კანის კინოფესტივალზე კინოცენტრის დელეგაციის წევრთა ოჯახის წევრების ყოფნაზე ბიუჯეტის ფული არ დახარჯულა.
ამის შესახებ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში კინოექსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე ბაჩო ოდიშარია, რომელიც ამავე დროს პოსტივის წამყვანია, ფეისბუკის პირად გვერდზე წერს. ოდიშარიამ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც კინოცენტრის ოფიციალურმა გვერდმა დელეგაციის კანში ყოფნის ამსახველი ფოტოალბომი დადო სახელწოდებით “ქართული დელეგაცია კინოფესტივალიდან ნაყოფიერი შედეგებით დაბრუნდა”.
ალბომში ერთ-ერთი ფოტო ასახავს დელეგაციის ნაწილის შინაურულ გამოსახულებას, სადაც მათი ოჯახის წევრებიც იმყოფებიან. ფოტოს სოციალურ ქსელებში ხმაურიანი გამოხმაურება მოჰყვა. მათ შორის, დაისვა კითხვები დელეგაციის წევრებისა და მათი ოჯახების კანში ყოფნის დაფინანსების წყაროებზე.
ოდიშარია წერს, რომ კითხვა იმის შესახებ, სახელმწიფო ბიუჯეტმა დააფინანსა დელეგაციის ოჯახების გამგზავრება კანში თუ თავად დელეგაციის წევრებმა პირადი სახსრებით, ფაშისტური ვნებებისა და ოჯახებთან ბრძოლის გამოძახილია.
“ფოტოზე აღბეჭდილია რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, რომლის შვილიც საკუთარი ხარჯებით წამოიყვანა, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, რომელმაც თავის შვილი საკუთარი ხარჯებით წაიყვანა და ჩემი მეუღლე და შვილი, რომელიც ჩემი ხარჯებით წავიყვანე. ეს მათთვის, თუ ვინმეს კითხვები აქვს, ბიუჯეტის ფული ხომ არ დაიხარჯა ბავშვებზე. თითოეული მათგანი არც პირველად იყო კანში და მითუმეტეს, არც უკანასკნელად.
რაც შეეხება დელეგაციას, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შეხვედრები, რის შედეგებსაც მალე იხილავს ქართული საზოგადოება. როდესაც ეს პროცესი ვერ გააშავეს ვერც ლანძღვით, ვერც ქართულ პავილიონში პლაკატების გაკვრით, ვერც ის გაბედეს, ვინმე მოსულიყო და თუ რამე ჰქონდა სათქმელი, იქვე ეთქვა, ბოლოს დაიწყეს ცოლებსა და შვილებზე ბულინგის კამპანია, რაც უკვე მათი ჩვეული ხელწერაა”, – წერს ოდიშარია.
კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის რეორგანიზაცია 2023 წელს დაიწყო და გააუქმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. სამსახურიდან გაუშვეს თანამშრომლების ნაწილი, რასაც წინ უძღოდა მათი კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და ამ დრომდე რჩება კობა ხუბუნაია, რომელიც მანამდე კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.
ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია.
რეორგანიზაცია და მომყოლი ცვლილებები კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილის, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლების, მათ შორის რეჟისორების, სცენარისტების, პროდიუსერებისა და მსახიობების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.