თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია მიიჩნევს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტით პოლიტიკურად მანიპულირებენ.

„თსუ-ის არჩევანი ევროპაა. როგორც თსუ-ის რექტორს, მიმაჩნია, რომ დაუშვებელია სტუდენტების გულწრფელი პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩემთვის, იმავდროულად, მნიშვნელოვანია თითოეული ახალგაზრდის უსაფრთხოება. უახლოეს დღეებში ვფიქრობ სტუდენტებთან შეხვედრას ამ კანონის შესახებ“, — დაწერა სამუშიამ პირად ფეისბუკგვერდზე.

რექტორის ამ განცხადებას წინ უძღოდა სტუდენტების პროტესტი რუსული კანონის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და მედიის შეზღუდვაა. მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთის აკადემიური სივრციდან, სამოქალაქო სექტორიდან და მედიიდან, 2012 წლის შემდეგ განდევნა თავისუფალი აზრი.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროპული მომავლისკენ“, — აღნიშნული თსუ-ის სტუდენტებმა დღეს, 8 მარტს განაცხადეს.

დღესვე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია გამართეს, რა დროსაც დახიეს ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო „კონსტიტუციური სამართალი“.

ჯაბა სამუშია უნივერსიტეტის რექტორი რამდენიმე თვის წინ გახდა არჩევნებში, სადაც კონკურენტი არ ჰყავდა.

სამუშაო წლების განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი თბილისის საკრებულოში.


ჯაბა სამუშია რუსული კანონის ერთ-ერთ ავტორთან, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად. ფოტო სამუშიას არქივიდან.


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.