კომენტარი

ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი პრემიერს გუშინ – დუნია მიატოვიჩი

2 ივლისი, 2023 •
ძალადობა მიუღებელია, სწორედ ეს ვუთხარი პრემიერს გუშინ – დუნია მიატოვიჩი

დღეს, 2 ივლისს „თბილისი პრაიდის“ კვირეული გაიხსნა. გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი.

ვრცელ სიტყვაში მან მიმოიხილა ლგბტქი+ თემის უფლებები ევროპასა და საქართველოში და დაგმო ძალადობა.

„დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა ვიზეიმოთ თავისუფლება, აღვნიშნოთ სიყვარული, თანასწორობა და მრავალფეროვნება ყველა ადამიანისა. ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ თბილისში სასტიკი ძალადობა მოხდა „ღირსების მარშის“ დროს – იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. ჟურნალისტები და უფლებადამცველები, ვინც  მონაწილეობდა და აშუქებდა ამ ღონისძიებას – მათ თავს დაესხნენ. ბევრი დაშავდა და ღონისძიება კი გაუქმდა.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და გამოხატო ეს, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. და ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის გუშინ,“

ევროკომისარს თქმით, ევროპული საბჭოს წევრ ქვეყანათა ნაწილიც გამოირჩევა ძალადობით ქვიარ თემის მიმართ, რაც ასევე დასაგმობია.

„როდესაც საზოგადოების ერთი ჯგუფის უფლებები ილახება, ყველა სხვა ჯგუფის უფლებებიც ავტომატურად ილახება, საზოგადოება მთლიანად ხდება ძალადობის სამიზნე. ჩემი გამოცდილებით, თუ ლგბტქი+ თემის წევრებს ესხმიან თავს, [იმავე საზოგადოებაში] თავს ესხმიან ქალებს, ემიგრანტებსა და ყველა სხვა მოწყვლად ჯგუფს. ეს ის არიც, რაც მიუღებელია და რაც არ უნდა ხდებოდეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის ევროპაში,“ – დასძენს ის.

მიატოვიჩი მიმართავს პოლიტიკოსებსა და გავლენის მქონე სხვადასხვა პირს, რომ თავი შეიკავონ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან – „ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ ისინი დაიწყებენ ამგვარ თავდასხმას,“

„შესაბამისად, კანონები, რომელსაც აქ და სხვაგან წარადგენენ პოლიტიკოსები, შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს იმ ვალდებულებებთან, რომელიც სახელმწიფომ აიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებისას. აქ შემთხვევაში კი ვსაუბრობ ევროპულ საბჭოზე,“

მიატოვიჩი აცხადებს, რომ გუნდთან ერთად გააგრძელებს თანასწორუფლებიანობაზე მუშაობას და ეს უნდა გააკეთოს ყველა ქვეყანამ, რათა შეიქმნას საზოგადოება, სადაც პატივ სცემენ ყველა ადამიანის უფლებას – „ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წელს, შეგვეძლება თბილისის ქუჩებშიც თავისუფლად სიარული – ისევე, როგორც დავდივართ ევროპის სხვადასხვა ქალაქში,“

„მეამაყებით და მეამაყება საქართველო, რომ მას ასეთი ძლიერი თემი ჰყავს და მე მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ თანასწორობისა და ღირსებისთვის ბრძოლა. და მოხდეს ისე, რომ გაიმარჯვოს სიყვარულმა და არა სიძულვილმა,“.

მასალების გადაბეჭდვის წესი