„ქართული ოცნების“ დეპუტატებს „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხყოფად მიაჩნიათ, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რევაზ ნადარაიაც ეთანხმება.

ამის შესახებ მათ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვისას განაცხადეს.

„ბატონო თავმჯდომარე, თქვენ განაცხადეთ, რომ სარჩელი მწყობრად იკითხებაო. ამ დარბაზში იმყოფება არაერთი იურისტი, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს… უმრავლესობა იურისტებს, გარდა ქოცი დეპუტატებისა“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ.

სიორიძის ამ განცხადებას, „ქართული ოცნების“ დეპუტატების აღშფოთება მოჰყვა, რომ მათთვის „ქოცად“ მოხსენიება შეურაცხმყოფელია.

„სასამართლოში ასე უნდა ისაუბროთ?!“, – განაცხადა „ოცნების“ წევრმა გიორგი კახიანმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს დაეთანხმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიაც. მისი თქმით, „ოცნების“ დეპუტატების შენიშვნა სიტყვა „ქოცის“ გამოყენებასთან დაკავშირებით სწორია.

„სწორი შენიშვნაა, ხომ არ მომესმა-მეთქი და ამიტომ ვერ ჩავერიე“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

გიორგი სიორიძის თქმით, მას სიტყვა „ქოცი“ შეურაცხყოფის მისაყენებლად არ უთქვამს.

„შეურაცხმყოფლად არ მითქვამს არაფერი, შეურაცხყოფად მიიღეთ? ქოცი დეპუტატი ვთქვი. მე „ლელოელი“ ვინმემ რომ დამიძახოს, ნამდვილად მეამაყება და შეურაცხყოფად არ მივიღებ. თუ ეს შეურაცხმყოფელია, მე სასამართლო დარბაზში სიტყვა „ქოცს“ არ გამოვიყენებ. მე შეურაცხყოფად არ მიმიჩნევია. მე მახსოვს, ირაკლი კობახიძე „ნაცები“, „შმაცები“ ა.შ. იძახდა, საზოგადოებრივ მეტყველებაში იყო დამკვიდრებული. „ქოცი“ შემოკლებაა, ასეა საზოგადოებაში დამკვიდრებული“, – განაცხადა გიორგი სიორიძემ.


21 ოქტომბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყო „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ.

სარჩელით „ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური პარტიების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.

სარჩელს 21, 22 და 23 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მოსამართლეები: რევაზ ნადარაია [სხდომის თავმჯდომარე], ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე, ვასილ როინიშვილი [მომხსენებელი მოსამართლე].