ახალი ამბები

„არა ცენზურას“ – კინემატოგრაფისტების პროტესტი პარლამენტში

29 ივნისი, 2023 • 1030
„არა ცენზურას“ – კინემატოგრაფისტების პროტესტი პარლამენტში

დღეს, 29 ივნისს, პარლამენტში საპროტესტო პერფორმანსი გამართეს კინოს სფეროს წარმომადგენლებმა.

ისინი დაესწრნენ ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომას. სხდომის დაწყებიდან მალევე კი მდუმარედ ფეხზე დადგნენ, მაისურებზე ეწერათ ლოზუნგები, მათ შორის, „არა ცენზურას“ და „დამოუკიდებლობა კინოცენტრს“.

საპროტესტო პერფორმანსიდან მალევე კინოინდუსტრიის წევრებს სხდომა დაატოვებინა ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. მან შესვენება გამოაცხადა და დასძინა:

„თქვენ აქ სხვა მიზნით ხართ მოსული და კომიტეტის მუშაობას ხელს ნუ შეუშლით. რა ამბავია?! დატოვეთ დარბაზი, შესვენებაა გამოცხადებული და განახლდება შემდეგ, როდესაც კომიტეტით დაინტერესებული ხალხი დარჩება დარბაზში.“

სქრინშოტი პარლამენტის ლაივსტრიმიდან.

სხდომის შემდეგ კინოცენტრის თანამშრომლები ჟურნალისტებთან გავიდნენ და იქ განაგრძეს პერფორმანსი.

გარეკანი ფოტო: მთავარი არხი


რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა. კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფების პროტესტის დაწყებიდან თითქმის 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა განცხადებით და მას “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა. მსგავსი გამოხმაურება ჰქონდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც. მან კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კინემატოგრაფების პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა.

22 ივნისს პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფისტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს წერილით და მასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მინისტრმა საპასუხოდ 23 ივნისს შეხვედრა ჩანიშნა კინოინდუსტრიის იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც პროტესტი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე მანამდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. შეხვედრის პარალელურად კინოცენტრის თანამშრომლები და მრავალდღიანი პროტესტის მონაწილეების აქცია მიმდინარეობდა კულტურის სამინისტროსთან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი