ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი გუდრუნ კუგლერი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და „ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდეს დემოკრატიის გზას.

„ღრმად შეშფოთებული ვარ იმ სამართალწარმოებით, რომელიც ახლახან დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში და მიზნად ისახავს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრების ინიციატივით.

პოლიტიკური კონკურენცია უნდა გადაწყდეს საარჩევნო ყუთთან და ღია დემოკრატიული დებატებით და არა მმართველი უმრავლესობის მიერ ინიციირებული სასამართლო პროცესებით პოლიტიკური მეტოქეების ჩამოშორების გზით. პოლიტიკური პარტიების აკრძალვა უკიდურესი ზომაა, რომელიც უმაღლეს დემოკრატიულ და სამართლებრივ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს“, – წერია განცხადებაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა არაერთხელ გამოხატეს თავიანთი სწრაფვა თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისკენ.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიხმოს ეს სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი დევნა. საქართველო არ უნდა იქცეს ქვეყნად, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია განიხილება როგორც მტერი, რომელიც უნდა განადგურდეს, და არა როგორც დემოკრატიული ცხოვრების არსებითი ნაწილი“, – წერია განცხადებაში.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს „ოცნებას“, გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც „თვითნებურად“ და „პოლიტიკური ნიშნით“ არიან დაკავებული.