ახალი ამბები

„ჯორჯიან ეარვეიზი“ თბილისი-მოსკოვის ბილეთს, სულ მცირე, 824 ლარად ყიდის

17 მაისი, 2023 • 1012
„ჯორჯიან ეარვეიზი“ თბილისი-მოსკოვის ბილეთს, სულ მცირე, 824 ლარად ყიდის

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ „ჯორჯიან ეარვეიზი“ გახდა მეორე კომპანია, რომელმაც ქართული მხარისგან ფრენებზე ნებართვა მიიღო, რუსული „აზიმუტის“ შემდეგ.

ქართული ავიაკომპანიის ვებსაიტზე უკვე ხელმისაწვდომია თბილისი-მოსკოვის ბილეთები. ყველაზე იაფი რეისი 22 მაისსაა დაგეგმილი, ბილეთის ღირებულება, სულ მცირე, შეადგენს 824 ლარსა და 90 თეთრს. დანარჩენ რეისებზე ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი კი 950 ლარს აჭარბებს.

ბილეთების ღირებულების დიაგრამა მაისში. სქრინშოთი „Georgian Airways“-ის საიტიდან.

ბევრად ძვირი ღირს ბილეთები ივნისში – საშუალოდ 1000 ლარზე მეტი.

ბილეთების ღირებულების დიაგრამა ივნისში. სქრინშოთი „ჯორჯიან ეარვეიზის“ საიტიდან.


მოქალაქეებმა 16 მაისს კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. „ჯორჯიან ეარვეიზში“ საპასუხოდ ისაუბრეს მათ წინააღმდეგ წარმოებულ „ბინძურ კამპანიაზე“:

რუსეთმა 10 მაისს მოხნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ „მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.

ფრენების ნებართვა უკვე მიიღო ორმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“ და ქართულმა „Georgian Airways-მა“.

ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი