დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრ იგნასიო კასისის მიერ საქართველოს მონახულებისა და საოკუპაციო ხაზთან ვიზიტს.

კასისი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში 16 ოქტომბერს იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისში ჩასული დასავლელი პოლიტიკოსებისთვის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი „კეთილ ტრადიციად“ იქცა, რათა კიდევ ერთხელ გააკრიტიკონ რუსეთი და [დე ფაქტო – რედ.] სამხრეთ ოსეთი და საქართველო „უდანაშაულო მსხვერპლად“ წარმოაჩინონ.

„მსგავსი რიტუალური ექსკურსიები, რომლებიც უფრო პოლიტიკურ ტურიზმს ჰგავს, ჩვენში ღრმა გაუგებრობას იწვევს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დე ფაქტო სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ვიზიტები ეჭვქვეშ აყენებს ეუთოს, როგორც შუამავლის, ობიექტურობას და შვეიცარიის, როგორც ნეიტრალური ქვეყნის, როლს.

უწყების განცხადებით, რეალური სტაბილიზაციის ხელშეწყობის ნაცვლად, ასეთი ვიზიტები თბილისის „დესტრუქციულ ხაზს“ აძლიერებს. მათივე მტკიცებით, ქართული მხარე ჰუმანიტარულ საკითხების პოლიტიზებას ახდენს და არსებულ რეალობას უგულებელყოფს.

დე ფაქტო უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის ხაზი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარია. მათი მტკიცებით, ეს ხაზი „საქართველოს აგრესიის პირდაპირი შედეგია“, ხოლო საზღვრის მოწყობა მათი შიდა პროცესია, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას ემსახურება.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეუთოს, შვეიცარიის მოქმედ თავმჯდომარეობასა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს ობიექტურობისა და ნეიტრალიტეტის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხების განხილვის ერთადერთ ეფექტიან ფორმატად ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები მიაჩნიათ. მათი თქმით, პრობლემური საკითხები, მათ შორის საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა განიხილებოდეს და არა „მიკერძოებული ვიზიტების“ დროს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა ამის წინაპირობად „რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის უპირობო პატივისცემასა და მისი ინტერესების გათვალისწინებას“ ასახელებს.