ახალი ამბები

ნედ პრაისს უნდა დავურეკო, კანონის ინიცირებას ვაპირებ და თანახმა ხართ თუ არა? – ყაველაშვილი

16 თებერვალი, 2023 • 1975
ნედ პრაისს უნდა დავურეკო, კანონის ინიცირებას ვაპირებ და თანახმა ხართ თუ არა? – ყაველაშვილი

„მე ნედ პრაისს უნდა დავურეკო, ახლა კანონის ინიცირებას ვაპირებ და შენ თანახმა ხართ თუ არა, ეს უნდა ვკითხო?!“ – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალიდან“ მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 15 თებერვალს განაცხადა, რომ შეშფოთებულია  „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტით უცხოური გავლენის აგენტის შესახებ და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას.

ყაველაშვილის განცხადებით, ნედ პრაისმა და პარტნიორებმა რატომ უნდა გადაწყვიტონ, საქართველოში რა უნდა მოხდეს, როცა მათ კანონპროექტს საზოგადოება შეაფასებს.

„ნედ პრაისის განცხადებას რაც შეეხება, მე ვერ ვიგებ ასეთ დამოკიდებულებას, როცა სტრატეგიული პარტნიორია ჩემი ქვეყნის და ასეთი დიდაქტიკური დამოკიდებულება და მოწოდება, რომ იზღუდება ადამიანის უფლებები და დემოკრატია და ფაქტების გარეშეა ამაზე საუბარი… მიუხედავად პატივისცემისა, ვინც არ უნდა იყოს, კეთილი ინებოს და განმარტება გააკეთოს, რას გულისხმობს, რომელ პუნქტს გულისხმობს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილი ასევე გამოეხმაურა ნედ პრაისის განცხადების იმ ნაწილსაც, სადაც ამბობს, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი ეფუძნება არა აშშ-ში არსებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“ (FARA), არამედ მსგავსია რუსული და უნგრულ კანონმდებლობის.

„მე რუსული კანონპროექტი თვალით არ მინახავს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა რამდენად შეესაბამება ჩვენი კანონპროექტი და შეგვიძლია ორივე კანონპროექტი წარვუდგინოთ საზოგადოებას. ჩვენ ბევრად შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობასთან მიმართებით ჩვენი კანონპროექტი და შეუძლია საზოგადოებას, რომ თავად განსაჯოს, თუ რას ვგულისხმობთ. აქ იქნება პუნქტობრივი განხილვა პარლამენტში და ყველას შეეძლება ნახოს. არავის არაფერს ვუზღუდავთ, აქ არის გამჭვირვალობაზე საუბარი და მიკვირს, რომ ასეთი შეფასებები ხდება და ეს არის შეურაცხმყოფელი განცხადებები“, – განაცხადა ყაველაშვილმა.


მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ.

კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა  განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი