ახალი ამბები

განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას — ხულორდავა უცხოური აგენტების კანონპროექტზე

15 თებერვალი, 2023 • 1279
განხილვაც კი დააზიანებს საქართველოს რეპუტაციას — ხულორდავა უცხოური აგენტების კანონპროექტზე

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, „ეგერია სოლუშენსის“ დამფუძნებელი პარტნიორი თამარ ხულორდავა ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოური გავლენის აგენტის შესახებ, ეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესისგან რადიკალური გადახრა, რაც სამომავლოდ ნეგატიურად აისახება ევროპული ინსტიტუტებისგან ფინანსური დახმარების მიღებაზე.

„არათუ უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონის მიღება, არამედ მისი სერიოზული განხილვაც კი მნიშვნელოვნად დააზიანებს საქართველოს ისედაც შერყეულ საერთაშორისო რეპუტაციას. კანონის საბოლოოდ არმიღების შემთხვევაშიც კი, მისი განხილვით უდიდესი ზიანი მიადგება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. ევროპული ინტეგრაცია მოითხოვს ქვეყნის სხვადასხვა სექტორის მზაობას ევროპული სტანდარტების და კანონმდებლობის დანერგვისთვის, მაგრამ ევროპული ინტეგრაცია, პირველ რიგში, პოლიტიკური პროცესია. ქვეყანას, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს და აქტივობას, რომელიც მიზანმიმართულ კამპანიას ეწევა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, არავინ განიხილავს ევროკავშირის წევრობის სერიოზულ კანდიდატად“, — აცხადებს ხულორდავა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) გამოკითხვაში.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

სრულად იხილეთ: ექსპერტთა შეფასება: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე.

ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად

უცხოელი და ქართველი ანალიტიკოსები ამბობენ, რას გამოიწვევს უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება

მასალების გადაბეჭდვის წესი