პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ, მამუკა მდინარაძემ კომპანია „მდინარაძის საკონსულტაციო ჯგუფი“ დააფუძნა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი მამუკა მდინარაძეა, დირექოტრი კი – ნინო ჭანტურია.
მდინარაძის კომპანიას ოფისი ვერის პარკის ბიზნეს-ცენტრში აქვს.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მდინარაძის გადაწყვეტილება დაღლილობასა და „ფსიქოლოგიურ სტრესს“ უკავშირდებოდა.
მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო და პოლიტიკიდან წასვლამდე რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა.
იგი ისე გადადგა, რომ ბოლო თანამდებობაზე – რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე – 1 თვეც არ გაუტარებია.
ის ასევე ვერ მოესწრო სპეციალურად მისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობის შექმნას. საუბარია რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შესახებ, რომელიც სექტემბერში უნდა შექმნილიყო.
რაც შეეხება ბოლო 1 წელში მამუკა მდინარაძის თანამდებობების ქრონოლოგიას:
- 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად დაინიშნა
- 2026 30 აპრილიდან მისთვის შექმნილ ახალ თანამდებობას იკავებდა – სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. ამასთან ერთად, ასევე იყო ვიცე-პრემიერიც
- 2026 წლის 29 ივლისს ცნობილი გახდა, რომ სექტემბრიდან მამუკა მდინარაძისთვის კიდევ ერთი ახალი თანამდებობა იქმნებოდა- რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის. თანამდებობის შექმნამდე კი არასრული 1 თვით რეგიონული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, ბოლო ერთ წელში მამუკა მდინარაძემ სხვადასხვა წოდებაც დააგროვა და საბოლოოდ პოლიტიკა სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის წოდებით დატოვა.
რა წოდებები მიიღო მამუკა მდინარაძემ ბოლო 1 წელში:
- 2025 წლის 3 სექტემბერს მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის წოდება მიენიჭა
- 2025 წლის 23 ოქტომბერს – უფროსი ლეიტენანტის წოდება
- 2025 წლის 25 დეკემბერს – სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის წოდება, მეორე დღეს, 26 დეკემბერს კი – სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის
- 2026 წლის 21 აპრილს მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გახდა.
