კომენტარი

„კანონი დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს“ — აშშ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე

16 თებერვალი, 2023 • 1625
„კანონი დამოუკიდებელ ხმებს ჩაახშობს“ — აშშ „ხალხის ძალის“ ინიციატივაზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. მან განაცხადა, რომ დეპარტამენტმა იცის კანონპროექტის შესახებ და გამოხატავს შეშფოთებას მის გამო.

„ჩვენ ეს წუხილები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღვწიან. ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, – აცხადებს პრაისი.

კანონპროექტის გაცხადების შემდგ, საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატთა ნაწილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის აგენტის“ მსგავსი საკანონმდებლო ჩარჩო თავად ამერიკასაც აქვს. ეს ინფორმაცია პრაისმა კატეგორიულად უარყო ბრიფინგზე და თქვა, რომ აშშ-ის საკანონმდებლო რეგულაციები ამ კუთხით სრულად განსხვავდება.

„განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს კანონპროექტი დაფუძნებულია შეერთებულ შტატებში არსებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე (FARA)“, აშკარად მცდარია. მეტიც, ჩანს, რომ ეს კანონპროექტი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას [და არა FARA-ს ან რომელიმე ამერიკულ კანონმდებლობას]“, — დასძენს იგი.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი