ახალი ამბები

„ყველაზე მკაცრი მიდგომა ავირჩიეთ“ – რას ამბობს დავითაშვილი რუსეთთან ფრენებზე

15 მაისი, 2023 • 1343
„ყველაზე მკაცრი მიდგომა ავირჩიეთ“ – რას ამბობს დავითაშვილი რუსეთთან ფრენებზე

საქართველომ რუსული ავიაკომპანიებისა და ხომალდებისთვის ფრენის ნებართვის კუთხით „ყველაზე მკაცრი მიდგომა“ აირჩია, ამბობს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

დღეს, 15 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა თქვა, რომ თბილისმა სამი რუსული ავიაკომპანიისგან მიიღო განაცხადი ფრენების განხორციელებაზე და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ხვალისთვის უნდა ველოდოთ.

მისივე თქმით, ფრენის სურვილი გამოთქვა ერთმა ქართულმა კომპანიამაც. რაც შეეხება მიმართულებებს, დავითაშვილმა თქვა, რომ „მოთხოვნა არის თბილისზე, ქუთაისადა ბათუმზეც, როგორც ქართული ავიაკომპანიის, ისე რუსულების მხრიდან“.

ვის (არ) მისცემენ ფრენის ნებართვას?

როგორც მინისტრი ამბობს, ფრენის საშუალება ექნებათ კომპანიებსა და ბორტებს, რომლებიც არ არიან სანქცირებულნი დასავლეთის, ან მწარმოებელი კომპანიების მიერ. ანუ, ფრენებს ვერ შეძლებენ ის ხომალდები, რომლებსაც არ აქვთ წვდომა ტექნიკურ მომსახურებაზე. ასეთი განცხადება მის უწყებაში უკვე აქვთ გაკეთებული.

ჟურნალისტებმა უთხრეს დავითაშვილს, რომ რუსული კომპანიების დასავლური წარმოების ხომალდებს არ აქვთ წვდომა სხვადასხვა დეტალზე თუ მომსახურებაზე და ფრენას მხოლოდ რუსული წარმოების თვითმფრინავები შეძლებენ. მან კი უპასუხა, რომ ეს ხომალდები ადგილობრივ, რუსულ სტანდარტებს აკმაყოფილებენ, რაც, საერთაშორისო მიდგომის მიხედვით, საკმარისია.

რას უქადის ფრენები საქართველოს?

დავითაშვილს აგრეთვე ჰკითხეს, რას მოუტანს საქართველოს ფრენების აღდგენა და ხომ არ არის, მაგალითად, სანქციების ქვეშ მოხვედრის რისკი.

მან ხაზი გაუსვა, რომ თბილისს ვაშინგტონთან „სანიმუშო თანამშრომლობა“ აქვს სანქციების აღსრულების კუთხით. მისივე თქმით, არაფერი ემუქრებათ ქართულ ავიაკომპანიებს – „იყენებენ წამყვანი მწარმოებლების ბორტებს“ და აქვთ წვდომა ტექნიკურ და სხვა სერვისებზე, რის გამოც სანქციები ვერ დაემუქრებათ.

დავითაშვილმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ფრენების აღდგენა ცხოვრებას გაუმარტივეს რუსეთში მცხოვრებ „ასეულ ათას“ ქართველს.


10 მაისს რუსეთმა მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმეს სავიზო რეჟიმი, რამდენიმე რუსულმა ავიაკომპანიამ უკვე გამოხატა საქართველოში ფრენის სურვილი. აშშ და ევროკავშირი კი აცხადებენ, რომ ახლა არაა დრო, როცა ვინმემ რუსეთთან ურთიერთობა უნდა გაზარდოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი