ჯერ კიდევ უცნობია, როდის დანერგავს სახელმწიფო სკოლებში უფასო კვების პროგრამას, რომელზეც წელიწად-ნახევარზე მეტია, რაც მუშაობს.

ასევე უცნობია, უფასო კვების რა მოდელს შეარჩევს სახელმწიფო და რა დაუჯდება ის. ამ პროცესში განათლების სამინისტრო მარტო არ არის. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობით სკოლებში უფასო კვების დანერგვის მიზნით უწყებათაშორისი საბჭოა შექმნილი. არც საბჭოსგან და არც რომელიმე სამინისტროსგან საზოგადოებას ამ დრომდე არ მიუღია პროგრამის შესახებ დეტალური გეგმა.

დღეს, 20 აპრილს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და „საქსტატის” კვლევა გამოქვეყნდა. კვლევის ერთ-ერთი საკვანძო ნაწილი სკოლებში უფასო სასკოლო კვებას ეხება. ამ დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მცხოვრები ბავშვების მესამედზე მეტი სასკოლო საათებში არასდროს იკვებება. მიზეზთა შორისაა როგორც საკვები ობიექტების არარსებობა, ისე — საკმარისი თანხის არქონა.

ამასთანავე, გამოკითხულთა უმრავლესობა, 74.2%, მათ შორის მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების მშობლები, ამბობს, რომ მზად არის გადაიხადოს თანხა სასკოლო კვების პროგრამისთვის, თუკი ეს თანხა მათთვის ხელმსაწვდომი იქნება.

რატომ ვერ დაინერგა პროგრამა აქამდე — რას ამბობენ განათლების სამინისტროში

ეკატერინე ლეჟავა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. 20 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ სამინისტროში უფასო კვების პროგრამაზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მათთვის მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი კვლევა, „რადგან მივიღეთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, რამდენად არის მშობელთა ნაწილი მზად, გაიღოს ფინანსური კონტრიბუცია სასკოლო კვების დაფინანსებითთვის“.

„გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხმარდჭერით ჩვენ მივყვებით პროცესს. მტკიცებულებებზე დაფუძნებით მოვიკვლიეთ საერთაშორისო გამოცდილება. სასკოლო კვების პროგრამა, ცხადია, მნიშვნელოვანია როგორც მისი პირდაპირი დანიშნულებით — კვებით უზრუნველყოფით — ასევე სოციალური და კულტურული ასპექტითაც. რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია განათლების სისტემისთვის იზრდება სასკოლო სივრცეში გატარებული დრო, გვექნება შესაძლებლობა, დამატებით არაფორმალური განათლების აქტივობებიც განვახორციელოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს ეკატერინე ლეჟავამ.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ლეჟავას თქმით, სკოლებში არსებული ინფრასტრუქტურაა — ბევრგან არ არის არც ბუფეტები, არც სამზარეულოები, არც სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად არსებული სტრუქტურა. მისი თქმით, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლა ინფრასტრუქტურის საკითხი „და ამის მიხედვით იგეგმება სხვადასხვა დივერსიფიცირებული მიდგომა“.

საქართველოში 2100 სკოლაა, რომელსაც სხვადასხვა საჭიროება აქვს. როგორც სამინისტრო, ასევე ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ რაკი რეგიონის სკოლას, სადაც 100-მდე მოსწავლე სწავლობს, ვერ ექნება იგივე საჭიროება, როგორც, მაგალითად, 3000-მოსწავლიან სკოლას, უფასო კვების პროგრამაც განსხვავებული ფორმატით უნდა დაინერგოს.

ეკატერინე ლეჟავას თქმით, სამინისტრო ასევე განიხილავს მშობლების მხრიდან თანადაფინანსების საკითხსაც, თუმცა უწყება ვერ ამბობს, მაგალითად, რამდენი იქნება სასკოლო კვების დანერგვის ბიუჯეტი. უცნობია ასევე, როდისთვის დაინერგება პროგრამა. ამ კითხვაზე პასუხად ლეჟავა ამბობს, რომ კონკრეტული თარიღის დასახელება გაუჭირდება, „რადგან პროცესი რთულია და არ არის ერთგვაროვანი სიტუაცია“:

„კი, ნამდვილად აქვს პოლიტიკური მზაობა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას. თუმცა ამ პროცესში განათლების სამინისტრო მარტო არ იღებს გადაწყვეტილებას, შექმნილია უწყებათაშორისო ჯგუფი, რომელშიც შედის მათ შორის ჯანდაცვის, ფინანსთა და სხვა სამინისტროები, და ერთობლივად მიიღება ყველა გადაწყვეტილება. ასევე, მუნიციპალიტეტების თანამონაწილეობა იქნება მნიშვნელოვანი.“

დეტალებზე ჟურნალისტებთან არ ისაუბრა არც ნიკო თათულაშვილმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინიტრის მრჩეველმა. მან თქვა, რომ პროგრამის ირგვლივ მუშაობა მიმდინარეობს და „ლოგიკური დასასრული მიღწეული იქნება“.

რას ამბობენ UNICEF-შო?

„ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვართ აქტიურად [ჩართული] მიუხედავად იმისა, რომ პროგრამისთვის ადვოკატირების ფარგლებში ჩვენ შევძელით მთავრობის წარმომადენელთა, ყველა შესაბამისი უწყების და პარლამენტის მობილიზება. შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს ამ ადამიანთა ერთობიდან ერთი მაინც, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ამ საკითხის მნიშვნელობას. ერთად ვთანხმდებით, რომ გასაკეთებელია… მაგრამ, როგორც იტყვიან, ეშმაკი დეტალებშია და როგორც კი ვიწყებთ ამ დეტალებში ჩახედვას – იწყება პრობლემები.

რა თქმა უნდა, გაუკეთებელი არაფერი არ არის, მაგრამ ამას სჭირდება, რეალურად, ძალიან მყარი გადაწყვეტილება, რომ ამის კეთება დაიწყონ იმიტომ, რომ ბევრი წვრილმანი და დეტალია, რომელსაც დამუშავება სჭირდება“, — ამბობს ნეტგაზეთთან თაკო უგულავა, UNICEF-ის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი.

თაკო უგულავას თქმით, დღევანდელმა კვლევამ აჩვენა სოციალური დაკვეთა, რომ საზოგადოებას უნდა უფასო კვება სკოლებში იმ პირობით, თუ სახელმწიფო მის ორგანიზებას უზრუნველყოფს. ეს სოციალური დაკვეთა ჩანს იმაშიც, რომ მოსახლეობის ნაწილი მზადაა, თავად გადაიხადოს ფული და პროგრამაში თანადაფინანსებით შემოვიდნენ.

UNICEF-ში ამბობენ, რომ დღეს ბევრი გამოწვევა არსებობს, მათ შორის, ინფრასტრუქტურისა თუ სკოლების გეოგრაფიული სხვაობის თვალსაზრისით, შესაბამისად –  „გარკვეული ერთი ფორმულით მიდგომა შეუძლებელია, შესაბამისად, პროცესი შეიძლება წავიდეს მოსინჯვით, იმ მეთოდებით, რომელიც შეიძლება პირველივე ჯერზე არ იყო საუკეთესო, მაგრამ უნდა დამუშავდეს.“ უკანასკნელზე საუბრისას კი თაკო უგულავა ამბობს, რომ ორგანიზაცია მზადაა, დაეხმაროს სახელმწიფოს, მათ შორის, ჩაუღრმავდეს იმ მიგნებებსაც, რომელიც კვლევამ აჩვენა.

ამის მიუხედავად, პროგრამის დაწყების შესახებ დეტალები ჯერ კიდევ ბუნდოვანია. 

„მოგეხსენებათ, მენეჯმენტი შეიცვალა განათლების სამინისტროში. ჩვენ მათთან ძალიან აქტიურად ვთანამმშრომლობთ და არანაირი პრობლემა ამ კუთხით არ წამოჭრილა… თუმცა ჩვენ თვითონ გადავწყვიტეთ, რომ გარკვეული დრო მიგვეცა, რათა ამ თემაზე მენეჯმენტი ჩამოყალიბებულიყო. არა მინისტრისგან, თუმცა, დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან ვიცით, რომ პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ მაგრამ არაფრის თქმა არ შემიძლია იმიტომ, რომ დეტალურად ამ პროცესში ჩვენ არ ვართ ამ ეტაპზე ჩართულები”, —  ამბობს თაკო უგულავა.

მისივე განცხადებით, ამ საკითხე ბოლო შეხვედრა პარლამენტთან 26 იანვარს გაიმართა და მას განათლების მოქმედი მინისტრი კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსით ესწრებოდა.

უგულავა იმედოვნებს, რომ სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების პროგრამას განათლების მინისტრი ისევე ენთუზიაზმით მიუდგება, როგორც ამას კომიტეტის თავმჯდომარეობისას აკეთებდა.


მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქვეყანაში უკვე წლებია შემუშავებული აქვთ სკოლის მოსწავლეთა უფასო კვების სხვადასხვა მოდელი. მათ შორის აშშ-ს, გერმანიას, საფრანგეთს, ესტონეთსა და სხვა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ სკოლებში ბავშვთა კვების საკითხმა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დროს დაიბრუნა აქტუალურობა. კერძოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამოჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები ახალი დაპირებებით – „უფასო კვება თბილისის საჯარო სკოლებში“. მანამდე კი იგივე მოთხოვნა ჰქონდა მოძრაობა „ხმას“, რომელმაც ჯერ კიდევ 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე კამპანიას იწყებდა.

საქართველოს ხელისუფლება უკვე თვეებია ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა – ჯერჯერობით უცნობია.

ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ: