გასულ კვირას ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მომდევნო წლებში განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებზე ისაუბრა და ამ მხრივ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად „იგლ ჰილსის“ პროექტი დაასახელა. პროექტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში დაფუძნებული „იგლ ჰილსის“ მიერ თბილისსა და გონიოში მშენებლობებს ითვალისწინებს.

თუმცა საზოგადოებისთვის „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება კვლავ უცნობია. მთავრობის განკარგულებით, კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული: აქციონერთა შეთანხმება და მათი თანმხლები დოკუმენტაცია, ასევე კომპანიისთვის უძრავი ქონების, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციაც.

„იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილი პერიოდულად აქციებს მართავს და მათ შორის ერთ-ერთ მოთხოვნად სწორედ ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას აყენებენ.

ბოლო პერიოდში „იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაავრცელა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა. კერძოდ, 29 აგვისტოს შალვა ნათელაშვილმა საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიუთითა, რომ ასაჯაროებდა კომპანიასთან გაფორმებულ უზუფრუქტის ხელშეკრულებას, ისევე როგორც კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის მიწის ნაკვეთების თაობაზე მიმოწერას.

პოლიტიკოსის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებს შორისაა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვლის #453 განკარგულება, რომლითაც მთავრობამ მოიწონა შპს „იგლ ჰილს საქართველოსთვის“ უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება და ამავე განკარგულებით აღნიშნული ხელშეკრულება, დანართებთან ერთად, კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია. სავარაუდოდ, სწორედ ამ ხელშეკრულების პროექტი და მისი დანართები გაასაჯაროვა შალვა ნათელაშვილმა. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული კონტრაქტი არ არის ხელმოწერილი და დათარიღებული, თუმცა მისი ნამდვილობის საკითხი ხელისუფლებას სადავოდ არ გაუხდია.

ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურს ჰკითხა, ადასტურებდნენ თუ არა შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებული დოკუმენტების ნამდვილობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ პრესსამსახურში გვითხრეს, რომ პრესსამსახურს აღნიშნული ინფორმაციის დადასტურება არ შეეძლოთ და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან გადაგვამისამართეს. საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნა კი დაუყოვნებლივ ვერ ხდება.

„იგლ ჰილსის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ ნეტგაზეთი სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელს, თამთა მიქელაძეს ესაუბრა.

მისი შეფასებით, პროექტის შემუშავების პროცესი წარიმართა კანონმდებლობის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფით, საჯარო რესურსების გაუმჭვირვალე განკარგვით, სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების კოორდინირებული მხარდაჭერით, კერძო ინვესტორისთვის შეღავათებისა და საგამონაკლისო სამართლებრივი და გარემოსდაცვითი რეჟიმის შექმნით და საერთაშორისო გარემოსდაცვითი ვალდებულებების დარღვევით.

როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ მთავრობის განკარგულებით, 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტის საინვესტიციო ხელშეკრულება, აქციონერთა შეთანხმება და სახელმწიფო მიწების გადაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული? ჩვენ ვნახეთ, რომ სერბეთში პროტესტის შემდეგ მთავრობამ თვითონ გაასაჯაროვა ამ კომპანიასთან დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მანამდე გასაიდუმლოებული ჰქონდა. ეს რას გვეუბნება?

ჩემი შეფასებით, ეს არის პროექტის ირგვლივ არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი და დემოკრატიული პრობლემა. საუბარია არა ჩვეულებრივ კერძო გარიგებაზე, არამედ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებულ მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე, რომელიც საჯარო მიწების განკარგვას, გარემოს მდგომარეობას, ქალაქების სივრცით განვითარებასა და ათასობით ადამიანის საცხოვრებელ გარემოს უკავშირდება. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს არ აქვს უფლება, კომერციული საიდუმლოების ზოგადი მითითებით საზოგადოებისთვის დახუროს ყველა ძირითადი დოკუმენტი ისე, რომ არც კონკრეტული ზიანი დაასაბუთოს და არც საჯარო და კერძო ინტერესები დააბალანსოს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27¹ მუხლის მიხედვით, კომერციული საიდუმლოების რეჟიმი ნებისმიერი კომერციულ გარიგებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ავტომატურად ვერ გავრცელდება. განსაკუთრებით პრობლემურია ხელშეკრულებების იმ ნაწილების გასაიდუმლოება, რომლებიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ინვესტორის ვალდებულებებს, მიწის გადაცემის პირობებს, რისკებისა და სარგებლის განაწილებასა და პროექტის შეჩერების შემთხვევაში სახელმწიფოს ინტერესების დაცვის მექანიზმებს. საჯარო ინფორმაციაზე წვდომას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი იცავს, ხოლო გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას,  29-ე მუხლი. ამასთან, მნიშვნელოვანია ორჰუსის კონვენციით დადგენილი გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომისა და საზოგადოების მონაწილეობის სტანდარტებიც.

საზოგადოებას არ უნდა უწევდეს პროტესტის ორგანიზება იმისთვის, რომ გაიგოს, რა პირობებით განკარგავს სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწას. გამჭვირვალობა სახელმწიფოს სამართლებრივი ვალდებულებაა და არა კონკრეტული ხელისუფლების კეთილი ნება.

შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც ხელისუფლებას სადავოდ ამ დრომდე გაუხდია, კერძო ინვესტორს თბილისში, გარდაბანში, გონიოსა და ახალსოფელში ჯამში თითქმის 886 ჰექტარი სახელმწიფო მიწა უსასყიდლო უზუფრუქტით გადაეცა. რამდენად მიზანშეწონილია, რომ საზოგადოებას ამის შესახებ მხოლოდ არაოფიციალური წყაროებით აქვს ინფორმაცია?

თამთა მიქელაძე
თამთა მიქელაძე

ეს მდგომარეობა სერიოზულ კითხვებს აჩენს საჯარო რესურსების მართვის კანონიერებისა და ანგარიშვალდებულების შესახებ. გავრცელებული დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას თბილისსა და გარდაბანში 627.34 ჰექტარი, ხოლო გონიოსა და ახალსოფელში 258.89 ჰექტარი მიწა გადაეცა უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით. ჯამურად ეს 886.23 ჰექტარია. ამავე დოკუმენტაციის მიხედვით, მიწის გადაცემასთან დაკავშირებული ხელშეკრულება და დანართები კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული.

აქ მნიშვნელოვანია დაზუსტება. საჯაროდ გავრცელებული ხელშეკრულების პროექტი ხელმოწერილი და დათარიღებული არ იყო. შესაბამისად, მის საფუძველზე ყველა დეტალის საბოლოოდ დადგენა შეუძლებელია. თუმცა თავად ის გარემოება, რომ შესაბამისი დოკუმენტების მოპოვება საზოგადოებას არაოფიციალური წყაროების მეშვეობით უწევს, მიუთითებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სერიოზულ პრობლემაზე.

სახელმწიფო მიწა არ არის ხელისუფლების ან რომელიმე კონკრეტული თანამდებობის პირის კერძო რესურსი. მისი განკარგვა უნდა ემსახურებოდეს დასაბუთებულ საჯარო ინტერესს. როდესაც ასეთი მასშტაბის ქონება ინვესტორს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცემა, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს, რატომ შეირჩა ეს ფორმა, რა ვალდებულებები აიღო ინვესტორმა, რა სარგებელს იღებს სახელმწიფო და რა გარანტიები არსებობს პროექტის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ჩემთვის პრობლემაა არა მხოლოდ ინფორმაციის დახურვა, არამედ ისიც, რომ ამ პირობებში საზოგადოებას არ შეუძლია შეამოწმოს, რამდენად სამართლიანად და ეფექტიანად განკარგავს სახელმწიფო საერთო რესურსს. საჯარო მიწის კერძო გამოყენებისთვის გადაცემა მოითხოვს საჯარო დასაბუთებას, ხოლო კომერციული საიდუმლოება ვერ იქნება სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებისგან გათავისუფლების უნივერსალური საფუძველი.

მთავრობამ საპროექტო ტერიტორიებს „განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის“ სტატუსი მიანიჭა. რას ნიშნავს ეს და გიჩენთ თუ არა კითხვებს?

ამ გადაწყვეტილების პრობლემა ის არის, რომ ის ქმნის შესაძლებლობას, კონკრეტული პროექტისთვის შეიცვალოს ის ქალაქთმშენებლობითი წესები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ტერიტორიების გამოყენებასა და განაშენიანებას არეგულირებს.

საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 36-ე მუხლის თანახმად, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე მთავრობას შეუძლია დაადგინოს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების განსხვავებული წესები, აგრეთვე ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისა და დამტკიცების სპეციალური პროცედურები. ამავე დროს, კოდექსი ამ გამონაკლისების ამომწურავ ჩამონათვალს არ ადგენს. ეს აღმასრულებელ ხელისუფლებას ფართო დისკრეციას ანიჭებს.

თავად განსაკუთრებული რეგულირების სტატუსის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ უკვე დაირღვა კანონი ან რომ პროექტისთვის ყველა გამონაკლისი უკვე დაწესებულია. პრობლემა ის არის, რომ ამ სტატუსით იქმნება ასეთი გამონაკლისების დაწესების სამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო მათი კონკრეტული შინაარსი და დასაბუთება საზოგადოებისთვის წინასწარ ცნობილი არ არის.

ქალაქთმშენებლობითი ნორმები მხოლოდ ბიუროკრატიული დაბრკოლებები არ არის. ისინი განსაზღვრავს, როგორ ვითარდება ქალაქი, რა დატვირთვას უძლებს ინფრასტრუქტურა, როგორ ნაწილდება მწვანე და საჯარო სივრცეები და რამდენად თავსებადია ახალი მშენებლობა არსებულ ურბანულ გარემოსთან. მათი შეცვლა შეიძლება შეეხებოდეს არა მხოლოდ ინვესტორის კომერციულ ინტერესებს, არამედ მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობასაც.

ამიტომ განსაკუთრებული რეჟიმის დაწესება საჭიროებს კონკრეტულ, საჯაროდ შემოწმებად დასაბუთებას. როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ერთი კონკრეტული პროექტისთვის შეცვალოს საერთო წესები, ჩნდება სამართლის უზენაესობის პრობლემა: კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს თუ კონკრეტული ეკონომიკური აქტორის საჭიროებებზე ერგება?

ფოტო: Tbilisi Waterfront-ს რენდერი
ფოტო: Tbilisi Waterfront-ს რენდერი

2025 წლის 17 მარტს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომელიც პროექტისთვის საგამონაკლისო პირობების დაწესებას ითვალისწინებს და ეკონომიკის სამინისტროს, ასევე მის სისტემაში შემავალ უწყებებს ავალებს, “უზრუნველყონ ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება და უწყებათაშორისი კოორდინაცია”. ასეთივე დავალებას იღებენ სხვა უწყებებიც, ხოლო მუნიციპალიტეტები – “თხოვნას”. თქვენი აზრით,  რამდენად მართლზომიერია კერძო კომერციული ინიციატივისთვის ასეთი განსაკუთრებული პრიორიტეტისა და სახელმწიფო რესურსების მობილიზება? 

ჩემი შეფასებით, კერძო პროექტისთვის ამგვარი განსაკუთრებული ინსტიტუციური მხარდაჭერა, სულ მცირე, სერიოზულ დასაბუთებას მოითხოვს. ჩვეულებრივ, სახელმწიფო უწყებები ისედაც ვალდებულნი არიან, კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ითანამშრომლონ ინვესტორებთან და შეასრულონ თავიანთი ფუნქციები. ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ გახდა საჭირო კონკრეტული პროექტის ცალკე გამოყოფა და მისთვის სპეციალური კოორდინაციის მექანიზმის შექმნა.

თავად უწყებათაშორისი კოორდინაცია უკანონო არ არის. თუმცა პრობლემურია, როდესაც სახელმწიფო კონკრეტული კერძო ინიციატივის ხელშეწყობას ანიჭებს განსაკუთრებულ პრიორიტეტს, მაშინ როდესაც გაურკვეველია, რა ობიექტური კრიტერიუმით შეირჩა ეს პროექტი, რა საზოგადოებრივ სარგებელს ქმნის და რატომ არ ვრცელდება მსგავსი მხარდაჭერა სხვა ეკონომიკურ აქტორებზე.

ამასთან, განკარგულება მხოლოდ ადმინისტრაციულ კოორდინაციას არ ეხება. ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ავალებს, საჭიროების შემთხვევაში, „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების კორექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს. ამგვარი ჩანაწერი განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან დაცული ტერიტორიის შესაძლო შემცირების საკითხი წინასწარ არის ჩასმული პროექტის ხელშეწყობის მექანიზმში, მაშინ როდესაც გარემოზე ზემოქმედების შეფასება ჯერ ჩატარებული არ არის.

სახელმწიფოს როლი არ უნდა დაიყვანებოდეს ინვესტორის პროექტის მაქსიმალურად სწრაფად განხორციელებაზე. მისი ვალდებულებაა, უზრუნველყოს, რომ ეკონომიკური საქმიანობა შეესაბამებოდეს კანონს, გარემოსდაცვით მოთხოვნებსა და საჯარო ინტერესს. როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები არა დამოუკიდებელი შეფასების, არამედ კონკრეტული პროექტის პრიორიტეტული ხელშეწყობის ლოგიკით მოქმედებენ, მათი ზედამხედველობითი ფუნქციის დასუსტების რისკი ჩნდება.

“ზურმუხტის ქსელი” ახსენეთ და  ევროპის ველური ბუნების დაცვის კონვენცია მკაცრ ვალდებულებებს უწესებს საქართველოს. ამის ფონზე, გონიოში დაგეგმილი მშენებლობა ჭოროხის დელტის დაცულ არეალში ექცევა — რამდენად დასაბუთებულია დაცული ტერიტორიების შემცირება ასეთი პროექტის გამო? 

გონიოს შემთხვევაში საკითხი განსაკუთრებით სერიოზულია, რადგან კომპანიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთები თითქმის მთლიანად მოიცავს ჭოროხის დელტის ტერიტორიას, რომელიც ბერნის კონვენციის საფუძველზე მოქმედი „ზურმუხტის ქსელის“ მიღებული საიტია. მისი საერთო ფართობი 2,232.34 ჰექტარია, ხოლო კომპანიისთვის გონიოსა და ახალსოფელში გადაცემული მიწების საერთო ფართობი 258.89 ჰექტარს შეადგენს.

საქართველო ბერნის კონვენციის მხარეა 2008 წლიდან. კონვენცია სახელმწიფოს ავალდებულებს, დაიცვას ველური ფაუნა, ფლორა და ბუნებრივი ჰაბიტატები. კონვენციის მე-4 მუხლი მოითხოვს, რომ შესაბამისი გეგმებისა და პოლიტიკის შემუშავებისას დაცული იქნეს კონსერვაციის მოთხოვნები და თავიდან იქნეს აცილებული ან მაქსიმალურად შემცირებული ტერიტორიების მდგომარეობის გაუარესება. მე-6 მუხლი კი კრძალავს კონვენციით დაცული ფაუნის გამრავლებისა და დასვენების ადგილების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას.

ამ ეტაპზე საუბარი არ არის იმაზე, რომ „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრები უკვე შემცირდა. მთავრობის №497 განკარგულება სამინისტროს ავალებს, საჭიროების შემთხვევაში, საზღვრების კორექტირებისთვის საჭირო ღონისძიებები განახორციელოს. ამასთან, გარემოსდაცვითი შეფასება, რომელიც ასეთი ცვლილების დასაბუთებას უნდა დაედოს საფუძვლად, ჯერ ჩატარებული არ არის.

ბერნის კონვენციის ფარგლებში დაცული ტერიტორიის სტატუსის შემცირება ან მოხსნა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განიხილებოდეს და შესაბამის დასაბუთებას მოითხოვს. კერძო უძრავი ქონების განვითარების პროექტის განხორციელება თავისთავად ვერ ჩაითვლება იმგვარ წონად საჯარო ინტერესად, რომელიც დაცული ჰაბიტატის შემცირებას გაამართლებს.

ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის, შეუძლია თუ არა სახელმწიფოს ტერიტორიის საზღვრების ცვლილების განხილვა, არამედ ის, არსებობს თუ არა ამისთვის კონვენციასთან თავსებადი საფუძველი, მეცნიერული დასაბუთება და სხვა დამაკმაყოფილებელი ალტერნატივების არარსებობის მტკიცებულება.

დაცული ტერიტორიის საზღვრები არ უნდა იცვლებოდეს იმისთვის, რომ პროექტი წინასწარ განსაზღვრულ საინვესტიციო გეგმას მოერგოს. პირიქით, პროექტის დასაშვებობა უნდა შეფასდეს გარემოსდაცვითი ვალდებულებების გათვალისწინებით.

რა სარგებელს უქადის ეს პროექტი ადგილობრივ მოსახლეობას? საკმარისად დაასაბუთა თუ არა ეს სახელმწიფომ ამ პროექტის ფარგლებში?

ამ ეტაპზე არსებული საჯარო ინფორმაცია არ იძლევა საკმარის საფუძველს, რომ პროექტის საზოგადოებრივი სარგებელი სრულად და დასაბუთებულად შევაფასოთ. სწორედ ეს არის პრობლემის არსი: ხელისუფლება მიუთითებს 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, მაგრამ ინვესტიციის ნომინალური მოცულობა თავისთავად არ გვიჩვენებს, რამდენ სარგებელს მიიღებს საზოგადოება.

საჯარო ინტერესის შეფასებისთვის საჭიროა ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი, რომელიც შეისწავლის პროექტის ეკონომიკურ და სოციალურ შედეგებს, დასაქმებაზე გავლენას, საჯარო ხარჯებსა და ალტერნატიულ შესაძლებლობებს. ასევე უნდა ვიცოდეთ, რა ფინანსური და ქონებრივი რისკები ეკისრება სახელმწიფოს, როგორია ინვესტორის კონკრეტული ვალდებულებები და რა მექანიზმები იცავს საზოგადოებრივ ინტერესს პროექტის შეჩერების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ამ დოკუმენტების გასაიდუმლოება ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ართულებს. ამ შემთხვევაში საუბარია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე, მათ შორის ეკოლოგიურად მნიშვნელოვან ტერიტორიებზე. როდესაც ასეთი რესურსები კერძო კომერციული პროექტისთვის გამოიყოფა, სახელმწიფომ უნდა განმარტოს, რა სარგებელს იღებს საზოგადოება სანაცვლოდ და რატომ არის არჩეული ეს კონკრეტული მოდელი სხვა შესაძლო ალტერნატივებთან შედარებით.

საჯარო ინტერესი მხოლოდ ინვესტორის მოგება, მშენებლობის მოცულობა ან უძრავი ქონების ბაზრის ზრდა არ არის. ის უნდა მოიცავდეს საზოგადოებისთვის რეალურ ეკონომიკურ სარგებელს, გარემოს დაცვას, საჯარო სივრცეებზე წვდომასა და სოციალური უთანასწორობის შემცირების შესაძლებლობას.

თუ სახელმწიფო ასეულობით ჰექტარ მიწას უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადასცემს კერძო კომპანიას, მან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებებზე დაფუძნებული პასუხი კითხვაზე, რატომ არის ეს გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის უკეთესი, ვიდრე ამ რესურსის გამოყენების სხვა შესაძლო ვარიანტები.

ამიტომ სახელმწიფომ უნდა აჩვენოს არა მხოლოდ ის, რას მიიღებს პროექტისგან ინვესტორი ან რამდენად მასშტაბური იქნება მშენებლობა, არამედ ისიც, რატომ არის ეს კონკრეტული მოდელი საზოგადოებისთვის უკეთესი ალტერნატივებთან შედარებით. საჯარო მიწა და სხვა სახელმწიფო რესურსები შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა საზოგადოებრივი მიზნისთვის, მათ შორის ხელმისაწვდომი საცხოვრებლისა და საჯარო ინფრასტრუქტურისა და მწვანე სისტემების განვითარებისთვის, რაც ჩვენს ქალაქს განსაკუთრებით აკლია.  ამ ალტერნატივების შეფასების გარეშე, ინვესტიციის მოზიდვის მიზანი ავტომატურად ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივ ინტერესთან თანხვედრაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ გადაცემულ ტერიტორიებზე, კერძოდ გარდაბანში, უკვე დაიწყო წინასაპროექტო კვლევები და მიიღო თანხმობა მერქნული რესურსის სანიტარულ ჭრაზე. ამ პროცესის გამჭირვალობაზე რას ფიქრობთ?

საჯაროდ გავრცელებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2026 წლის 8 აპრილით დათარიღებული წერილით აცნობა, რომ გადაცემულ ტერიტორიებზე წინასაპროექტო კვლევითი სამუშაოები, მათ შორის ხე-მცენარეების მოკვლევა, უკვე დაწყებული ჰქონდა. ამ მოკვლევის საფუძველზე გარდაბანში მწვანე საფარის ნაწილი სანიტარულ ჭრას დაქვემდებარებულად მიიჩნიეს. 27 აპრილით დათარიღებული წერილით სააგენტომ კომპანიას არაწითელი ნუსხის სახეობების მერქნული რესურსის სანიტარულ ჭრაზე თანხმობა მისცა.

თუმცა კომპანიის მიერ მომზადებული მოკვლევა და ჭრის დასაბუთება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომ არსებული მასალებით ვერ შევაფასებთ, რამდენად სრულყოფილი იყო ხე-მცენარეების მდგომარეობის კვლევა, რა კრიტერიუმებით განისაზღვრა სანიტარული ჭრის აუცილებლობა და რამდენად პროპორციული იყო მიღებული გადაწყვეტილება.

აქ აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სანიტარული ჭრის ადმინისტრაციული თანხმობა და თავად სამუშაოების ეკოლოგიური დასაბუთება. თანხმობის არსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გარემოსდაცვითი საფუძველი საკმარისად გამოკვლეულია ან რომ ყველა შესაბამისი მოთხოვნა შესრულდა. 

საზოგადოებას უნდა ჰქონდეს წვდომა იმ მასალებზე, რომლებითაც დასაბუთდა მწვანე საფარის მოჭრის აუცილებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დიდი ფართობის სახელმწიფო მიწას და მასშტაბური განაშენიანებისთვის მზადებას.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების გამჭვირვალობა აუცილებელია არა მხოლოდ უკვე მიყენებული ზიანის შესაფასებლად, არამედ იმისთვისაც, რომ შესაძლო ზიანი თავიდან იქნეს აცილებული.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, სტრატეგიული დოკუმენტების განხილვისას საზოგადოებას კანონით 40-დღიანი ვადა ეძლევა წერილობითი მოსაზრებების წარსადგენად. ამის ეფექტიანობას როგორ უყურებთ ახლა, როდესაც მთავარი ხელშეკრულებები კომერციულ საიდუმლოებად არის გამოცხადებული?

საზოგადოების მონაწილეობა ეფექტიანია მაშინ, როდესაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაწყვეტილებაზე რეალური გავლენის მოხდენა და არა მხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილების კომენტირება. ამ პროექტის შემთხვევაში სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა.

საინვესტიციო ხელშეკრულებითა და აქციონერთა შეთანხმებით განისაზღვრა სახელმწიფოსა და ინვესტორის ურთიერთობის მნიშვნელოვანი პირობები, ხოლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით, კომპანიისთვის გადასაცემი მიწის ნაკვეთები. ეს დოკუმენტები კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული. საზოგადოების მონაწილეობა კი განაშენიანების გეგმის კონცეფციის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესში მოგვიანებით დაიწყო.

ორჰუსის კონვენციის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი მოითხოვს საზოგადოების მონაწილეობას ადრეულ ეტაპზე, როდესაც ყველა ვარიანტი ჯერ კიდევ ღიაა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, იმსჯელოს არა მხოლოდ იმაზე, როგორ განხორციელდეს უკვე შერჩეული პროექტი, არამედ იმაზეც, უნდა განხორციელდეს თუ არა ის მოცემული მასშტაბით, რა ალტერნატივები არსებობს და შესაძლებელია თუ არა ნაკლები გარემოსდაცვითი და სოციალური ზიანის მქონე გადაწყვეტა.

თუ მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა იმ დოკუმენტებზე, რომლებიც განსაზღვრავს პროექტის ძირითად ქონებრივ და ეკონომიკურ პირობებს, მათ უჭირთ გაარკვიონ, რაზე შეუძლიათ რეალური გავლენის მოხდენა. ასეთ ვითარებაში არსებობს რისკი, რომ გარემოსდაცვითი შეფასებისა და საჯარო განხილვების პროცესი არსებითად უკვე მიღებული გადაწყვეტილებების ფორმალურ ლეგიტიმაციად იქცეს.

რაც შეეხება წერილობითი მოსაზრებებისთვის კანონით განსაზღვრულ 40-დღიან ვადას, მხოლოდ ვადის არსებობა ვერ უზრუნველყოფს მონაწილეობის ეფექტიანობას. ამისთვის აუცილებელია, საზოგადოებას დროულად მიეწოდოს სრული ინფორმაცია, ჰქონდეს საკმარისი დრო მისი გასაანალიზებლად და იცოდეს, როგორ აისახა წარმოდგენილი მოსაზრებები საბოლოო გადაწყვეტილებაში.

საზოგადოების მონაწილეობა არ არის მხოლოდ პროცედურული ვალდებულება. ის დემოკრატიული კონტროლის მექანიზმია, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრივი ინტერესები რეალურად გაითვალისწინოს.

პროექტით დაგეგმილია ელიტარული ბინებისა და ვილების კომპლექსების აშენება. ამ დროს ქალაქში მოსახლეობისთვის საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პრობლემა არსებობს. ამას როგორ უყურებთ?

ამ პროექტის სოციალური პრობლემატიკა მხოლოდ იმაში არ მდგომარეობს, რომ ის მაღალი შემოსავლის მქონე მყიდველებზეა ორიენტირებული. მთავარი საკითხია, რა ურბანულ მოდელს ქმნის სახელმწიფო საჯარო მიწებზე და ვის ინტერესებს აყენებს ამ პროცესში პრიორიტეტად.

თბილისისა და გარდაბნის პროექტის კონცეფცია დაახლოებით 21,500–22,100 ადამიანისთვის გათვლილ საცხოვრებელ კომპლექსს ითვალისწინებს, მათ შორის ვილებს, თაუნჰაუსებსა და მრავალბინიან სახლებს. კომპანიის სარეკლამო ინფორმაციის თანახმად, თბილისში პროექტის ფარგლებში აპარტამენტების ფასი კვადრატულ მეტრზე 2,090 აშშ დოლარიდან უნდა დაწყებულიყო. ეს მონაცემი თავისთავად არ გვაძლევს საცხოვრებლის ხელმისაწვდომობაზე პროექტის სრული გავლენის გამოთვლის საშუალებას, მაგრამ აჩვენებს, რომ შეთავაზების მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალშემოსავლიან შინამეურნეობებზეა გათვლილი.

სოციალური და სამართლებრივი პერსპექტივიდან აუცილებელია დავსვათ კითხვა: როდესაც სახელმწიფო მნიშვნელოვან მიწის რესურსს კერძო საცხოვრებელი პროექტისთვის გამოყოფს, როგორ უზრუნველყოფს ის, რომ ამ პროცესის სარგებელი მხოლოდ მაღალი შემოსავლის მქონე ჯგუფებში არ კონცენტრირდეს?

ელიტური, იზოლირებული დასახლებები შეიძლება ქალაქის სივრცეს სოციალური და ეკონომიკური ნიშნით ყოფდეს, ზღუდავდეს საერთო საჯარო სივრცეებთან ურთიერთობას და აძლიერებდეს ურბანულ უთანასწორობას. ეს რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის პრობლემად რჩება.

ამასთან, პრობლემა არ უნდა განვიხილოთ ეროვნულობის ან ეთნიკური კუთვნილების ჭრილში. არსებითი გამყოფი ხაზი აქ შემოსავალსა და სიმდიდრეზე გადის: ვის შეუძლია ისარგებლოს შექმნილი საცხოვრებელი გარემოთი და ვის რჩება მხოლოდ იმ სივრცეში ცხოვრება, რომელიც ძვირდება ან იცვლება მისი ინტერესების გათვალისწინების გარეშე.

ქალაქი არ უნდა ვითარდებოდეს მხოლოდ იმ პრინციპით, თუ სად და როგორ მიიღებს კერძო ინვესტორი მაქსიმალურ მოგებას. ურბანული განვითარების მიზანი უნდა იყოს ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი, ეკოლოგიურად მდგრადი და სოციალურად სამართლიანია.

რომ შევაჯამოთ, „იგლ ჰილსის“ პროექტის გარშემო არსებული პრაქტიკა, პირადად თქვენითვის, რაზე მიუთითებს?

ჩემი შეფასებით, ეს პროექტი ავლენს უფრო ფართო ინსტიტუციურ პრობლემას: სახელმწიფოს შეუძლია კონკრეტული ეკონომიკური აქტორისთვის შექმნას ისეთი განსაკუთრებული პირობები, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა პროექტებზე მოქმედი საერთო სამართლებრივი რეჟიმისგან, მაშინ როდესაც ამ განსხვავებული მოპყრობის საჯარო დასაბუთება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამ დასკვნის საფუძველს რამდენიმე გარემოება ქმნის: საინვესტიციო და ქონებრივი დოკუმენტაციის გასაიდუმლოება; ასეულობით ჰექტარი სახელმწიფო მიწის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემა; განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის სტატუსის მინიჭება; სახელმწიფო უწყებებისა და მუნიციპალიტეტების მობილიზება კონკრეტული პროექტის ხელშესაწყობად; და „ზურმუხტის ქსელის“ საზღვრების შესაძლო კორექტირების საკითხის წინასწარ გათვალისწინება, გარემოზე ზემოქმედების შეფასებამდე.

ცალკე აღებული თითოეული ეს გადაწყვეტილება საჭიროებს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას. თუმცა მათი ერთობლიობა ქმნის საფუძველს, ვისაუბროთ კონკრეტული პროექტისთვის განსაკუთრებული, საგამონაკლისო რეჟიმის ჩამოყალიბებაზე.

სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილებები ფორმალურად კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღებოდეს, არამედ იმასაც, რომ სახელმწიფო ძალაუფლება დასაბუთებულად, თანმიმდევრულად, პროპორციულად და საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გამოიყენებოდეს. როდესაც ერთი ინვესტორისთვის იცვლება საერთო წესები, ხოლო საზოგადოებას არ შეუძლია შეამოწმოს ამ გადაწყვეტილებების ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი დასაბუთება, ჩნდება თანასწორობის, ანგარიშვალდებულებისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა.

აქ ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო საკუთრების არსის გააზრება. საჯარო მიწა მხოლოდ ეკონომიკური აქტივი არ არის. ის საზოგადოების საერთო რესურსია, რომლის განკარგვაც მომავალ თაობებზე, ეკოლოგიურ მდგრადობასა და ქალაქების განვითარებაზე ახდენს გავლენას. ამიტომ მისი გადაცემა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიოდ განსაზღვრულ საჯარო მიზანს და არა მხოლოდ ინვესტიციის მოზიდვის პოლიტიკურ პრიორიტეტს.

„იგლ ჰილსის“ პროექტის მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიცია ხორციელდება.ამიტომაც მგონია, რომ ეთნიკური და კულტურული პერსპექტივით ამაზე ლაპარაკი პრობლემაა. იმსაც ვხედავთ ქართული ოცნების ხელისუფულება როგორ ცდილობს ყველა უკმაყოფილება პროექტთან დაკავშირებით ქსენოფობიით ახსნას. პრობლემა ისაა, რომ ინვესტიციის მოზიდვის სახელით სახელმწიფომ შეიძლება დაასუსტოს საერთო სამართლებრივი წესები, დახუროს საჯარო კონტროლის მექანიზმები და საერთო რესურსები განკარგოს ისე, რომ მათი საზოგადოებრივი სარგებლიანობა სათანადოდ არ იყოს დასაბუთებული.

„იგლ ჰილსის“ პროექტი უფრო ფართო კითხვას აჩენს სახელმწიფოს ფუნქციის შესახებ. სახელმწიფო მხოლოდ კაპიტალის მოზიდვისა და ბიზნესისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნის ინსტიტუტია, თუ მისი მთავარი ვალდებულება საზოგადოებრივი რესურსების გამოყენებით საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფაც არის? 

უფრო მეტიც, მთავარი კითხვა მხოლოდ ის არ არის, მოიტანს თუ არა პროექტი ინვესტიციას. მთავარი კითხვაა, განვითარების რა მოდელს ვირჩევთ: მოდელს, რომელშიც საჯარო რესურსები საერთო კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება, თუ მოდელს, რომელშიც მათი მთავარი ფუნქცია კერძო კაპიტალის გაფართოებისთვის პირობების შექმნა ხდება. სწორედ ამ განსხვავების შეფასებაა აუცილებელი, თუ გვინდა, რომ ეკონომიკური განვითარება მხოლოდ ზრდის მაჩვენებლებით კი არა, სოციალური სამართლიანობის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პერსპექტივიდანაც შევაფასოთ.