საზოგადოება

ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად

14 თებერვალი, 2023 • 2646
ვინ შეიძლება მიიჩნიონ უცხოური გავლენის აგენტად — კანონპროექტი მედიისა და NGO-ების შესაზღუდად

საპარლამენტო უმრაველოსობის წევრებს „ხალხის ძალიდან“ პარლამენტში შეაქვთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მსგავსიც უკვე მოქმედებს რუსეთში და რომელსაც იქ აქტიურად იყენებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესირებისთვის.

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის თანახმად უცხოური გავლენის აგენტია:

  • ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
  • ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
  • ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

კანონპროექტის მიხედვით უცხოური ძალაა:

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაცია:

კანონპროექტის მიხედვით, სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს, ვალდებულია, მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს  განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე.

ამ შემთხვევაში სააგენტო ვალდებულია, აღნიშნული სუბიექტი 2 სამუშაო დღეში უზრუნველყოს სათანადო ვებგვერდზე იმგვარი დაშვებით, რომ ამ სუბიექტმა შეძლოს უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის (შემდგომ განაცხადი) ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შევსება და სააგენტოსთვის წარდგენა.

სათანადო ვებგვერდზე სუბიექტის დაშვებიდან 10 სამუშაო დღეში იგი ვალდებულია, ელექტრონულად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის დაცვით შეავსოს და სააგენტოს წარუდგინოს განაცხადი.

განაცხადის შევსებისას ის ვალდებულია, განაცხადოს წინა წლის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი ფულადი თანხისა და სხვა სახის მატერიალური სარგებლის წყაროს, ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, მიუთითოს წლის განმავლობაში დახარჯული ნებისმიერი ფულადი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.

უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტი ვალდებულია  ყოველწლიურად წარადგინოს საფინანსო დეკლარაცია.

სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისა და უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის წარმოების წესებს, აგრეთვე განაცხადის ფორმას, ადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

რა პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს კანონპროექტი:

  • უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის იმავე მუხლით დადგენილ ვადაში წარუდგენლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
  • ამ კანონით დადგენილი სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთან დაკავშირებული  მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
  • იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი/სუბიექტი აღნიშნულ ხარვეზებს 1 თვის შემდეგაც არ გამოასწორებს, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ კანონპროექტს მიიღებენ, სუბიექტი, რომელიც 2022 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს უცხოური გავლენის აგენტის კრიტერიუმებს, ვალდებულია, კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირების თაობაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი