თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები გმობენ გუშინ, 7 მარტს, „ქართული ოცნების” მიერ პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს.
„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის პრინციპებს და ძირს უთხრის საქართველოს სწრაფვას ევროპული მომავლისკენ“, — ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.
განცხადებაზე ხელმომწერები ხაზს უსვამენ, რომ კანონპროექტის შინაარსი და მიზანი სრულად ემთხვევა 2012 წლის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებების ორგანიზაციების, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის მიღებულ კანონმდებლობას და საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ფუნდამენტურ უფლებებს; ასევე, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებულ სწრაფვას ევრო-ატლანტიკური ორგანიზაციების წევრობისკენ.
„ჩვენთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, განსაკუთრებით სამწუხაროა კანონპროექტის მხარდამჭერებს შორის ჩვენი ყოფილი და მოქმედი ლექტორების — ირაკლი კობახიძის, გიორგი კახიანისა და ანრი ოხანაშვილის ნახვა. კანონპროექტის მხარდაჭერით, მათ უარი განაცხადეს იმ პრინციპების ერთგულებაზე, რომლებზეც საუნივერსიტეტო სივრცეში საუბრობდნენ. აუცილებლად გვსურს აღვნიშნოთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორების ნაწილი მაღალ პოლიტიკურ თუ ადმინისტრაციულ თანამდებობებს იკავებენ საქართველოს პარლამენტში, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. სამწუხაროდ, მათი დიდი ნაწილისგან ჩვენ არ მოგვისმენია პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი ანტიკონსტიტუციური კანონპროექტის კრიტიკა“, — ნათქვამია განცხადებაში.
სტუდენტები და კურსდამთავრებულები მოუწოდებენ იურიდიული ფაკულტეტის დეკან თამარ ზარანდიას, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს, რომ ღიად და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია კანონპროექტისა და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის დამაზიანებელი პროცესების შესახებ.
აგრეთვე, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, არ დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება, რომლის შესაბამისადაც, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
განცხადებას ამ დროისთვის 134 სტუდენტი და კურსდამთავრებული აწერს ხელს.
7 მარტს საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას.
მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართლებით სხვადასხვა საგნის, მათ შორის აალებადის, სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.







