ახალი ამბები

კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტს წერილით მიმართეს და კომიტეტზე შეხვედრა ითხოვეს

28 ივნისი, 2023 • 904
კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტს წერილით მიმართეს და კომიტეტზე შეხვედრა ითხოვეს

კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კინემატოგრაფისტები, საქართველოს პარლამენტს სთხოვენ საჯარო შეხვედრას კულტურის კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც დაესწრებიან კულტურის სფეროსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამის თაობაზე მათ დღეს, 28 ივნისს წერილით მიმართეს საქართველოს პარლამენტს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლები წერილში საუბრობენ  თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე, რაც უარყოფითად აისახა საქართველოში კულტურის სფეროზე. მათ შორის საუბრობენ “რეპრესიულ საკადრო პოლიტიკაზე”, რის საფუძველზეც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული სხვადასხვა ორგანიზაციიდან არაერთი თანამშრომელი გათავისუფლდა. კულტურის სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ თანამშრომლების დისკრიმინაციულ საფუძველზე გათავისუფლების გამო წულუკიანმა 11 მოსარჩელესთან წააგო სასამართლო დავა, რის შედეგადაც ბიუჯეტს ათეულობით ლარის გადახდა დაეკისრა.

ამასთან, პარლამენტისთვის განკუთვნილ წერილში ისინი საუბრობენ სხვა პრობლემებზეც, რაც, მათი შეფასებით, წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნას უკავშირდება.

“საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული ორწლიანი პოლიტიკის შედეგად წამოჭრილია არაერთი პრობლემური საკითხი, რომლებიც ითხოვს პარლამენტის და უფლებადამცველთა რეაგირებას.

  • მინისტრ წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც არა მხოლოდ მენეჯერულ გამოცდილებას, არამედ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას ითხოვს, დაინიშნნენ იუსტიციის სამინისტროს კადრები;
  • ამავე საკადრო პოლიტიკის შედეგად, კულტურის სსიპ-ებიდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კინოცენტრი) უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი. მათი უმრავლესობა დავობს სასამართლოში უკანონო გათავისუფლების და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთი ფაქტი დადგენილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ (დანართი: 1). ამ დროისთვის 11 საქმე მოსარჩელეთა გამარჯვებითაა დასრულებული, რის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტს უკვე დაეკისრა ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება;
  • რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებიდან პროფესიონალი კადრების ტოტალური გადინება უდიდეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პროცესს. შედეგები უკვე აისახა გელათის სამონასტრო კომპლექსის მცდარი მეთოდოლოგიით წარმართულ რეაბილიტაციაზე, რომელიც შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს;
  • მინისტრ წულუკიანის პოლიტიკა არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი სახელოვნებო ცენზურის დამყარების მცდელობის და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების გამო, იქნება ეს ლიტერატურული კონკურს ,,ლიტერას“ ჟიურიში ჩარევა, სამეცნიერო პროექტების შეჩერება, დოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენების აკრძალვა თუ არაერთი სხვა ფაქტი, რომელთაც არ მისცემიათ საზოგადოებრივი რეზონანსი);
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისადმი დაქვემდებარებული სსიპ-ები გადაიქცა ჩაკეტილ უწყებებად, რომლებიც არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. IDFI-ს მიერ 2022 წლის ყველაზე დახურულ უწყებად სწორედ წულუკიანის უწყება დასახელდა (დანართი 2.. მაგალითისთვის, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი, ამ დრომდე უცნობია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის გეგმა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, რითაც არღვევს საქართველოს კანონს საჯარო ინფორმაციის შესახებ;
  • გაუმჭვირვალეა სამინისტროს მიერ წარმოებული კონკურსები;
  • უკანასკნელ დღეებში საქართველოს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადჰყოფს, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან პროფესიონალი კადრების დისკრიმინაციული ჩანაცვლება მისთვის სასურველი კადრებით და შემოქმედებითი პროცესების კონტროლის პოლიტიკა გრძელდება.

ყოველივე ზემოთქმული უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეზე. ამასთანავე, სახელმწიფო სტრუქტურის მხრიდან სფეროს მართვის ასეთი მოდელი, არადემოკრატიულებისა და გაუმჭვირვალობის გამო, ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და ხელს უშლის ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

გთხოვთ,  საქართველოს პარლამენტმა, კანონმდებლობით გათვალისწინებული საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში, უზრუნველყოს კულტურის სფეროს და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით საჯარო შეხვედრა კულტურის კომიტეტის სხდომაზე“, — ნათქვამია წერილში.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა. კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფების პროტესტის დაწყებიდან თითქმის 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა განცხადებით და მას “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა. მსგავსი გამოხმაურება ჰქონდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც. მან კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კინემატოგრაფების პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა.

22 ივნისს პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფისტებმა კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მიმართეს წერილით და მასთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მინისტრმა საპასუხოდ 23 ივნისს შეხვედრა ჩანიშნა კინოინდუსტრიის იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც პროტესტი კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებზე მანამდე საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. შეხვედრის პარალელურად კინოცენტრის თანამშრომლები და მრავალდღიანი პროტესტის მონაწილეების აქცია მიმდინარეობდა კულტურის სამინისტროსთან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი