საზოგადოება

საქართველოს მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება — კვლევა

20 აპრილი, 2023 • 1338
საქართველოს მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება — კვლევა

გაეროს ბავშვთა ფონდისა და “საქსტატის” კვლევის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა როგორც საკვები ობიექტების არარსებობა, ისე — საკმარისი თანხის არქონა.

“ბავშვთა კეთილდღეობის გამოკვლევა” სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაეროს ბავშვთა ფონდის(UNICEF) მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევითი სამუშაოები 2022 წლის ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში განხორციელდა.

ავტორთა თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ სასკოლო საათებში კვლევა მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვინაიდან დღის ამ მონაკვეთში ყოველდღიურად ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი იკვებება (27%), ბავშვების მესამედზე მეტი (34.9%) კი არასდროს იკვებება სასკოლო საათებში.

“მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვებში ბევრად უფრო დიდია ალბათობა, რომ ისინი არასდროს იკვებებიან სასკოლო საათებში, ვიდრე ბავშვებში, ვისაც არ გააჩნია მატერიალური და სოციალური დანაკლისი”, — აღნიშნულია კვლევაში.

ავტორთა განმარტებით, ბავშვის მატერიალური და სოციალური დანაკლისი გულისხმობს ოჯახის ფინანსური შესაძლებლობის არქონას, რაც არ აძლევს ოჯახს საშუალებას, უზრუნველყოს ბავშვი მისი ზრდა-განვითარებისათვის მინიმალურად აუცილებელი საჭიროებებით. მათ შორისაა საკვები, ტანსაცმელი, ასაკის შესაბამისი წიგნები, სათამაშოები, გართობა, მეგობრებთან დროის გატარების შესაძლებლობა თუ სხვა.

რატომ არ იკვებებიან ბავშვები სკოლაში

კვლევის მიხედვით, სასკოლო საათებში არ იკვებება მატერიალური დანაკლისის მქონე ბავშვების 44.9%, ასეთი დანაკლისის არმქონე ბავშვთა შორის კი ეს მაჩვენებელი 28.4%-ია.

მიზეზები, თუ რატომ არ იკვებებიან ბავშვები სასკოლო საათების განმავლობაში, განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობენ ისინი — ქალაქში თუ სოფლად — და აქვთ თუ არა სოციალური დანაკლისი.

სოფლად მცხოვრებ ბავშვებთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად დასახელებული მიზეზია სკოლაში ან მასთან ახლოს საკვების შეძენის შეუძლებლობა(47.9%). ქალაქის ტიპის დასახელებებში ეს მაჩვენებელი 28%-ს უდრის.

მეორე მხრივ, ქალაქად მცხოვრები ბავშვების შემთხვევაში უფრო ხშირად სახელდება ფულის არქონა ბავშვისთვის საკვების საყიდლად ან წასახემსებლად გასატანებლად(24.1%). სოფლის შემთხვევაში ეს მიზეზი 16%-ს შეადგენს.

თანხის არქონის ნაწილში განსხვავება გაცილებით თვალშისაცემია მატერიალურ-სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვებს შორის:

სკოლაში საკვების საყიდლად ან გამზადებული საკვების სახლიდან წასაღებად არასაკმარისი თანხა შეადგენს 37.7 %-ს იმ მიზეზებს შორის, თუ რატომ ვერ იკვებებიან ასეთი დანაკლისის მქონე ბავშვები სკოლის პერიოდში. იმავე მიზეზით სასკოლო საათებში საკვებს არ იღებს მსგავსი დანაკლისის არმქონე ბავშვების 3.3%.

მიზეზებს შორის ასევე ხშირად სახელდება ის, რომ ბავშვს სკოლის პერიოდში ჭამა არ სურს, შედარებით იშვიათად კი — საკვების მიმართ ნდობის არქონა და ა.შ.

უნდა კვებავდეს თუ არა სკოლა ბავშვებს

კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს ასევე ეკითხებოდნენ, უნდა კვებავდეს თუ არა ბავშვს სკოლა. სასკოლო ასაკის ბავშვების მშობლების/ოჯახის წევრების დიდი უმრავლესობა ამ კითხვაზე დადებითად პასუხობს (83.2%).

სკოლის მიერ საკვების უზრუნველყოფას ცოტა უფრო მეტად ემხრობიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების (85.7%) და სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების (85.8%) მშობლები/ოჯახის წევრები, ვიდრე ის მშობლები/ოჯახის წევრები, ვისი შვილებიც არ არიან მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე (81.5%) და ცხოვრობენ ქალაქში (79.9%).

ამასთან, რესპონდენტების უმრავლესობას (74.2%) სურს, გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამებში, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმისაწვდომი იქნება. რესპონდენტების 10.3 %-მა განაცხადა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ თანხის გადახდა.

კიდევ 12.5% ფიქრობს, რომ სკოლა ბავშვს უფასოდ უნდა კვებავდეს.

სასკოლო კვებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი განსხვავებებია მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე და არმქონე ბავშვების მშობლებს/ოჯახის წევრებს შორის:

მაგალითად, მსგავსი დანაკლისის მქონე ბავშვების ოჯახებიდან 21.5%-ის შემთხვევაში ამბობენ, რომ ამ პროგრამისთვის თანხის გადახდას ვერ გასწვდებიან. ხსენებული დანაკლისის არმქონე ბავშვების ოჯახების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2.9%-ია.

კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ კიდევ ერთ მიგნებასაც, რომლის თანახმადაც, რესპონდენტები, ვისი შვილებიც კერძო სკოლაში დადიან, მეტი ალბათობით გადაიხდიდნენ კვების თანხას დათქმების გარეშე (58.1%), ვიდრე ისინი, ვისი შვილებიც საჯარო სკოლაში არიან (25.9%).


კვლევა ჩატარდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან (ჯანდაცვის სამინისტროსთან) და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსთან შეთანხმებით და მისი მთავარი მიზანი იყო საქართველოში ბავშვის კეთილდღეობის მრავალ ასპექტზე მონაცემეთა მოგროვება, მათ შორის: ბავშვთა ხელმისაწვდომობა ჯანდაცვაზე, განათლებასა და სოციალურ დახმარებაზე; კვება სკოლის პერიოდში; მატერიალური და სოციალური დანაკლისი; აღზრდის მეთოდები და ფუნქციური სირთულეები. კვლევაში ჩართული იყო 1,279 რესპონდენტი და შეგროვდა ინფორმაცია მათ შინამეურნეობაში მცხოვრებ 2.438 ბავშვზე. კვლევის ინსტრუმენტის შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ „გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევის ოფისი“ Innocenti და „გაეროს ბავშვთა ფონდის“ საქართველოს ოფისი. კვლევის შედეგები არის საქართველოს ხელისუფლების მიერ ამჟამად კონტროლირებად რეგიონებში მცხოვრებელი ბავშვების რეპრეზენტატული. ანგარიშის მთავარი სამიზნე აუდიტორია არის ბავშვებისთვის სხვადასხვა მომსახურების გამწევი დაინტერესებული მხარეები, რომელთა შორისაც არიან შესაბამისი სამინისტროები, ადგილობრივი ხელისუფლებები, ბავშვის უფლებათა დაცვის ეროვნული და საერთაშორისო ორგანიზაციები და ზოგადად – ფართო საზოგადოებაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი