ახალი ამბები

თსუ-ს ეზოში სტუდენტებმა კობახიძის „კონსტიტუციური სამართალი“ დახიეს

8 მარტი, 2023 • 1482
თსუ-ს ეზოში სტუდენტებმა კობახიძის „კონსტიტუციური სამართალი“ დახიეს

თბილსისი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სასწავლებლის ეზოში  დახიეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სახელმძღვანელო „კონსტიტუციური სამართალი“.

სტუდენტებმა უნივერსიტეტის ეზოში გააპროტესტეს „აგენტებზე“ რუსული კანონი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ისინი გეგმავენ, დღეს, 8 მარტს, პარლამენტთან დაგეგმილ დემონსტრაციას შეუერთდნენ.

პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილებს ხელში უკავიათ საპროტესტო პლაკატები, წარწერებით “არა რუსულ კანონს!”; “ჩვენი თვითმიზანი ევროკავშირია!”; “სტუდენტებს გვინდა თავისუფალი ქვეყანა!” და “არასდროს უკან, საბჭოთა კავშირში!”

აქცია თსუ-ს ეზოში


საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს. კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.

საქართველოს ათასობით მოქალაქე უკვე რამდენიმე დღეა, აპროტესტებს რუსული კანონპროექტის მიღებას. მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ 7 მარტის აქციაზე წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.დარბევის დაწყების შემდეგ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო აქციის მხარეს მყოფმა ადამიანთა ნაწილმა.შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს 66 პირი, დაშავებულია 50-მდე პოლიციელი. ცნობები აქციის დაშავებული მონაწილეების რაოდენობის შესახებ ჯერ დაუზუსტებელია.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ ეს კანონი, მას ვეტოს დაადებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი