საზოგადოება

მილიონი თუ 258 ათასი? – რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში რეალურად

11 მაისი, 2023 • 4332
მილიონი თუ 258 ათასი? – რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში რეალურად

„რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს“ – ამ არგუმენტს ხშირად მოისმენთ „ქართული ოცნების“ თუ პრო-რუსული ძალების წარმომადგენლებისგან, როცა საუბარი რუსეთთან ურთიერთობაზე ან კონკრეტული ნაბიჯების გამართლებაზე მიდის.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები გვეუბნებიან, კრემლის მიერ სავიზო რეჟიმის თუ პირდაპირ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვის გაუქმება, – „ცალმხრივად დაწესებული სანქციების“, – დიდად გაუმარტივებს ცხოვრებას ამ „მილიონ ქართველს“ და სწორედ ამიტომ, „ოცნება“ ამ სანქციების გაუქმებას ემხრობა.

„ჩვენი მილიონზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. […] ჰუმანიტარული პრიზმიდან დანახული ეს გადაწყვეტილება ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ხელისუფლებისთვის არის მისასალმებელი, რომელიც გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს ყოფით პირობებს“, – თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სავიზო რეჟიმის და ავიამიმოსვლის შეზღუდვის გაუქმებაზე.

„არაოფიციალურად – 800 000“

უცნობია, კონკრეტულად რომელ მონაცემს ეყრდნობიან მმართველ პარტიაში რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე საუბრისას.

ღია წყაროებში ძებნისას „ნეტგაზეთმა“ ვერ მიაკვლია საქართველოს თუ რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ სტატისტიკას, სადაც ასეთ რიცხვზე იქნებოდა საუბარი.

„საქსტატში“ გვითხრეს, რომ ასეთი მონაცემები არ აქვთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი გვიპასუხეს, რომ საკითხს არკვევენ.

ერთადერთი მიახლოებული მონაცემი 2015 წლით თარიღდება და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს [ახლა ეს უწყება აღარ არსებობს] ეკუთვნის, თუმცა ეს სტატისტიკა, როგორც თავად უწყებაში თქვეს, არაოფიციალურია.

კერძოდ, 2015 წელს “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის” (IDFI) მიწოდებული სტატისტიკის თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრები 1 607 744 საქართველოს მოქალაქიდან თითქმის ნახევარი, 800 000-მდე, რუსეთში ცხოვრობს და აქედან 285 915-ს რუსეთის მოქალაქეობაც აქვს [2009 წლისთვის].

რუსული სტატისტიკა „ოცნების“ რიტორიკის საწინააღმდეგოდ

ბევრად ნაკლებია ქართველთა თუ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა რუსეთში, თუ რუსული სახელმწიფო სტრუქტურების ოფიციალურ სტატისტიკას დავეყრდნობით.

რუსეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობის მიახლოებითი გამოთვლისთვის შეგვიძლია მივმართოთ რუსეთის მოსახლეობის უახლეს, 2020 წლის აღწერას. ამ დოკუმენტში კი შეგვიძლია გამოვიყენოთ სამი მაჩვენებელი:

  • ისინი, ვისი მშობლიური ენაცაა ქართული;
  • ისინი, ვინც თავს ეროვნებით ქართველად მიიჩნევს;
  • ისინი, ვინც საქართველოში [მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე] დაიბადა.

სწორედ ბოლო მონაცემს იყენებს მკველვარი დავით სიჭინავა, „CRRC საქართველოს“ კვლევების დირექტორი, ვინაიდან, როგორც თავად ამბობს, მხოლოდ ეთნიკური კუთვნილება საქართველოსთან კავშირის დასადგენად მთლად გონივრული საზომი არაა. საქართველოში დაბადებულ სხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებსაც შეიძლება ჰქონდეთ დღემდე კავშირი საქართველოსთან.

რუსეთის აღწერის თანახმად, სულ საქართველოში [მათ შორის – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსულ დოკუმენტში მოცემულნი არიან როგორც ცალკე სახელმწიფოები] დაბადებულია, ჯამში, 257 725, რომელიც რუსეთში ცხოვრობს.

ეს ორჯერ ნაკლებია 2010 წლის ანალოგიურ მონაცემზე.

სტატისტიკურ ანალიზზე დაყრდნობით, სიჭინავა „მითს“ უწოდებს რუსეთში „მილიონი ქართველის“ ცხოვრებას. ჯერ კიდევ მოსკოვის მიერ ფრენების შეზღუდვის მოხსნამდე იგი წერდა, რომ ხელისუფლებამ არგუმენტი „მილიონი ქართველის“ შესახებ შეიძლება ფრენების აღდგენის მიზეზად გამოიყენოს:

„მილიონი თანამემამულე თვალსა და ხელს შუა, გაზაფხულის თოვლივით გაგვიქრა და 258 ათასად იქცა. შესაბამისად, თუკი რუსეთთან ფრენების აღდგენას ამ მითის საფუძველზე შემოგვასაღებენ, ალბათ უფრო მეტად უნდა დავფიქრდეთ ასეთი ნაბიჯის რეალურ მიზეზებზე“, – წერს იგი.

რაც შეეხება კითხვას ეთნიკურ კუთვნილებაზე, აღწერაში 113 430-მა პირმა უპასუხა, რომ ქართველია. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სტატისტიკის სამსახური ქართველებს რამდენიმე ჯგუფად ყოფს – მაგალითად, ცალკე არიან სტატისტიკაში მეგრელები, აჭარლები, ქართველი ებრალები და ლაზები.

ჩაშლილად ეს მონაცემები ასე გამოიყურება:

  • ქართველები – 112 765;
  • ქართველი ებრაელები – 14;
  • აჭარლები – 166;
  • მეგრელები – 391;
  • ლაზები – 94;

სომხებისა და აზერბაიჯანელების ჯგუფში არიან გაერთიანებულნი „ქართველი სომხები და აზერბიჯანელებიც“, თუმცა სტატისტიკა კონკრეტულად მათ რაოდენობაზე წარმოდგენილი არ არის.

ამავე აღწერით, რუსეთში მცხოვრები 16 594 759 ადამიანის შემთხვევაში ეროვნება მითითებული არაა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა 7 მილიონზე ოდნავ მეტმა.

მილიონთან ახლოსაც ვერ ვიდის მათი რაოდენობა, ვინც მშობლიურ ენად დაასახელა ქართული. სულ ასეთი ადამიანების რაოდენობა 76 166-ს შეადგენს. თუმცა აქაც 16 მილიონზე მეტმა მშობლიური ენის დასახელებაზე უარი თქვა.

რაც შეეხება იმ პირთა რაოდენობას, ვინც რუსეთში ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს, 3045-ს შეადგენს.

მოსახლეობის აღწერაში აგრეთვე არის კატეგორია, რომელშიც მოცემულია მონაცემი იმ პირებზე, ვინც დროებით რუსეთში იმყოფება, მაგრამ მუდმივად სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს. მუდმივი რეზიდენციის ქვეყნად საქართველო მხოლოდ 2104-მა ადამიანმა დაასახელა.

„ქართველობა სტატისტიკაში აღარ აისახება“

დღევანდელ, 11 მაისის ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც მოუყვანეს 2020 წლის აღწერის მონაცემები. მას ისინი სარწმუნოდ არ მიაჩნია:

„თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთში ცხოვრობს მხოლოდ 144 000 ქართველი, შეუძლია დაიჯეროს. რეალურად, შეგვიძლია ჩვენ გარშემო მიმოვიხედოთ, რამდენი ადამიანი, რამდენი ოჯახის წევრი, მეზობელი, ახლობელი და ასე შემდეგ არის წასული რუსეთში 90-იანი წლებიდან. არსებობს მონაცემები, რამდენი გავიდა, რამდენი დაბრუნდა, არ დაბრუნდა და ასე შემდეგ“, – ამბობს კობახიძე, თუმცა არ ასახელებს, კონკრეტულად რომელ მონაცემს ეყრდნობა.

მისივე თქმით, „ქართველობა სტატისტიკაში აღარ აისახება“, რისი მიზეზიც ქართველთა შიშია, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის შემდეგ.

„რაც შეეხება რუსეთის აღწერის მონაცემებს, იქ შეყვანილნი არიან მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ თავს აცხადებს ქართველად. თუმცა, შეგახსენებთ, რა მოხდა იგივე 2006 წელს.

რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება ქართველების დეპორტაციაზე, მათ შორის სატვირთო თვითმფრინავებით გამოაძევეს ჩვენი მოქალაქეები, რაც მოჰყვა კონკრეტულ ქმედებებს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, გამართლება, ბუნებრივია, არ ჰქონდა.

ამის შემდეგ ბევრი ადამიანი თავს იკავებდა ქართველად საკუთარი თავის გაცხადებისგან. შესაბამისად, მათი ქართველობა სტატისტიკაში აღარ აისახება. ბევრს გვარიც აქვს გადაკეთებული. ეს იყო შიშის გამოხატულება“, – დასძენს „ოცნების“ თავმჯდომარე.

შემცირებული შიში?

ირაკლი კობახიძის არგუმენტთან მთლად თანხვედრაში არ მოდის რუსეთში 2010 წელს ჩატარებული აღწერა. თუ დავუშვებთ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები, როგორც წესი, ეროვნებას შიშის გამო არ ამჟღავნებენ, 2010 წელს ეს შიში კიდევ უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე დღეს – 2006 წლის დეპორტაციიდან ოთხი, აგვისტოს ომიდან კი ორი წლის შემდეგ. ამასთან ერთად, იმ დროს საქართველო-რუსეთის ურთიერთობები დღევანდელზე ბევრად დაძაბული იყო.

თუმცა 2010-ის აღწერით იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს ქართველს უწოდებს, არათუ არ ჩამოუვარდება 2020-ის მაჩვენებელს [113 430], არამედ აღემატება და ჯამურად შეადგენს 158 995-ს.

სად უნდა ვეძებოთ სტატისტიკაში არასახული ქართველები?

თუკი კობახიძის მსჯელობის ხაზს გავყვებით და ეთნიკური კუთვნილების გზას ავირჩევთ, 886 570 ქართველი უნდა იყოს ან იმ 16 594 759 პირს შორის, ვის შემთხვევაშიც რუსულ სტატიასტიკაში ეროვნება დაკონკრეტებული არაა, ან იმ 7 004 052 ადამიანს შორის, ვინც საკუთარი ეროვნების დასახელება არ ისურვა. უფრო სავარაუდოა, რომ შიშის არსებობის შემთხვევაში, რესპონდენტები არ ისურვებდნენ ეროვნების დასახელებს.

გამოდის, რომ იმ ჯგუფში, ვისი ეროვნებაც დაკონკრეტებული არაა, ქართველთა წილი უნდა შეადგენდეს 5,3%-ს. იმ ჯგუფში, ვინც არ ისურვა დასახელება – 12,65%-ს.

აგრეთვე შეგვიძლია გამოვიყენოთ სტატისტიკა მშობლიურ ენასთან დაკავშირებით – ქართული ასეთად დაასახელა რესპონდენტთა მხოლოდ 76 166-მა. არ მიუთითა მშობლიური ენა 16 638 532-მა. მილიონამდე მისასვლელად ამ ჯგუფში ქართველთა წილი უნდა შეადგენდეს 923 884-ს, ანუ საერთო რაოდენობის 5,5%-ს.

თუმცა, მიუხედავად აღწერაში ეროვნების განუცხადებლობისა, რუსეთის ხელისუფლებას მაინც აქვს წვდომა მათ მონაცემებთან, იქნება ეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე თუ სამუშაოდ ლეგალურად ჩასული პირების შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი