ახალი ამბები

პესკოვის თქმით, სავიზოს გაუქმება „ჰუმანიტარული ხასიათის“ გადაწყვეტილებაა

11 მაისი, 2023 • 987
პესკოვის თქმით, სავიზოს გაუქმება „ჰუმანიტარული ხასიათის“ გადაწყვეტილებაა

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ორი ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თხოვნით გააუქმა, ამბობს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

მისი თქმით, პუტინის გადაწყვეტილება „ჰუმანიტარული ხასიათისაა“.

„საუბარია ჰუმანიტარული ხასიათის გადაწყვეტილებაზე. რუსეთის ხელისუფლება საკმაო ხნის განმავლობაში იღებდა ორივე ქვეყნის მოქალაქეების, ბიზნესმენების, საზოგადოებრივი გაერთიანებების, სამეცნიერო წრეებისა და კულტურის მოღვაწეების მიმართვებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს [სავიზო რეჟიმის და პირდაპირი ფრენების შეზღუდვის გაუქმება] გვთხოვდნენ. სწორედ რომ ჰუმანიტარული გადმოსახედიდან გაკეთდა ეს“, – ციტირებს მას „ინტერფაქსი“.

პესკოვს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა სავიზო რეჟიმის გაუქმება გახდეს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის წინაპირობა. მან თქვა, რომ სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით „ასე შორს არ წავიდოდა“.


გუშინ რუსეთის ფედერაციამ გააუქმა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე.

მმართველ გუნდში ამ გადაწვყეტილებას პოზიტიურად შეხვდნენ, თუმცა ნეგატიური იყო პრეზიდენტისა და ოპოზიციის რეაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი