პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საგანგაშოა, რომ სხვადასხვა ჯგუფები ტაბუს დადებას ითხოვენ „უცხოეთის გავლენის აგენტის“ კანონპროექტზე.
პაპუაშვილის თქმით, „გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების“ თემაზე ცენზურა ანტიდემოკრატიულია. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ მოამზადა მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაზღუდად და რომლის განხილვის დაწყებაც კი სამოქალაქო სექტორის მიერ ფასდება ქვეყნის რეპუტაციისა და ევროპული პერსქეტივის დამაზიანებლად.
„ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით უბრალოდ ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა თემის. საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია.
რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გვესმის, ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა. შესაძლებელია, აქ იყო სენსიტიური თემები, მაგრამ სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ და ამ მხრივ მცდელობა, რომ ტაბუ დაედოს დისკუსიას, არადემოკრატიულია. როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ეს ჩემთვისაც არ არის ახალი თემა.
ამაზე მე ყოველთვის ვესაუბრებოდი როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს. საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ის ხალხი და მათ გარშემო ინფორმაცია, იქნება ეს ფინანსური თუ სხვა, რომლებიც მონაწილეობდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილი გამოეხმაურა იმ შეფასებსაც, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ კანონმდებლობას ეფუძნება და თქვა, რომ მისთვის მიუღებელია საქართველოს შედარება რუსეთთან.
მისი თქმით, ნებისმიერი კანონი ცუდმა რეჟიმმა შეიძლება გამოიყენოს ცუდად, თუკი ის ცუდად არის ფორმულირებული.
„ანტიდემოკტარიულია საკითხებისადმი ტაბუს დადება. გასაგებია, რომ არის სენსიტიური საკითხი და გასაგებია, რომ არსებობს ცუდი პრაქტიკები. ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ცუდად იქნას გამოყენებული, ეს არ არის რეგულაციის პრობლემა, ეს არის სისტემების პრობლემა. როდესაც ადარებენ საქართველოს რუსეთს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ავტორიტარულ რეჟიმზე, რაც არის რუსეთში, სადაც დემოკრატიაზე არაა საუბარი და საქართველოსთან შედარება აბსოლუტურად მიუღებელია. ამ ლოგიკით თუ მივყვებით, მაშინ უნდა შევხედოთ, რუსეთში რა კანონებია და ასეთი სახის კანონები არ უნდა გვქონდეს არაფერზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.
კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ “ხალხის ძალის” ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ “უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების” რეესტრში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
ამ თემაზე წაიკითხეთ:
- ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად
- განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას — ხულორდავა უცხოური აგენტების კანონპროექტზე
- საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან — შტეფან მაისტერი
- ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს – კობახიძე
- „კანონი დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს“ — აშშ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე
- არ დაუჭიროთ მხარი “ხალხის ძალის” კანონპროექტს – PACE-ს მოწოდება ქართველ დეპუტატებს