საზოგადოება

როგორ ცდილობს წალენჯიხა გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებს სამინისტრო

27 იანვარი, 2023 • 1477
როგორ ცდილობს წალენჯიხა გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებს სამინისტრო

წალენჯიხაში, რომელიც საქართველოში ერთადერთი მუნიციპალიტეტია ოპოზიციონერი მერით, რამდენიმე კვირაში ჩაეშვება სკოლაში მოსწავლეთა კვების პირველი, საპილოტე ვერსია. პროგრამა განკუთვნილია მუნიციპალიტეტის პირველკლასელებისთვის.

წალენჯიხის მერიის ეს ინიციატივა ითვალისწინებს ბავშვებისთვის და მათი ოჯახებისთვის სპეციალურ საბანკო ანგარიშზე თანხის დარიცხვას. ამ თანხით კი ბავშვები ბუფეტებსა და მაღაზიებში საკვების შეძენას შეძლებენ.

პროგრამის ავტორები ამბობენ, რომ ამ მიდგომას რიგი ხარვეზი აქვს. თუმცა იმ პირობებში, რომ განათლების სამინისტროს არ უპასუხია მუნიციპალიტეტისთვის, მათი თქმით, ეს საუკეთესო იყო, რისი მოფიქრებაც ახლა შეიძლებოდა ბავშვების კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად.

პარალელურად, თითქმის წელიწად-ნახევარი გავიდა ისე, რომ სამინისტროს არც გეგმა წარმოუდგენია სკოლაში კვების დანერგვასთან დაკავშირებით და არც თარიღი უთქვამს, თუ როდის აპირებს ამას. არადა, მინისტრი ირწმუნება, რომ UNICEF-თან ერთად ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება.

ნეტგაზეთი სტატიის მომზადების პროცესშიც დაუკავშირდა განათლების სამინისტროს, თუმცა სახელმწიფო უწყებაში კვლავ მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობას აგრძელებენ.

რას გეგმავს წალენჯიხა?

2022 წლის დეკემბერში წალენჯიხის მერიამ განაცხადა, რომ აპირებდა სკოლაში კვების საპილოტე პროგრამის დაენერგვას.

მერიაში ამბობენ, რომ დეკემბერში საკრებულოში შეიტანეს 2023 წლის ბიუჯეტი, უკვე იანვრიდან კი აქტიურად დაიწყეს მუშაობა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის 300-მდე პირველკლასელი საკვებით უზრუნველყონ.

ნეტგაზეთთან საუბარში წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ივანე ბურდული განმარტავს, რომ დღეს მუნიციპალიტეტში 268 პირველკლასელია, მაგრამ პროგრამა ოდნავ მეტ – 300-მდე ბენეფიციარზეა გათვლილი.

მერიამ თითო სასწავლო დღისთვის 4 ლარი გამოყო, რაც ნიშნავს, რომ 300 ბავშვი 180 დღის განმავლობაში 4 ლარს მიიღებს. შესაბამისად, ჯამში, პროგრამის ღირებულებამ დაახლოებით 220 ათასი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება კონკრეტულ მექანიზმს, მერიის თანახმად ის შემდეგნაირია: მერია დანერგავს საბარათე სისტემას, თითო ბავშვს ბარათზე დაერიცხება 4 ლარი. ბარათს აქვს ლიმიტები, კერძოდ, ბარათით ფულს ვერც ბავშვები და ვერც მშობლები ვერ გაანაღდებენ, ამასთანავე, ვერ ისარგებლებენ ონლაინ გადარიცხვების ფუნქციით. წალენჯიხის მუნიციპალიტეტების იმ რამდენიმე სკოლას, სადაც ბუფეტია, „თიბისის“ მხარდაჭერის ფარგლებში უფასოდ გადაეცემათ ტერმინალები – ანუ ბავშვები საჭმლის შეძენას ბუფეტში შეძლებენ, ხოლო იქ, სადაც ბუფეტი არ არის, ქსელურ მაღაზიებში.

ამასთანავე, სკოლებში, სადაც ბუფეტი არ არის, მშობლებს შეეძლებათ ერთიანად გამოიტანონ კვირის ლიმიტი, 20 ლარი და უზრუნველყონ ის, რომ ბავშვს არ შიოდეს.

„მრავალი ვერსია განვიხილეთ, მათ შორის იყო ის, რომ ცენტრალიზებულად გამოცხადებულიყო ტენდერი და დარიგებულიყო ეს საკვები სკოლებში, მაგრამ ეს მოდელი ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავდა, რადგან საჭირო იქნებოდა საჭმელების ცენტრალიზებულად დამზადება, უკვე შემდეგ კი, სკოლამდე მიტანა — აქ უკვე სურსათის უვნებლობა ერთვება, იქ შეიძლება, გზაში დაზიანდეს, ზაფხულში გაფუჭდეს, სპეციალური მაცივრებია საჭირო და ა.შ. პლუს ამას, ადგილზე ადმინისტრირებაც რთულდება — ვიღაც მივა, ვიღაც არ მივა, იმ საკვებს რას უშვრები შემდეგ?! ყრი, ანადგურებ თუ სხვას აძლევ? თუ სხვას აძლევ, მაშინ არამიზნობრივია და ა.შ. მოკლედ, ამ კუთხით საკმაოდ დიდი პრობლემები იყო.

იყო მეორე მოდელი, რომ სასადილოებზე გავსულიყავით. აღმოჩნდა, რომ ე.წ. ბუფეტი 30-დან მხოლოდ 6 სკოლაშია და ისიც ნაწილში იხურება იმიტომ, რომ არ აქვთ საკმარისი ბრუნვა“ ,- დასძენს ივანე ბურდული.

ნეტგაზეთთან ინტერვიუში მერის მოადგილე აცხადებს, რომ მერიის ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ბავშვებს საკვები ჰქონოდათ – „მშიერი ბავშვი, ვერ ისწავლის.“ კითხვაზე, როგორ დაარეგულირებს მერია იმას, რომ ბავშვი იყიდის საჭმელს და არა, მაგალითად, გაზიან სასმელს, ივანე ბურდული გვპასუხობს:

„ამის დარეგულირება უკვე მშობელმა უნდა უზრუნველყოს იმიტომ, რომ ბავშვისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მაინც მშობელია. ის თუ არ იზრუნებს ბავშვზე, თუ არ აუხსნის და ეტყვის, ცხადია, არაფერი გამოვა. არასრულწლოვნისთვის სიგარეტისა და ალკოჰოლის მიყიდვა ისედაც აკრძალულია.

თუ მშობელი არ გაატანს, არ გაუმზადებს, არ უყიდის და თუ სიტყვაზე, რომელიმე წავა და, მაგალითად, სიგარეტს იყიდის, ბუნებრივია, ვერ შევზღუდავთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყველა სოციალური პაკეტი, სოციალური პაკეტები და სოციალური დახმარების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში პირად ანგარიშზე ირიცხება. ანუ რისკი იმისა, რომ ეს გამოყენებული იქნება არამიზნობრივად, ბუნებრივია, არსებობს. აქ მაინც ოჯახის წევრების პასუხისმგებლობაზე გავდივართ. თუმცა რისკი არსებობს, ამაში გეთანხმებით, მაგრამ ეს იყო ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი და ვერსია, რაც შეიძლებოდა რომ შეგვეთავაზებინა.“

ბურდულის თქმითვე, მერია ნაბიჯ-ნაბიჯ დააკვირდება პროგრამის მიმდინარეობას და „გზადაგზა არსებულ ხარვეზებს დავხვეწავთ. რაც მთავარია, ვიფიქრებთ შემდეგ კლასებზეც – მეორეზე, მესამეზე. ვიფიქრებთ, როგორ მოვახერხოთ ისიც, რომ სამომავლოდ დაბალანსებული კვება შევთავაზოთ ბავშვებს“.

„პირველი ნაბიჯი აუცილებლად იყო გადასადგმელი, გადაუდებელი და მნიშვნელოვანი იყო ეს. ამით ცენტრალურ ხელისუფლებასაც დავანახეთ, რომ ეს არის ნება, მთავარია მონდომება და ყველაფრის გაკეთება შეიძლება“ ,- დასძენს ბურდული და ამბობს, რომ მიუხედავად მცდელობისა, სამინისტროსგან პასუხი და, შესაბამისად, თანადგომა არ მიუღიათ.

მერიამ უკვე დაიწყო განაცხადების მიღება პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვაზე. სამ კვირაში კი პროგრამაში ჩართული ბავშვები ბარათებით სარგებლობას შეძლებენ.

რატომ არ დანერგა სახელმწიფომ კვების პროგრამა – ექსპერტის შეფასება

„ხარისხიანი სწავლება შედგება ბევრი ფაქტორისგან, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვებაა“, – ამბობს ნეტგაზეთთან ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი.

განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლების მსგავსად, სალომე ჩარკვიანიც აღნიშნავს, რომ საქართველოში მოსწავლეთა კვება მწვავე პრობლემაა. რასაც ხელს უწყობს ისიც, რომ ბევრ სკოლაში საერთოდ არ არის ე.წ. ბუფეტი, ხოლო სადაც არის, ან ჰიგიენური ნორმებია დარღვეული, ან ისეთი საკვებია შეტანილი, რომელიც ბავშვისთვის მავნეა. პროდუქტები სავსე შაქრით, მარტივი ნახშირწყლებით ან/და თეთრი ფქვილის ცომით.

„საკითხის კიდევ ერთი ასპექტი არის ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ყავლგასული მეთოდები მუშაობს — შესვენებები 5-წუთიანია, ხოლო დიდი შესვენებები, მაქსიმუმ, 15-წუთიანი, რა დროსაც სრულფასოვანი კვება არის შეუძლებელი. ბევრი ბავშვი საპირფარეშოშიც ვერ ასწრებს შესვლას, არათუ კვებას. შესვენებები საჭიროა ბევრად დიდი რაოდენობით არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც. რადგან ზოგიერთი მასწავლებელი 4-5 გაკვეთილს გადაბმულად ატარებს და ასეთ დროსაც შეუძლებელია ადამიანი პროდუქტიული იყოს.

უკვე აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ასეთი მოკლე შესვენებებით ბავშვებს სოციალიზაციის საშუალება ეკარგებათ. ამიტომაცაა, რომ ხშირად, ბავშვის ინტეგრირება ახალ კლასში რთულდება, რადგან ბავშვებს არ აქვთ სკოლაში სოციალიზაციის დრო. 5 წუთში როგორ შეიძლება კომუნიკაცია შედგეს? მაშინ უნდა ისაუბრონ გაკვეთილზე, ეს კიდევ ცალკე პრობლემებს წარმოშობს“, — მიიჩნევს სალომე ჩარკვიანი.

კითხვაზე, რატომ ვერ შეძლო სამინისტრომ სკოლებში კვების დანერგვა, სალომე ჩარკვიანი ამბობს, რომ ამ პრობლემას სამინისტრო უბრალოდ იყრუებს, რადგან – „სკოლაში კვების შეტანით პოლიტიკური ქულების დაწერა არის რთული, რადგან დანერგვის შემდეგ ერთხელ გაუხარდებათ ადამიანებს, შემდეგ კი ეს იქცევა სტანდარტად იმიტომ, რომ რეალურად, ესაა ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. დღეს ხომ არ ვაძლევთ პარტიას ხმას იმის გამო, რომ ბაღში კვება არის უზრუნველყოფილი. იგივე იქნება ამაზეც და ეს კარგად იციან.“

„რაც შეეხება წალენჯიხის ინიციატივას, რა თქმა უნდა, სულ არაფერს სჯობს, რომ რაღაც პროცესი დაიწყოს და კარგია, ბავშვებს ფული ბარათზე რომ ერიცხებათ, რომელსაც შემდგომ ვერ გაანაღდებენ და ვერც გადარიცხავენ. და რეგიონში, სადაც დიდი ეკონომიკური პრობლემებია, ეს ფული, გარდა კვებისა, ვერაფერში დაიხარჯება.

თუმცა, მეორე მხრივ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვერ იქნება ეს სრულფასოვანი რეფორმა, სანამ ბავშვები ისევ იძულებული იქნებიან, გავიდნენ და მაღაზიაში რაღაც საშინელი შემადგენლობის შოკოლადი, გაზიანი სასმელი, ან ფუნთუშა იყიდონ.“

სალომე ჩარკვიანი. ფოტო: პირადი ფეისბუკი

ჩარკვიანის თქმით, მასწავლებლები ბავშვებს სასკოლო პროგრამის ფარგლებში ჯანსაღ კვებაზე ასწავლიან, თუმცა რეალობა ამას ვერ მისდევს — ვერც სკოლა და ვერც მშობელი. სპეციალისტი ამის დასტურად სწრაფი კვების გადავსებულ ობიექტებს ასახელებს. ის ასევე მიუთითებს ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით მშობელთა ნაკლებ ცნობიერებაზე.

სალომე ჩარკვიანის შეფაებით, ასევე პრობლემურია სკოლების უკვე მოქმედი ბუფეტები, სადაც ჯანსაღი საკვების ნაცვლად ცომეული და გაზიანი სასმელები იყიდება.

„ეს მიდგომა ყველაფერთან ერთად არაინკლუზიურიც არის, რადგან ასეთ ბუფეტში, სულ მცირე, დიაბეტის მქონე ბავშვი ვერაფერს ვერ შეჭამს“ ,— ამბობს ის და დასძენს:

ხანგრძლივ პერსპექტივაში ეს ჯანმრთელობის დიდ პრობლემებს ნიშნავს. მაგალითად, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა სისხლძარღვთა დაავადებების რაოდენობის თვალსაზრისით“.

ინკლუზიური განათლების სპეციალისტის აზრითვე, სკოლებში კვების დანერგვა სამინისტროსთვის „ზედმეტი თავისტკივილია“, რადგან ამას უნდა მოჰყვეს ტენდერები, ახალი სტრატეგიები და ა.შ.

ერთი მოსწავლის გამოსაკვებად საჭირო ჯანსაღი საჭმელი ბიუჯეტს 1.66 ლარი დაუჯდება – „ხმის“ გაანგარიშება

მოძრაობა „ხმა“ ერთ-ერთი პირველია, ვინც სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე საუბარი დაიწყო. დეკემბერში მოძრაობამ შეისწავლა ბაზარზე არსებული ფასები, ასევე, ბავშვისთვის საჭირო რაციონის რაოდენობა და ბავშვთა კვების გლობალური ფონდის გაანგარიშების მეთოდები.

ფოტო: სქრინშოტი „ხმის“ გაანგარიშებიდან

„ამ გაანგარიშებით ერთი მოსწავლისთვის განკუთვნილი ულუფის საშუალო ღირებულება 1.66 ლარია. შესაბამისად, ერთი მოსწავლის საკვები ბიუჯეტს წელიწადში, საშუალოდ, 266 ლარი დაუჯდება. საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეზე გათვლით, მხოლოდ საკვებზე დანახარჯი 144.8 მილიონ ლარს შეადგენს.

საქართველო, მსოფლიო ბანკის მიხედვით, საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყანათა ჯგუფს მიეკუთვნება. ბავშვთა კვების გლობალური ფონდის მონაცემების მიხედვით, საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში უფასო სასკოლო კვების პროგრამებში საკუთრივ საკვების ხარჯის წილი მთლიანი ხარჯის 73%-ია (CTC, 2021). საკვების ტრანსპორტირებაზე, შენახვაზე, დამზადებასა და სხვა მხარდამჭერ პროცესებზე მთლიანი ბიუჯეტის 27% მოდის.

თუ ამ მონაცემებს დავეყრდნობით, გამოვა, რომ ერთი მოსწავლის ულუფა 2.27 ლარი ეღირება (საკვებისა და მხარდამჭერი პროცესების ჩათვლით), ხოლო უფასო სასკოლო კვება ბიუჯეტს წელიწადში დაახლოებით 198 მილიონი დაუჯდება“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ჩაშლილად ეს დოკუმენტი, მათ შორის, პროდუქტების ნუსხა, რომელსაც მოძრაობა დაეყრდნო, ნახეთ აქ.


მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კვლევა ცხადყოფს, რომ სკოლებში უფასო კვებას ბავშვთა ჯანმრთელობასა და აკადემიურ მოსწრებაზე დადებითი ზეგავლენა აქვს. სწორედ ამიტომ, წამყვანი ქვეყნების უმეტესობას სკოლებში იმპლემენტირებული აქვს უფასო კვების სხვადასხვა პროგრამა.

უფასო კვებას სკოლებში, გარდა ბავშვების აკადემიური მოსწრებისა, მათი განვითარებისა და სოციალური თანასწორობისა, დადებითი ზეგავლენა აქვს ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზეც. ასე მაგალითად, მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციის თანახმად:

„სკოლაში ბავშვთა კვების პროგრამაზე დახარჯულ ყოველ 1 დოლარს ეკონომიკაში 20 დოლარის უკუგება აქვს გაუმჯობესებული ჯანმრთელობის, განათლებისა და პროდუქტიულობის ხარჯზე“.

ამ თემაზე სტატიათა ციკლიდან ნეტგაზეთი რამდენიმე მასალას გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი