საზოგადოება

პირველად ვგრძნობ თავს გარემოში, სადაც შემიძლია, ვიყო “მე” — პრაიდ ფესტივალი 2022

3 ივლისი, 2022 • 1810
პირველად ვგრძნობ თავს გარემოში, სადაც შემიძლია, ვიყო “მე” — პრაიდ ფესტივალი 2022

“ბრძოლა სიძულვილის წინააღმდეგ” — ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო თბილისის პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიებისა, რომელიც მთაწმინდაზე, ღია ცის ქვეშ, ცისარტყელას ფერებით მორთულ სივრცეში, უწყვეტი მუსიკის ფონზე ჩატარდა.

წელს პრაიდის ორგანიზატორებმა უარი თქვეს დედაქალაქის ქუჩებში ღირსების მარშის გამართვაზე და 3 ღონისძიებით, მათ შორის, პრაიდ ფესტივალით შემოიფარგლნენ. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა, მცდელობის მიუხედავად, ხელი ვერ შეუშალეს ფესტივალის ჩატარებას.

“დღევანდელ გარემოში, როცა ასეთი შეკრების თავისუფლება არ გვაქვს და კონსტიტუციურ უფლებას ვერ ვიყენებთ, ის, რომ დახურულ ტერიტორიაზე მაინც შეგვიძლია, შევიკრიბოთ,ძალიან მნიშვნელოვანია”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ფესტივალის სტუმარმა ტაო ჭალიძემ.

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ღონისძიების ტერიტორიაზე შესული სტუმრები გადიოდნენ დერეფანს, რომელშიც ლგბტ უფლებების მოძრაობის ცნობილ  წევრებზე საინფორმაციო დაფები იყო განთავსებული. ფესტივალის სხვა ზონებში კი იყო მუსიკა და ცეკვა, რიგი შემეცნებით-გასართობი აქტივობები, გამოფენები და ინსტალაციები.

2 ივლისს, შუადღისას გახსნილი ფესტივალი 3 ივლისის დილამდე გაგრძელდა. ფესტივალის სტუმრებს სხვადასხვა სცენიდან ათეულობით შემსრულებლის მოსმენის საშუალება ჰქონდათ, ერთ-ერთ სცენაზე კი დრეგ-ქუინებმა წარმოადგინეს შოუები.

“…ჩვენ ეს შევძელით და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში პირველად ჩავატარეთ ღონისძიებები ისე როგორც დაგეგმილი გვქონდა, როგორც გვინდოდა და ვაპირებდით”, – დაწერა სოციალურ ქსელში “თბილისი პრაიდის” თანადირექტორმა მარიამ კვარაცხელიამ ღონისძიების დასრულების შემდეგ.

ორგანიზატორთა განცხადებით, პრაიდ ფესტივალი უფრო მეტი იყო, “ვიდრე არაჩვეულებრივი ღამე”. მათი სიტყვებით, ესაა “ამოსუნთქვა ამ უთანასწორო და უსამართლო ბრძოლაში, ერთად ყოფნის, ერთმანეთის გაფრთხილების, მხარდაჭერის შესაძლებლობა”.

“ჩემთვის ძალიან უცხოა აქ ყოფნა, რადგან პირველად ვგრძნობ თავს ისეთ გარემოში, სადაც თავისუფლად შემიძლია, ვიყო “მე”. ჯერაც მეუცხოება და ადაპტაციის პროცესში ვარ.

[ეს ფესტივალი ჩემთვის] ნიშნავს, პირველ რიგში, თავისუფლებას; ასევე ნიშნავს ჩემნაირი ადამიანების გაცნობას — ადამიანებისა, რომელთაც იგივე პრობლემები, იგივე სიხარული, იგივე რაღაცები აერთიანებთ”, — თქვა ილიამ, რომელიც, თავდაპირველი ყოყმანის მიუხედავად, მაინც შეუერთდა ფესტივალს.

“წამოსვლამდე არ მქონდა უსაფრთხოების განცდა. ფეხები უკან მრჩებოდა. მაგრამ  აქ როცა ამოვედი, შემოსასვლელთან უკვე გამიჩნდა ის განცდა, რომ ვიღაც ზრუნავს ამ ყველაფერზე და ჯერჯერობით დაცულია უსაფრთხოება”, — დასძინა მან.

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

The Who — now-festival-ისა და რუსი აქტივისტების მიერ შექმნილი ინსლატაცია, რომელზეც სტუმრებს სასურველი წარწერებისა და ნახატების დატოვება შეეძლოთ. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ილიას მსგავსად, სხვებსაც ჰქონდათ გასული წლის 5 ივლისის მოვლენების გამეორების შიში: იმ დღისა, როცა პოლიციამ არ დაიცვა თბილისის ცენტრში პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის უსაფრთხოება, რის შედეგადაც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, პრორუსული “ალტ-ინფოს” ხელმძღვანელობით ჟურნალისტებზე იძალადეს და აქტივისტთა ოფისები დაარბიეს.

შარშანდელი მარშისგან განსხვავებით, პოლიციამ წლევანდელი ფესტივალის დასაცავად რიგი ზომები მიიღო: მთაწმინდის მიდამოებში მრავალი სამართალდამცავი იყო თავმოყრილი.

“ალტ-ინფოს” მხარდამჭერები ქალაქის ცენტრში წელსაც შეიკრიბნენ და მთაწმინდაზე ასვლა განიზრახეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა და არაერთი მათგანი დააკავა. წინა ღამით მთაწმინდის ტერიტორიაზე დააკავეს ჰომოფობიური ჯგუფების ზოგიერთი ლიდერიც.

“საბედნიეროდ, წინა წელთან შედარებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ მიმდინარე კვირაში გამართული 3 ღონისძიების უსაფრთხოება უზრუნველეყო”, — უთხრა “ნეტგაზეთს” ფესტივალზე სტუმრად მისულმა ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ, ლუს ლამერტსმა და გასული წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორთა ქმედებების გამოძიების იმედიც გამოთქვა.

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პრაიდ ფესტივალის ორგანიზატორები დიპლომატებთან ერთად.  ისრაელის ელჩმა ღონისძიების ჩატარების დღე თავისუფლების, თანასწორობის, მრავალფეროვნებისა და სიყვარულის დღედ მოიხსენია, დიდი ბრიტანეთის ელჩმა კი თქვა, რომ მისთვის ეს ფესტივალი ნიშნავს ტოლერანტობას, ღიაობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“თბილისი პრაიდის” მიერ ორგანიზებულ ამ ფესტივალს რიგი ორგანიზაციები და აქტივისტთა ჯგუფებიც შეუერთდნენ. მათ შორის იყო მოძრაობა “მწვანეები”, რომელმაც თავისი კუთხე ქალაქის ბუნებრივი ზონების დასასუფთავებლად მოხალისეთა მობილიზებისთვისაც გამოიყენა.

წლევანდელი ფესტივალის გზავნილებს შორის იყო სოლიდარობა რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი. შესასვლელში გამოფენილი იყო უკრაინის დროშა, რომელზეც “კიევის პრაიდისა” და “ხარკოვის პრაიდის” სიმბოლოები იყო დატანილი. ამასთან, ფესტივალის ტერიტორიაზე გაიმართა უკრაინელი არტისტების პერფორმანსი, რომელიც ლგბტ ადამიანების ომში ყოფნას ეხებოდა.

ფესტივალის ტერიტორიაზე მოწყობილი სცენებიდან მუსიკა, ღამის განმავლობაში, პრაქტიკულად, არ შეწყვეტილა. ქალაქის ცენტრში ძალადობრივი ჯგუფების გადაადგილების ფონზე ზოგიერთი ქუჩა გადაკეტილი იყო, რის გამოც სტუმართა ნაწილმა რამდენიმე საათი გზაში გაატარა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც შეუერთდა ფესტივალს.

პრაიდ ფესტივალის მონაწილეები უკრაინის დროშის ფონზე. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

პრაიდ ფესტივალი 2022. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“მე მაგალითად 4 საათი ვიყავი გზაში, ძლივს მოვედი. ტაქსის მძღოლს ვეხვეწე, რომ აქ მოვსულიყავით. საბოლოოდ მოვაღწიე და რომ მოვაღწიე, ყველაფრად ღირდა აბსოლუტურად.

რაც ამ ადამიანებმა [ფესტივალის ორგანიზატორებმა] გააკეთეს, არ ვიცი, გულის ამაჩუყებელი, საოცარი და ძალიან კარგია. სიყვარულითაა სავსე ყველაფერი…” — უთხრა “ნეტგაზეთს” ფესტივალი სტუმარმა მიკამ, რომელმაც ღონისძიება გამთენიისას დატოვა.

ლგბტ ადამიანების უფლებების მომავალზე საუბრისას ამბობს, რომ “ძალიან ბევრი რამ” იმედს უკლავს. კითხვას, რა არის ის, რაც პირიქით, იმედს უნარჩუნებს, ფესტივალიდან გამოსული მიკა ასე პასუხობს:

“ეს ყველაფერი მაძლევს იმედს. აქაურობის, ჩემი თაობის იმედს. ჩემი სამშობლოს იმედსაც მაძლევს, რომ მე შემეძლება, აქ დავრჩე და ვიცხოვრო თავისუფლად, ვიმოღვაწეო, ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ვიყო და არ მომიწიოს გაქცევა, როგორც ეს უმეტესობას უწევს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი