პატიმარ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატი, პაატა გოგიაშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები რამდენიმე პირმა მიაყენა, მათ შორის ვატო ყიფიანმა და „კაწრომ“.

ადვოკატის განცხადებითვე, დღეს როცა ციხეში დავით ფეიქრიშვილის მოსანახულებლად შევიდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ფიზიკური დაზიანებები მიიყენა.

„ვადასტურებ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა. აღენიშნება ფიზიკური დაზიანებების კვალი, ეს ფიზიკური დაზიანებები მას მიადგა 16 ოქტომბრის შემდეგ. მისი განმარტებით და მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ბილანიშვილმა, შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. აღნიშნული პიროვნებები 16 ოქტომბერს შეუსახლეს მას საკანში, ამის მერე მოხდა, რაც მოხდა. 16 ოქტომბრის შემდეგ მასზე ხორციელდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედებები, მიდის მასზე ფიზიკური ზეწოლები. […] ისეთ უკიდურეს მდგომარეობაშია, რომ მიიყენა ფიზიკური დაზიანებები“, – თქვა ადვოკატმა „ფორმულასთან“.

ადვოკატი ასევე აცხადებს, რომ პატიმრები, რომლებიც ფეიქრიშვილის საკანში არიან შესახლებულები, სარგებლობენ მობილური ტელეფონით და „პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან“.

„მთელ პასუხისმგებლობას ორივე ძმის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვაკისრებ პენიტენციურ დაწესებულებას, პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, პატარიძეს, მე-8 საპყრობილის დირექტორს, მის მოადგილეებს, უსაფრთხოების უფროსს და რეჟიმის უფროსს“, – თქვა ადვოკატმა.

მან პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდა.

ადვოკატი ამბობს, რომ მისთვის უცნობია, რა არის დაპირისპირების მიზეზი, მაგრამ „აღნიშნული სამი პიროვნება“ იმის გამოა დაჭერილი, რომ ძმები ფეიქრიშვილებისგან მიიღონ კონკრეტული ინფორმაცია და სთხოვენ მობილურის კოდს.

„გოგა [გიორგი] ფეიქრიშვილსაც მიყენებული აქვს თვითდაზიანება, გუშინ მიიყენა – ვენები აქვს გადაჭრილი, რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“, – თქვა ადვოკატმა.

პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. ძალადობაზე ცნობები პენიტენციურმა უარყო.

ტყუპი ძმები, დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, რომელთა სახელსაც არაერთი კრიმინალური გარჩევა უკავშირდება, 22 სექტემბერს, თავდაპირველად ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პატიმრობაში მყოფი ძმები  ფეიქრიშვილების წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა, რომლის მიხედვითაც მათ 10 მლნ-ის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.

რაც შეეხება ვატო ყიფიანსა და ავთო ბილანიშვილს [კაწრო], რომლებიც ასევე “ავტორიტეტებად” მოიხსენიებენ კრიმინალურ სამყაროში, გასულ კვირას დააკავეს რესტორანში მომხდარ ჩხუბის საქმეზე.

ადვოკატის მონათხრობიდან გამოდის, რომ ბილანიშვილი და ყიფიანი სხვებთან ერთად ზუსტად იმ საკანში შეასახლეს, სადაც დავით ფეიქრიშვილი იმყოფებოდა.

ყველა ეს პატიმარი ამჟამად გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფება.