საზოგადოება

“არ მინდოდა, ვინმეს ოდესმე დავეშანტაჟებინე” – მიკოს ქამინგ აუთისა და აქტივიზმის ისტორია

23 თებერვალი, 2024 • 4662
“არ მინდოდა, ვინმეს ოდესმე დავეშანტაჟებინე” – მიკოს ქამინგ აუთისა და აქტივიზმის ისტორია

“მგონია, რომ ყველაზე ძლიერი აქტივისტი მაშინ ხარ, როცა მთელი ოჯახი შენ გვერდითაა. თუ მთელი ოჯახი არ არის შენ გვერდით, მივხვდი, რომ მაშინ უნდა შექმნა ოჯახი, რომელიც შენ გვერდით იქნება”, – გვითხრა მიკომ, როცა ქვიარ აქტივიზმსა და ლგბტქ+ ადამიანებისთვის ოჯახის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ვკითხეთ.

წლებია იგი საკუთარი და სხვა ქვიარ ადამიანების უფლებებისთვის იბრძვის და ამბობს, რომ ეს ბრძოლა ზოგჯერ არსებობისთვის ბრძოლამდეც შეიძლება დავიდეს.

მიკო ერთ-ერთი ავტორია “ამაყი ოჯახების” პროექტისა, რომელიც ქვიარ ადამიანების ოჯახების წევრების  მხარდაჭერას გულისხმობს, რათა შემდეგ საკუთარი შვილების, დების, ძმების, ბიძაშვილებისა თუ ოჯახის სხვა წევრების მხარდამჭერები გახდნენ. ეს მხარდაჭერა ლგბტქ+ თემის წევრებისთვის ზოგჯერ სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ის გვიყვება საკუთარ ოჯახზეც – მათზე, ვინც ჰყავდა, ვინც ქამინგ აუთის შემდეგ დარჩა და ცოტას იმაზეც, რომელიც თავად უნდა შექმნას მომავალში. 

ვინ არის მიკო?

მე ვარ მიკო შახდინარიანი, 28 წლის, ეთნიკური სომეხი – ეს ჩემი იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. დავიბადე თეთრიწყაროში. შემდეგ ჩემი ოჯახი გადმოვიდა თბილისში. 

უნივერსიტეტის პერიოდში აქტიურად დავიწყე საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, აქტივიზმი. სხვადასხვა სოციალური საკითხები მაინტერესებდა. თუმცა მათ შორის, რაშიც ყველაზე აქტიურად ვიყავი ჩართული, იყო ქვიარ აქტივიზმი, რადგან მეც ვიდენტიფიცირდები, როგორც ქვიარ ადამიანი.

2019 წელს თანამებრძოლებთან ერთად დავაარსე “თბილისი პრაიდი”. შემდეგ ძალიან ბევრი ბრძოლის გამოვლა მოგვიწია, რომ ცოცხლები გადავრჩენილიყავით და  ქვიარ თემატიკა საზოგადოების დღის წესრიგში დაგვეყენებინა.

ბოლო პერიოდში დროებით დავთმე აქტივიზმის სცენა. მენტალური ჯანმრთელობაც აღარ მიწყობდა ხელს, უკვე დაღლილი ვიყავი. თან, მინდოდა, რომ პირადი ცხოვრებისთვის მიმეხედა. აქტივიზმის პარალელურად ბევრი რამისთვის აღარ მრჩებოდა დრო. მათ შორის, ოჯახისთვის.

ქამინგ აუთი

ქამინგ აუთზე ფიქრი 18-19 წლის ასაკში დავიწყე. ამის მოტივი იყო ის, რომ არ მინდოდა ვიღაცას ოდესმე დავეშანტაჟებინე: როცა პირველად დავრეგისტრირდი გრაინდერზე – ვინც არ იცის, ეს არის აპლიკაცია, სადაც კაცები კაცებს ხვდებიან – იქ იყო ეს შანტაჟის მომენტი, რომ მე გიცნობ, ვიცი შენზე და თუ არ შემხვდები, შენს მეგობარს ვეტყვი, რომ გეი ხარ. არავის მივცემ უფლებას, ასე ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში და ამ თემით იმანიპულიროს. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ თუ საჯაროდ ვიტყვი, ვერავინ ვეღარ დამაშანტაჟებს.

თუ ამის გამო ვიღაცა ჩემზე უარს იტყვის, ეს მისი დანაკარგია, ჩემი დანაკარგი არ არის. იმიტომ, რომ ჰომოსექსუალობა არის ჩემი პიროვნების 10%, ალბათ. რა წიგნი გიყვარს, პოლიტიკურად რა კუთხით აზროვნებ, ფილოსოფიურად რა აზრები გაქვს, რას ჭამ, პროფესია, ეროვნება, რელიგია … ძაან ბევრი რაღაც არსებობს, რაც შეიძლება ადამიანის პიროვნებას ქმნიდეს. ჰომოსექსუალობა არის პიროვნების ერთი პატარა ნაწილი. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, თუ ამბობ, რომ გეი ხარ, ან ტრანსგენდერი ხარ, ამ იდენტობების მიღმა უკვე პიროვნებას ვეღარ ხედავენ. აღარავინ ინტერესდება, რა ნაწარმოები წაიკითხე, ამ ნაწარმოებზე რას ფიქრობ, ან რა ფილმები გიყვარს, ან პოლიტიკურად სად პოზიციონირებ.

19 წლისა წავედი საზღვარგარეთ ერთი წლით. მოხალისედ ვმუშაობდი. იქ ყველამ იცოდა, რომ არ ვარ ჰეტეროსექსუალი და ეს იმდენად ნორმალური იყო ყველასთვის, რომ ერთი წლის მანძილზე არ მიგრძვნია არც ერთი უცნაური მზერა. ჩემი აზრი იყო ვალიდური, რასაც ვფიქრობდი, იყო მნიშვნელოვანი. 

საქართველოში რომ დავბრუნდი, უკვე ვფიქრობდი ქამინგ აუთზე. ეს იყო 2016 წელი. თუმცა მალე მივხვდი, რომ ჩემი ოჯახი საერთოდ არ იყო მზად ამისთვის –  დედაჩემმა მკითხა, ცოლის მოყვანას როდის ვაპირებდი. როცა საღამოობით ოჯახში ახალი ამბები იყო ჩართული და ეს [ლგბტქ+]  თემა ბუნებრივად წამოიწეოდა სასაუბროდ, ღირებულებებზე ვკამათობდით.

არც მე ვიყავი მზად ქამინგ აუთისთვის, რადგან არანაირი რესურსი არ მქონდა –  ცალკე საცხოვრებელი, ქირის ფული, სამსახური … ქამინგ აუთი რომ გამეკეთებინა, სახლიდან წასვლა მომიწევდა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ თუ ვიცი, რომ იმ სახლში, სადაც ვცხოვრობ, არცერთი ადამიანი არ ეთანხმება ჩემს ბუნებას, მე ვინც ვარ – იმ სახლში ვერც დავრჩები. მოსმენილიც მქონდა, რომ სხვა ქვიარ ადამიანებს მოუწიათ ყველა ხიდის ჩამოშლა ოჯახთან და ვფიქრობდი, რომ შეიძლება ეს ჩემს ოჯახთანაც მომხდარიყო.

საბოლოოდ, ქამიგ აუთი გავაკეთე 2019 წელს. მაშინ პრაიდის ჩატარების მცდელობა გვქონდა პირველად. კანცელარიასთან შევიკრიბეთ თხუთმეტიოდე აქტივისტი. 360 გრადუსით გვერტყა პოლიციის … კორდონიც არ ერქვა იმას – კედელი. საპირისპირო მხარეს იყვნენ მამაოები და 16-17 წლის ძალიან აგრესიული ახალგაზრდები, რომლებიც ბოთლებს და კვერცხებს გვესროდნენ. ერთ მომენტში ერთ-ერთმა სასულიერო პირმა კიბეების ზემოდან ქვემოთ დაგვიყვირა, რომ თქვენ არ ხართ ქართველები, თქვენ აქ არ უნდა ცხოვრობდეთ, წადით ამ ქვეყნიდან და ა.შ.

ეს მე ორმაგად მეტკინა, იმიტომ, რომ რადგან სომხური გვარი მაქვს, ბავშვობიდან ამ ბრძოლის გავლაც მომიწია. ბრძოლა იმის დასამტკიცებლად, რომ მიუხედავად ჩემი სომხური გვარისა, ვარ საქართველოს მოქალაქე, აქ დავიბადე, ჩემი მშობლებიც აქ დაიბადნენ, ვიცი ქართული ენა და შემიძლია ქართულად საუბარი, რომ ჩემი აზრიც მნიშვნელოვანია – შემიძლია ქართული კულტურა გავაკრიტიკო, ქართული საზოგადოება გავაკრიტიკო. შესაბამისად, ორმაგად მტკივნეული იყო, როცა სასულიერო პირმა დამიძახა, რომ მე ქართველი არ ვარ, რადგან ქვიარი ვარ.

ძალიან გავბრაზდი და ვუყვირე, შენ საერთოდ ქართველობაზე როგორ საუბრობ, ხარ შარლატანი, ყოველდღიურად ატყუებ ადამიანებს, ფულს შოულობ ადამიანების რწმენით-მეთქი. ეს ჩემი განწირული ყვირილი, ალბათ, ყველა ტელეკომპანიამ გადაიღო.

აი, ეს მომენტი ნახეს ჩემმა ახლობლებმა. ბიცოლაჩემმა დაურეკა დედაჩემს, შეარცხვინა – შენი ვაჟი ჩვენს გვარს არცხვენსო, რა ადამიანებთან ერთად დგას, საერთოდ რას აკეთებსო. საღამოს რომ მივედი სახლში, დედაჩემმა ძალიან ნერვიულად, თვალცრემლიანმა მითხრა, შვილო, რა გააკეთეო. ოღონდ, თვითონ ნანახი არ ჰქონდა.

მე შოკი მაქვს, იმიტომ, რომ მთელი დღეა სწორი ღირებულებებისთვის ვიბრძვი და ვფიქრობ, რომ პირიქით, მენტალურად და მორალურად მაღლა ვდგავარ ამ ბრძოლაში. დედაჩემს გაკვირვებული ვუყურებ – რა გავაკეთე, დედა, რაზე მელაპარაკები-მეთქი. მერე მივხვდი, რაც ხდებოდა. მაგ ეტაპზე არ გამიკეთებია ქამინგ აუთი. ვუთხარი, დედა, ვმეგობრობ ასეთ ადამიანებთან და მეგობრებისთვის ვიბრძვი-მეთქი. ვუხსნიდი, ნორმალურები არიან და არაფერი გადახრა არ არის-მეთქი; აუცილებელია, ვიბრძოდეთ თავისუფლებისთვის და უფლებისთვის, გვიყვარდეს ის, ვინც გვინდა-მეთქი.

ეს გრძელდებოდა, ალბათ, 1-2 თვე. შემდეგ დედაჩემი წავიყვანე ნინო ბოლქვაძის გაკეთებულ თეატრალურ წარმოდგენაზე – “კავკასიური მეტამორფოზა”. კაფკას მეტამორფოზა იყო შეცვლილი და ქვიარ თემატიკაზე მორგებული: ადამიანი ერთ დღეს ეუბნება ოჯახს, რომ არის ქვიარი და მისი ოჯახი უარს ამბობს მასზე – არა იმიტომ, რომ ხოჭოდ გადაიქცა, მაგრამ გადაიქცა ქვიარად. ამ თეატრალური წარმოდგენის ბოლოში ეს ქვიარ ადამიანი თავს იკლავს, რადგან ოჯახი არ იღებს მას და გაუსაძლისია მისთვის ასე არსებობა. 

მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონია სუიციდური ეპიზოდები არც თინეიჯერობისას და არც შემდეგ, მინდოდა, დედაჩემისთვის ეს პერსპექტივა მეჩვენებინა: სხვა ადამიანმა შეიძლება თავიც კი მოიკლას, თუ ოჯახი მას არ იღებს.

ძალიან კარგად ვიცოდი, რომ ეს დედაჩემისთვის ადვილი სანახავი არ იქნებოდა. ტიროდა, ვერ ხვდებოდა ბევრ რაღაცას. მაგრამ ნელ-ნელა, ძალიან ბევრი საუბრის შემდეგ, ყველაფერი დალაგდა ასე თუ ისე.

ძალიან ხშირად აქტივისტები მორალის პოზიციიდან საუბრობენ იმაზე, რომ თუ გეი ადამიანი ხარ, ან ლესბოსელი ხარ, ან ტრანსგენდერი ხარ და სარგებლობ იმ სივრცეებით, სადაც ჩვენ ვართ – ეს იქნება ბარი, კლუბი, ვთქვათ, აკადემიური წრეები, სადაც შეიძლება ამაზე საუბარი და არავინ ფიზიკურად არ გაგისწორდება, მაშინ შენც ღიად უნდა საუბრობდე, რომ ქვიარ ადამიანი ხარ.

ქამინგ აუთი გარკვეულწილად არის პრივილეგიაც – ე.ი. ავწონ-დავწონე …  შეიძლება ვერც ავწონ-დავწონე ბოლომდე, მაგრამ მე გავაკეთე ეს არჩევანი, არავის დაუძალებია და მნიშვნელოვანია, რომ ეს გავიგოთ. ადამიანს თუ არ აურჩევია ქამინგ აუთი და სხვა აქამინგაუთებს, მესამე პირი ამბობს, რომ ვიღაცა გეია, ვიღაცა ქვიარია, ვფიქრობ, ესეც ამორალურია. არ უნდა გავაკეთოთ ეს, იმიტომ, რომ პირად ცხოვრებას ეხება. 

ზოგადად, ქამინგ აუთი ბევრი კუთხით არის აქტივიზმი. როცა ამბობ, რომ ქვიარი ხარ, უკვე გიწევს რაღაც სივრცეებში – პატარებში თუ დიდებში – აქტივისტობა. 

მგონია, რომ ყველაზე ძლიერი აქტივისტი მაშინ ხარ, როცა მთელი ოჯახი შენ გვერდითაა. თუ მთელი ოჯახი არ არის შენ გვერდით, მივხვდი, რომ მაშინ უნდა შექმნა ოჯახი, რომელიც შენ გვერდით იქნება. ალბათ, ახლა მაგ ეტაპზე ვარ და მაგაზე ვფიქრობ. 

ჩემი ოჯახი

ჩემი და, რომელიც ჩემზე 8 წლით უფროსია, პირველი ადამიანი იყო ოჯახში, ვისაც ვუთხარი. დაახლოებით ერთ წლით ადრე, ვიდრე ოჯახის დანარჩენი წევრები გაიგებდნენ. დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვეულებრივად მიიღებდა და ასეც მოხდა.

დედაჩემზე უკვე მოგიყევით – ორი თვე ველაპარაკებოდი, ვუხსნიდი, რომ ეს მისი ბრალი არ არის; რომ ეს არავის ბრალი არ არის; რომ ეს აღზრდას არ უკავშირდება; რომ მე არაფერი არ მინახავს, არავის არ წავუყვანივარ არსად. ძალიან ბევრი ფენა გაურკვევლობა იყო და ბევრი არასწორი ინფორმაცია დედაჩემის ტვინში ჰომოსექსუალობაზე. მეუბნებოდა, ბავშვობაში რომ არ დაგაძალეთ ფეხბურთის თამაში, ან კარატეზე არ შეგიყვანეთ, ამან გამოიწვიაო; ვისთან მეგობრობდი, ჩვენ არ ვიცოდითო; მერე აბრალებდნენ იმას, რომ ვიღაცამ გამაწევრიანა რაღაც ორგანიზაციაში და მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აი, ორგანიზაციის წევრი ვარ და ახლა გეი უნდა გავხდე. მოკლედ, ძალიან ბევრი გაუგებრობა იყო.

ყველაზე მეტად მეამაყება ერთი ეპიზოდი: ადრე, ჩვენთან, ოჯახში, სუფრაზე რაღაც ნეგატიურ ჭრილში იყო საუბარი ერთნაირსქესიანთა კავშირებზე და ქვიარ ადამიანებზე და დედაჩემმა ყველას მოაკეტინა –  თქვა, რომ ამაზე საუბარი არ არის საჭიროო.

ერთხელ, მამაჩემმა, სარკასტულად, მაგრამ იუმორით დალია ყველა ჰომოსაპიენსის სადღეგრძელო – ყველა ადამიანს გაუმარჯოსო, ხაზი გაუსვა. მე მგონი, რაღაც კუთხით მიღება იყო, რაღაც კუთხით- მიჩვევა. იყო კამათი და გულდაწყვეტაც, რომ არ მოელოდნენ.

ჩემს ოჯახში ჩემი ძმა აღმოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელსაც სრული მიუღებლობა აქვს ჩემი, როგორც არაჰეტეროსექსუალის.

ზოგიერთ ბიძაშვილთან მომიწია საერთოდ კონტაქტის გაწყვეტა, რადგან დაიწყეს რჩევების მოცემა, რომ ნაცნობი მამაო ჰყავთ და წავიდე და ა.შ. ძალიან უხეშად ერეოდნენ ჩემს ცხოვრებაში და ცდილობდნენ დედაჩემის და მამაჩემის მეშვეობით ჩემზე გავლენის მოპოვებას  და მანიპულაციას.

კიდევ ერთი, რაც არ ესმით – ბოლო სამი წელია მე მყავს ქალი შეყვარებული. ესეც უცნაურია მათთვის, ვერ ხვდებიან, მიყვარს და იმიტომ ვარ, თუ იმიტომ, რომ უბრალოდ აღარ შემაწუხონ და აღარ მკითხონ ამაზე. ამის ახსნა ძალიან რთულია ბევრისთვის. მათ შორის, ქვიარ წრეებში – ადრე მომიწია დამტკიცება, რომ ქვიარი ვარ და ახლა მიწევს დამტკიცება, რომ ისევ ქვიარი ვარ. 

ძალიან ბევრი ვარიაციაა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, იმის მიხედვით, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს, ვისთან უნდათ ცხოვრება დააკავშირონ, ან სექსი ჰქონდეთ. ამიტომ, თუ ამ თემას ვეხებით, მაშინ ძალიან ბევრი უნდა ვისაუბროთ. თუ ზედაპირულად ვეხებით, მერე აქვთ ის სტერეოტიპები, რომ აი, შენ პიდარასტი ხარ და მორჩა. იმის იქით შენ ადამიანი არ ხარ. 

ამაყი ოჯახები

ადამიანი რომ იზრდება, ოჯახი არის პირველი ნიადაგი მისთვის, ისევე როგორც მცენარისთვის, რომელიც იზრდება, ფესვს იდგამს და ხარობს. უნდა იყოს, ყოველ შემთხვევაში. მგონია, რომ მშობლების სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია ქვიარ ადამიანების ბრძოლისთვის. “თბილისი პრაიდში” ორი წლის განმავლობაში ვიყავი “ამაყი ოჯახების” პროექტის კოორდინატორი. ვმუშაობდით ქვიარ ადამიანების ოჯახებთან, ვაძლიერებდით, ქამინგ აუთში ვეხმარებოდით შვილებს და ა.შ.

ერთი ნაბიჯი იყო, რომ გვეპოვა ისეთი ქვიარ ადამიანები, რომლებიც არ მალავენ ოჯახთან საკუთარ იდენტობას, მეორე იყო ამ მშობლების მოყვანა ჩვენამდე. ორი სრულიად სხვადასხვა ამოცანა იყო. ჩემი აზრით, გარკვეულწილად გავუმკლავდით ამ ამოცანებს. ზოგიერთმა ადამიანმა ქამინგ აუთი გააკეთა პროექტის მეშვეობით. მაგალითად, ჩემმა მეგობარმა დედამისი მოიყვანა პროექტზე და გასვლითი ღონისძიება როცა გვქონდა, იქ უთხრა, რომ ის არ იყო ჰეტეროსექსუალი. იტირეს, იცინეს, ბევრი ილაპარაკეს.

გვქონდა შემთხვევა, როცა დედას შვილი მიღებული არ ჰყავდა, მაგრამ ტრენინგზე მოსვლას დათანხმდა. ტრენინგის შემდეგ ბოლომდე მაინც ვერ მიიღო. ასეც ხდება – როცა მზად ხარ, სადღაც წამოხვიდე, ვიღაცას მოუსმინო, მაგრამ შენი პრინციპები მაინც იგივე რჩება. 

დედების უმრავლესობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას ქამინგ აუთის კუთხით წარმოადგენს უსაფრთხოება – საკუთარი შვილების უსაფრთხოება. იმაზე კი არ ნერვიულობდნენ, რომ შვილი ბიჭია და ბიჭი უყვარს, იმაზე უფრო ბევრს ნერვიულობდნენ, რა მომავალი ელის  ამ საზოგადოებაში, რომ ძალადობის მსხვერპლი არ გახდნენ. ეს იყო მათ ნერვიულობის მთავარი საგანი.

დედების გარდა, პროექტში ჩართული გვყავდა ქვიარების ნათესავები – ბიძაშვილები, ძმები, დები. იმიტომ, რომ არის შემთხვევები, როცა მთელმა ოჯახმა არ იცის, მაგრამ, იცის და მიღებული ჰყავს, როგორც ქვიარი, თუნდაც ოჯახის ერთ წევრს. 

სამწუხაროდ, მამები ვერ ჩავრთეთ პროექტში. იმედი მაქვს, შემდეგ ნაკადებში იქნებიან. მივხვდი, რომ მათ სრულიად სხვანაირად უნდა მიუდგე. წარმოიდგინე, ქართველი კაცი, მამა, 40-50 წლის, თავისი ბრძოლები რომ გამოუვლია უკვე, საკუთარი ოჯახისთვის, მათ შორის, თუნდაც ჰეტეროოჯახისთვის, ახლა უნდა აუხსნა, რომ შენი ქვიარ შვილისთვის უნდა დაიწყო ბრძოლა საზოგადოებაში. ოდესმე მე თუ გავხდები მამა, შეიძლება მე მქონდეს ეგ რესურსი, რომ სხვა მამებს ავუხსნა ყველაფერი. თუმცა ჯერ შორს ვართ ამ ყველაფრისგან.

სხვათა შორის, ქვიარ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის დროზე არ მიიღეს საკუთარმა ოჯახებმა, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ მშობლებთან შეხვედრა, რომლებსაც მიღებული ჰყავთ საკუთარი შვილები. მე მყავს ნაცნობები, რომლებსაც 14-15 წლის ასაკში მოუწიათ ოჯახიდან წამოსვლა იმიტომ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყვნენ ან ამის საფრთხის ქვეშ. მათთვის სხვა ქვიარ ადამიანის მშობლებთან შეხვედრა ძალიან ბევრ პოზიტიურ ემოციებს უკავშირდება. იმიტომ, რომ ის დედობრივი სიყვარული, რაც ვერ მიიღეს საკუთარი დედისგან, შეიძლება მიიღოს სხვა ადამიანის დედისგან. შეიძლება აღარ ხარ 14 წლის, უკვე ზრდასრული ხარ, თუმცა გინდა საუბარი იმაზე, რა სითბო დაგაკლდა ბავშვობაში, რა მოლოდინი გქონდა, რომ დედა მიგიღებდა, მხარს დაგიჭერდა და ეს ასე არ მოხდა. უბრალოდ საუბარი სხვა ქვიარ ადამიანის მშობლებთან ძალიან ბევრს ნიშნავს.

ქვიარები საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში

უნდათ თუ არა, პოლიტიკოსებს უკვე უწევთ ქვიარებზე საუბარი. შეიძლება, ხშირად ნეგატიურ ჭრილში საუბრობენ, განსაკუთრებით, მთავრობის წარმომადგენლები, მაგრამ მაინც. ეს ძალიან კარგია იმიტომ, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, პოლიტიკოსები რას ფიქრობენ ადამიანის უფლებებზე. მე, როგორც ქვიარ ადამიანმა, უნდა ვიცოდე, ვის მივცე ხმა არჩევნებში და თუ არ არის ისეთი კანდიდატი, ვისაც ხმას მივცემ, მერე, ალბათ, ბოროტსა და ნაკლებად ბოროტს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. თუმცა ეს არჩევანიც მნიშვნელოვანია, როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ. 

ზოგადად, პოლიტიკოსები ზედაპირულად განიხილავენ ქვიარ თემატიკას, რაც ძალიან საშიშია. საშიშია, როცა ადამიანის მთელ ყოფას და იდენტობას დავიყვანთ ერთ იდენტობამდე, რომ, აი, გეია და გარყვნილია და მორჩა. პოლიტიკოსები ამას აკეთებენ, როცა არ აქვთ ინტელექტუალური რესურსი რეალურ პრობლემებზე ისაუბრონ. მაგალითად, სიღარიბეზე.

მგონია, რომ ადამიანები მომავალზე არ ფიქრობენ, თორემ ძალიან ადამიანური იქნებოდნენ. ადამიანურობისგან დაცლილია საზოგადოება. სულ ძალაუფლება, ფული, ფული … თანამედროვე პოლიტიკაც სრულიად ფულის კეთებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი