ახალი ამბები

როდის დაინერგება სასკოლო კვება – მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

19 მაისი, 2023 • 816
როდის დაინერგება სასკოლო კვება – მინისტრის გამოსვლა პარლამენტში

დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა განათლების ახლად დანიშნული მინისტრი გიორგი ამილახვარი. მთავარი კითხვა, რომელიც მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუსვეს, სკოლაში უფასო კვების პროგრამას ეხებოდა.

საქართველოს მთავრობა უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც სკოლაში კვების პროგრამაზე მუშაობს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაინერგება სკოლებში აღნიშნული პროგრამა.

ამილახვარი პარლამენტში ინტერპელაციის ფარგლებში მივიდა – ის ოპოზიციის დეპუტატებმა მიიწვიეს სკოლაში კვების პროგრამასთან დაკავშირებული კითხვებზე საპასუხოდ.

რა თქვა მინისტრმა?

სიტყვით გამოსვლისას ამილახვარმა აღნიშნა, რომ სამინისტრო სკოლებში კვების პროგრამის დასანერგად ინტენსიურად მუშაობს და ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა.

გამოსვლისას მან რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ უფასო კვება კომპლექსური საკითხია და მიემართება, მათ შორის, სკოლებში ინფრასტრუქტურის არარსებობის საკითხს.

„იმისთვის, რომ ჩვენ მოვაგვაროთ კვების საკითხი სკოლებში, ამისთვის საჭირო იყო და არის გადაგვედგა ჯერ, დამეთანხმებით, სხვა რიგი საკითხები, ნაბიჯები. კერძოდ, უნდა მოვაგვაროთ და მოსაგვარებელია ინფრასტრუქტურის საკითხი. არ დავუბრუნდები აქვე წარსულ მდგომარეობას, მხოლოდ გეტყვით იმას, თუ რა მიმდინარეობს ახლა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით იცით უკვე, რომ ფრონტი გაშლილია მთელს საქართველოში და უკვე დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაციის უდიდესი ისტორიული პროექტი, მსგავსი იცით, რომ ასევე მიმდინარეობს და დაიწყება – ბაღების ნაწილში. გარდა ამ 800 სკოლის პროექტისა, დაახლოებით, 270-მდე სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პარალელურად მიმდინარეობს სხვადასხვა დონორებისა და წყაროების ჩართულობით,“.

ამილახვრის თქმით, ამ პროექტზე საუბარი მნიშვნელოვანია რადგანაც – „თუ ჩვენ არ მოვაგვარებთ სასკოლო ინფრასტრუქტურას, თუ ჩვენ არ შევქმნით შესაბამის სივრცეებს, ეს იქნება ბუფეტი, სურსათის უვნებლობის საკითხი თუ სხვადასხვა – ბუნებრივია, რთული იქნება, რომ ჩვენ დავიწყოთ ამ პროცესის მოგვარებაზე ფიქრი,“

მინისტრის გამოსვლამდე ოპოზიციის წევრებმა, მათ შორის, ანი წითლიძემ ისაუბრეს UNICEF-ის ახალ კვლევაზე, რომლის თანახმად, მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება. ამილახვარმა თქვა, რომ ამ 35%-ში შემავალი მოქალაქეების მიზეზი სხვადასხვაა, მათ შორის, 27% ამბობს, რომ არ სურს სკოლაში ჭამა, რადგან არ მოსწონს საკვები და მხოლოდ 20% ასახელებს მიზეზად ფინანსების არარსებობას.

რაც შეეხება უწყებათაშორის ჯგუფს, რომელშიც სხვადასხვა სამინისტრო მონაწილეობენ, ამილახვრის განმარტებით, ჯგუფმა გამოავლინა გამოწვევები და ის საკითხები – „რომელზეც შემდგომ უნდა შეიქმნას სამოქმედო გეგმა,“.

„კერძოდ ჩამოვთვლი რამდენიმეს: ეს გახლავთ სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობის არარსებობა, ხილისა და ბოსტნეულის მარაგები, ადგილობრივი თემის კულტურული თავისებურებები – და ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ასე ცენტრალიზებულად, განზოგადებულად ვერ გვარდება ეს საკითხი, ვინაიდან ყველა კუთხეს აქვს გარკვეული თავისი მახასიათებლები. ასევე საჭიროა, შესაბამისი ბიზნესოპერატორები და ჩვენ დაგვჭირდება, სხვადასხვა მძლავრი კომპანიები, ვინც შეასრულებს ამ ამოცანებს და სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელზეც მე ვისაუბრე.“

ამასთანავე, ამილახვრის ცნობით, სამუშაო ჯგუფმა ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობდა – კერძოდ კი საერთაშორისო პრაქტიკისა და საქართველოს რეალობის შესწავლის კუთხით. ამ უკანასკნელის ფარგლებში, კი შეისწავლეს ქართლის რეგიონი – „ლოკალურ დონეზე იმ საკითხებს იდენტიფიცირება, რომელიც ჩამოვთვალე და საიდანაც შეგვიძლია შემდგომ გარკვეული განზოგადებული დასკვნები გავაკეთოთ და სამოქმედო გეგმა დავსახოთ. ამ დეტალებში აღარ შევალ და ვინაიდან თუ იქნება საჭიროება, დავაზუსტებ რა მიგნებებზე გავიდა,“.

„თუ ჩვენ დაველოდებით ამ 1000 სკოლის დასრულებას, მერე, რა თქმა უნდა, შევძლებთ ერთდროულად, ერთი სისტემით, ერთი მიდგომით განვახორციელოთ ეს პროგრამა. მაგრამ მე არ მიმაჩნია ეს სწორად, მე მიმაჩნია რომ ეტაპობრივად, დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, თუმცა ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ ამას დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია რაიმე გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილებისა თუ სხვა ინდიკატორების მიხედვით – ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც ამის სურვილი აქვს.

წალენჯიხის გამოცდილებაზე, მინდა ხაზი გავუსვა – სრულად გულწრფელად არანაირი პოლიტიკური კონიუნქტურა – მთავარი პრობლემა როგორც კვლევამ აჩვენა, მთავარი საკითხი საკვების ხელმისაწვდომობა – რეალურად სასკოლო სივრცეში ან მის მახლობლად არ არის ხელმისაწვდომი საკვები პუნქტები ან მაღაზია, სადაც შესაძლებლებია საჭმლის შეძენა, ამიტომ ის პროექტი, რომლითაც აპელირებს… კი, ვადასტურებ, რომ კარგია და კარგია სოციალურ შეჭირვებულთა ნებისმიერი დახმარება, მაგრამ ვაუჩერული სისტემა არ პასუხობს იმ გამოწვევას, ამიტომ ნუ განვაზოგადებთ ისე, თითქოს მივაგენით ახალ აღმოჩენას,“ – ამბობს მინისტრი და დასძენს, რომ წალენჯიხის 30 სკოლიდან მხოლოდ 21-ში შეუძლიათ მოსწავლეებს საკვების შეძენა.

სამუშაო ჯგუფზე საუბრისას, მინისტრის ინფორმაციით, ჯგუფი განიხილავს სკოლაში კვების სამ ვერსიას – პირველი ეს არის ე.წ. ტრადიციული სისტემა, რაც გულისხმობს სკოლებს, რომლებიც შესაბამისი ინფრასტრუქტურის პირობებში სამზარეულოებში შეძლებენ საკვების მომზადებას. მეორე ვერსია ე.წ. ცენტრალიზებულ მიდგომას გულისხმობს – ანუ იმ შემთხვევას, როდესაც სკოლას ე.წ. ნახევარ ფაბრიკატები მიეწოდება, შემდგომ კი მისი საბოლოო დამზადება სკოლაშივე ხდება.

მესამე ვერსია კი ე.წ. ლანჩბოქსების – ანუ სკოლაში საკვების მიტანის პროგრამაა. თუმცა, ამილახვარი აღნიშნავს, რომ მას ბევრი რისკი ახლავს თან, მათ შორის, სურსათის უვნებლობა და საჭმლის შენახვის პირობები.

გამოსვლის ბოლოს განათლების მინისტრმა დასძინა, რომ სკოლაში უფასო კვების დანერგვის პოლიტიკური ნება არსებობს, ასევე არსებობს იმის ნებაც, რომ შესაბამისი ფინანსები მოიძებნოს ბიუჯეტში, თუმცა, ამას მანამდე არსებული გამოწვევების მოგვარება სჭირდება.

რაც შეეხება ვადებს, ამილახვრის განმარტებით, 2023-2025 წლებში დაახლოებით, 400 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა გათვლილი, საიდანაც, დაახლოებით, 320 სკოლა რეაბილიტირდება, ხოლო 80 სკოლა აშენდება.

„დანარჩენი 400 სკოლა გადადის შემდგომ წელიწადზე. დაახლოებით, 2026 წლისთვის ეს პროექტი სრულად დასრულდება. მაგრამ ეს არ არის პასუხი, თუ როდის დავიწყებთ ჩვენ კვებას, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ კვების პროექტი სხვადასხვა ფორმით,“ – დასძენს ის და მოუწოდებს ოპოზიციას სამუშაო ჯგუფს შეუერთდნენ.


წალენჯიხაში, რომელიც საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტია ოპოზიციონერი მერით, უკვე ჩაეშვა სკოლაში მოსწავლეთა კვების პირველი, საპილოტე ვერსია. პროგრამა ჯერჯერობით მხოლოდ პირველკლასელებისთვის არის განკუთვნილი.ეს პროგრამა ე.წ. ვაუჩერულ სისტემას მოიაზრებს – ბავშვებს სპეციალურ საბანკო ბარათებზე ერიცხებათ თანხა, რომლითაც ისინი შორიახლოს მდებარე მაღაზიებში პროდუქტებს ყიდულობენ.სკოლაში უფასო კვების კიდევ ერთი პრეცედენტი ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლაში დაინერგა – ჯერჯერობით ექსპერტიმენტის სახით.ვრცლად წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი