სახალხო დამცველის განცხადებით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პატიმარ დავით ფეიქრიშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ცხელ ხაზზე მიღებულ შეტყობინებაზე დაგვიანებით მოხდა რეაგირება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ დავით ფეიქრიშვილმა უარი თქვა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრაზე.
„2026 წლის 19 ოქტომბერს, 16:31 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის მიმართ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე და თხოვნა მისი მონახულების შესახებ. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ინფორმაცია გადაეცემოდა უფლებამოსილ დეპარტამენტს, ხოლო პატიმრის მონახულება განხორციელდებოდა უმოკლეს ვადაში.
იმავე დღეს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმყოფებოდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბრალდებულმა დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. აღნიშნული გარემოება დადასტურებულია შესაბამისი ოქმით, რომელზეც დაფიქსირებულია ბრალდებულის ხელმოწერა“, – ნათქვამია განცხადებაში.
პატიმრობაში მყოფი ძმების, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ, ნინო აბრამიშვილმა 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილი ნაცემია. დედა ითხოვდა, რომ შვილის ნახვის უფლება მიეცათ. ძალადობაზე ცნობები პენიტენციურმა უარყო.
უწყებამ განაცხადა, რომ ფეიქრიშვილს პაემნებით სარგებლობა პროკურატურის მოთხოვნით აქვს აკრძალული და ამის გამო დედასთან შეხვედრა ვერ ხერხდება.
უწყებაში აცხადებენ, რომ არსებული ვითარებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დავით ფეიქრიშვილს პროკურატურასთან უშუამდგომლა, რის შემდეგაც დღეს, 19 ოქტომბერს, სატელეფონო ზარის უფლება ერთჯერადად მისცეს.
იხილეთ ასევე:
