ახალი ამბები

საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან — შტეფან მაისტერი

15 თებერვალი, 2023 • 1852
საქართველომ გადაუხვია ევროპული ინტეგრაციის გზიდან — შტეფან მაისტერი

საერთაშორისო ურთიერთობების გერმანული საბჭოს (DGAP) საერთაშორისო წესრიგისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი აღმოსავლეთ ევროპაში, რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში შტეფან მაისტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ გადაუხვია ტრანსატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის გზიდან.

„მისი მოქმედებები მედიის წინააღმდეგ, კანონის უზენაესობის შესუსტება, ახლა კი კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ კრიტიკულად არის აღქმული ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ, რადგან საბოლოო ჯამში, ის ძირს უთხრის ევროინტეგრაციის საკვანძო კომპონენტებს. უცხოური გავლენის შესახებ კანონი უფრო ახლოსაა რუსულ პრაქტიკასთან, რომელიც ცდილობს, მინიმუმამდე დაიყვანოს საერთაშორისო კონტაქტები და სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსება. ყველაფერი ეს დაკავშირებულია საზოგადოების კონტროლთან და იზოლაციასთან“, — ამბობს მაისტერი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ექსპერტთა გამოკითხვაში უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტის შესახებ.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო კონტაქტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი აქტივობა კი დაფინანსებულია საზღვარგარეთიდან, რაც მნიშვნელოვანია ადამიანური პოტენციალის განვითარებისთვის ქვეყანაში, განათლებისთვის, საერთაშორისო გაცვლითი აქტივობებისთვის, ახალგაზრდა მოსახლეობის ისედაც საკმაოდ შეზღუდული რესურსების ქვეყანაში შესანარჩუნებლად.

„საზღვარგარეთიდან ფინანსდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც საზოგადოებას აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ხარისხიან ინფორმაციას და კვლევებს პოლარიზაციის გაღვივების ნაცვლად. ბევრი მომსახურება ქართული საზოგადოებისთვის საქართველოს სახელმწიფოს მიერ კი არა, საერთაშორისო დონორების მიერ ფინანსდება ევროპიდან და ამერიკიდან. თუ ეს ყველაფერი აღარ იქნება შესაძლებელი, სიტუაცია საზოგადოებაში გაუარესდება, უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი დატოვებს ქვეყანას და ასეთი კანონი შეამცირებს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შანსებს“, — აცხადებს მაისტერი.

მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა რეფორმატორი ქვეყნის ძლიერი იმიჯი წარსულში, ისევ საუკეთესო მაჩვენებლები აქვს რეფორმების მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კონტექსტში, მაგრამ ეს წარსულის მემკვიდრეობაა.

„კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მედიის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ვერ შედგება. საქართველოს დიდი მიღწევები აქვს გასულ ორი ათწლეულის მანძილზე, რაც გამოიხატებოდა მის ღიაობაში უცხოელების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. ასეთი კანონის მიღება დააზიანებს მნიშვნელოვან უპირატესობას, რაც საქართველომ მოიპოვა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანასთან შედარებით და უფრო მეტად დააახლოებს მას რუსულ რეპრესიულ პოლიტიკურ კულტურასთან. რუსეთი დასუსტდება და დაკარგავს გავლენას უკრაინასთან ომის გამო. ნებისმიერი დაახლოება რუსეთთან და კომპრომისი, რუსულ ნარატივთან თავსებად ნებისმიერ დეზინფორმაციულ კამპანიას ექნება მხოლოდ უარყოფითი გავლენა პოლიტიკურ კულტურაზე ქვეყანაში და დაწვავს ხიდებს ევროპული და ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამის შესახებ მე შემიძლია ვიმსჯელო ბრიუსელში მიმდინარე საუბრებზე დაყრდნობით როგორც ინსტიტუტებში, ისე წევრ სახელმწიფოებში. დიდი ცვლილებაა მოსალოდნელი საქართველოს შესახებ და ეს კანონი და ანტიდასავლური და ანტიევროპული ნარატივები და პოლიტიკა მიმზიდველი ნამდვილად არ არის“, — აცხადებს მაისტერი.

მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. ეს ის ძალაა, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებისგან დაკომპლექტდა. „ხალხის ძალა“ ახლაც საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენს.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

სრულად იხილეთ: ექსპერტთა შეფასება: რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღებას საქართველოს ევროინტეგრაციულ მომავალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი