კომენტარი

ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს – კობახიძე

15 თებერვალი, 2023 • 3533
ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობაში მათივე პარტნიორებისა და ყოფილი წევრების, “ხალხის ძალის” მიერ ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

თუმცა, როგორც კობახიძემ რ2-ის ეთერში განაცხადა, ის გაეცნო ამ კანონპროექტს და როგორც იურისტი ამბობს, რომ საუბარი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რისი წინააღმდეგიც არაა.

“ჩვენ არ გვქონია უმრავლესობის შეკრება გუნდში და არ გვქონია ზოგადად მსჯელობა ამ თემასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მე არ მაქვს უფლებამოსილება, რომ დღეს გუნდის პოზიცია დავაფიქსირო. შევიკრიბებით და ასე მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება.

“ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”.

კითხვაზე, რომ აზრთა სხვადასხვაობა წარმოშვა თვითონ ტერმინმა აგენტმა, კობახიძემ უპასუხა: “ყველამ იცის, რომ აგენტი სხვაა და ჯაშუში სხვა”.

“ზოგადად ყველამ იცის, რომ აგენტი არ ნიშნავს ჯაშუშს. ანუ, საქართველოს კანონმდებლობას თუ ჩახედავთ, ჯაშუშობა არის დასჯადი, ანუ აგენტურული საქმიანობა, როგორც ასეთი – ასეთი ტერმინოლოგია არ გამოიყენება. ჯაშუშობა არის დასჯადი სხვა რამე და ვიღაცის და რაღაცის აგენტი რომ ხარ – ეს არის სხვა რამე. აგენტი ნიშნავს იმას, რომ ვიღაცის ინტერესის გამტარებელი ხარ და არა ჯაშუში. ამ ტერმინს რეალურად ვერ გამოეკიდები, არსებობს დაზღვევის აგენტი, რომლის მიზანია დაგარწმუნოს, კონკრეტული ხელშეკრულება გააფორმო სადაზღვევო კომპანიასთან, ბანკში არის აგენტი და ყველა სფეროში არიან აგენტები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გვაქვს და არ ნიშნავს იმას, რომ აგენტებზე და აგენტურაზე მუშაობს, ხომ. ეს მიღებული ტერმინია რეალურად, ნიშნავს ინტერესების გამტარს”, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე უპასუხა იაგო ხვიჩიას კომენტარს, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სულელურ კანონებს სხვადასხვა კონტექსტი აქვს, ხოლო საქართველოში რუსული კონტექსტის მქონე კანონს იღებენ. “ჩვენ რუსული მმართველობის სისტემა გვაქვს საქართველოში?!”, – განაცხადა კობახიძემ.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს. კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი