუმანური სტრატეგიების მიზნებიც ცხადია: ხელისუფლებამ გადაფაროს ის რეალური პრობლემები, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის, მათ შორის, ქვიარ თემისთვის, საერთოა – სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია, ბავშვთა შიმშილი, კორუფცია, გაჩანაგებული და სტიქიების ეპიცენტრად ქცეული გარემო, კლანური სასამართლო, რუსული გავლენები, დაბრკოლებები ევროინტეგრაციის გზაზე და სხვა,“ — აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

ორგანიზაციის შეფასებით, „ახლა, როდესაც სახელისუფლებო პარტიას ქართველი ხალხისთვის რეალური პრობლემების გადაჭრის გზების შეთავაზება არ შეუძლია, მან წინასაარჩევნო კამპანიის ღერძად სიძულვილი აირჩია, რადგან მისი ერთადერთი შანსი საზოგადოების გახლეჩასა და კონკრეტული ჩაგრული ჯგუფების დემონიზებაზე გადის – ღირებულებებისგან დაცლილი პოლიტიკოსები სკამებს ებღაუჭებიან, რეალური ადამიანების გაწირვის ფასად.“

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, ამ პროცესში კი ზიანდება არამხოლოდ ქვიარ თემი, არამედ მთელი საზოგადოება, რომლის მნიშვნელოვან ნაწილსაც სიძულვილით ნაკვები პოლიტიკის პირობებში ემიგრაციის გარდა თვითგადარჩენის სხვა გზა აღარც რჩება.

„ვხედავთ თემის წევრებსა და ფართო საზოგადოებაში გაზრდილ სტრესს, წუხილსა და შფოთვას. გვსურს გითხრათ, რომ ამ გრძელვადიან ბრძოლაში თქვენს სამსახურში ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და თანასწორობის მიღწევისთვის მუხლჩაუხრელ შრომას. ქვიარ ადამიანების სათქმელს, მათ გამოწვევებსა და გამოცდილებებს მივიტანთ რაც შეიძლება მეტი ადამიანის გულებამდე. მოვიკრებთ მოკავშირეებს და ავაშენებთ სოლიდარობის ხიდებს სხვა უმცირესობებთან და დაუცველ ჯგუფებთან.

იმისთვის, რომ თემი დავიცვათ პოლიტიკური ჰომოფობიისგან და გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა, თქვენი დახმარება გვჭირდება. გთავაზობთ მონაწილეობა მიიღოთ ჩვენს სათემო შეხვედრებში, დისკუსიებში და თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების მიხედვით ჩაერთოთ პროცესებში.

რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია!“ — აცხადებს „თბილისი პრაიდი“.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი