ახალი ამბები

დეგნანი პრაიდის ჩაშლისას პოლიციის უმოქმედობას აკრიტიკებს

13 ივლისი, 2023 • 785
დეგნანი პრაიდის ჩაშლისას პოლიციის უმოქმედობას აკრიტიკებს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი 8 ივლისს პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება.

დეგნანის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა ჯერ კიდევ პრაიდის წინა დღეს დაარწმუნეს ორგანიზატორები უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თუმცა ეს პირობა არ შესრულდა.

„ძალიან სამწუხარო იყო სიძულვილით აღსავსე ადამიანების ხილვა, რომლებიც მიმართავდნენ ძალადობას მშვიდობიანი, კერძო კონცერტის ჩასაშლელად. განსაკუთრებით, როდესაც ისინი ღმერთის სახელით მოქმედებას იჩემებენ. ადამიანები შეიძლება ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდნენ, მაგრამ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქრისტიანული ფასეულობები პირველ რიგში არის თანაგრძნობის, სიყვარულის, ტოლერანტობისა და პატივისცემის შესახებ; იმის შესახებ, რომ ყველა ადამიანი შექმნილია ღმერთის სახედ“, — განაცხადა კელი დეგნანმა.

მისი თქმით, გასულ წელს პრაიდის ღონისძიებაზე გამოჩნდა, რომ პოლიციამ იცის, როგორ დაიცვას მოქალაქეები და გააკონტროლოს მომიტინგეები.

„გასული შაბათის მოვლენების წინა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა დამარწმუნეს, რომ პროტესტის მონაწილეები ვერ შეძლებდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და მათსა და [პრაიდის] ღონისძიების მონაწილეებს შორის უსაფრთხო დისტანცია იქნებოდა. არცერთი ეს არ მოხდა. ფაქტობრივად, უმართავ ბრბოს საშუალება მიეცა, რამდენიმე კილომეტრი გაევლოთ თბილისის ქუჩებში და ძალადობისკენ მოეწოდებინათ. მათ ნება დართეს არათუ მიეღწიათ პოლიციის პერიმეტრამდე, არამედ შესულიყვნენ შიგნით, ჩაედინათ ვანდალიზმი, ძარცვა და გაენადგურებინათ საკუთრება პოლიციისგან პასუხის გარეშე“, – განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, თავდასხმების სერია, როგორც ჩანს, კოორდინირებულია.

„შაბათს ჩვენ ვნახეთ იგივე ექსტრემისტები, რომლებმაც ძალადობის ორგანიზება გააკეთეს 2021 წელს. ისინი ჩანან ფეისბუქზე, ვიდეოკადრებში, როგორ მოუწოდებენ ძალადობისკენ, დაღვრიან სისხლს და ამაყობენ ძალადობით. ვფიქრობ, ყველა გაცილებით უსაფრთხოდ იგრძნობს თავს თბილისში, როდესაც ვიდეოზე ასახული ადამიანები დაპატიმრებული და გასამართლებული იქნებიან“, — განაცხადა დეგნანმა.

პრაიდის ფესტივალის ჩაშლა

8 ივლისს დაგეგმილი პრაიდის ფესტივალი, რომელიც დახურულ სივრცეში, თბილისთან ახლოს, “ლისი ვონდერლენდის” ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი, მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ, ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიამდე მისვლის შესაძლებლობა მისცეს. ამის გამო ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს ევაკუაცია დასჭირდათ. მათ ტერიტორია მიკროავტობუსებით დაატოვებინეს.

პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე შეჭრისა და ინვენტარის განადგურების შემდეგ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ღონისძიებისთვის გამზადებული ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები მოიპარეს და დალიეს, შემდეგ კი ილოცეს. იქვე იყო პოლიცია, რომელსაც სათანადო რეაგირება არ ჰქონია.

პრაიდის ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც ტერიტორიიდან საევაკუაციო მიკროავტობუსებით გაიყვანეს, მიიჩნევენ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და „ალტ-ინფოს” ერთობლივი ოპერაცია.

როგორც ორგანიზატორებმა მანამდე თქვეს, დახურული ღონისძიების მიზეზი ის იყო, რომ 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდი“ მარშს გეგმავდა, პოლიციამ ვერ უზრუნველყო აქტივისტების და ჟურნალისტების უსაფრთხოება, რის შედეგადაც მოძალადეები მედიის ათეულობით წარმომადგენელს დაესხნენ თავს. ძალადობრივი შეკრების ერთ-ერთი ორგანიზატორი მაშინაც „ალტ-ინფო“ იყო.

წელს ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ შსს-სგან დახურული ღონისძიების დაცვის გარანტიები ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი