ისტორიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ბექა კობახიძე ეხმაურება საქართველოში კონრად ადენაუერის ფონდის დახურვას.

მისი თქმით, ადენაუერის ფონდი წლების განმავლობაში გასცემდა სტიპენდიებს საუკეთესო სტუდენტებზე და მათთვის არაერთ შესაძლებლობას ქმნიდა.

„ზედიზედ მხვდება ჩემი სტუდენტების მადლიერების პოსტები კონრად ადენაუერის ფონდის მიმართ.

იცით როგორია ქართველი მაგისტრანტის ცხოვრება? ქირის, საჭმლის და სამგზავრო ფულის საშოვნელად მთელი დღე უნდა იმუშაოს, საღამოს 7 საათზე მოუსწროს შენ ლექციას, 9 საათამდე გისმინოს, 10 საათზე სახლში მისულმა უნდა ჭამოს და მერე იმეცადინოს. ამ რეალობაში ხარისხიანი განათლება რეალობას აცდენილია. თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამა 2020 წელს დავაარსეთ და ფონდი პირველივე დღიდან გასცემდა სტიპენდიებს ჩვენი პროგრამის საუკეთესო სტუდენტებზე. ეს თანხა მათ სწავლაში ეხმარებოდა, ჩვენ კი – ხარისხიანი განათლების შექმნაში.

ადენაუერის ფონდი მემარჯვენე ფონდია, მაგრამ არასდროს ყოფილა, რომ მათ ეთქვათ მემარჯვენე სტუდენტებს მიეცით სტიპენდია და მემარცხენეებს არ მოსცეთო. არაერთი მემარცხენე სტუდენტი ყოფილა სტიპენდიანტი. არასდროს უთქვამთ ეს ასწავლეთ და ასე ასწავლეთ. სრული ნდობა, ასპროცენტიანი აკადემიური დამოუკიდებლობა და მერიტოკრატიულ პრინციპზე დაფუძნებული სტიპენდიები გვქონდა – ყოველი სემესტრის ბოლოს ჯამდებოდა მიღებული ნიშნები და საუკეთესო 2 ან 3 სტუდენტი იღებდა სტიპენდიას. ვინ მოთვლის, მათივე დაფინანსებით, რამდენ საერთაშორისო კონფერენციაზე მოხვდნენ ჩვენი სტუდენტები. ეს შესაძლებლობები აძლიერებდა ჩვენი სტუდენტების ცოდნას და ეს ცოდნა ბევრ წარმატებაში ითარგმნებოდა. წინანდლის პრემია, ფონდ ფარიგის არაერთი ჯილდო, წიგნის ბაზრობაზე ბესტსელერებად გაყიდული ჩვენი კურსდამთავრებულების წიგნები, ამავე სტუდენტთა საერთაშორისო კვლევით პროექტებში ჩართულობა, სწავლის სადოქტორო საფეხურზე გაგრძელება, ლექტორებად დასაქმება და რა აღარ. ამ ყველაფრის ფუნდამენტს ადენაუერის ფონდი ქმნიდა.

ულევი მადლობა ჩემს უკვე ძალიან ახლო მეგობრებს ამ ფონდიდან, რომლებიც საქმის კეთებისას გავიცანი.

2026 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, ფონდი საქართველოდან გაძევებულია. იცით რაშია საქმე? ადენაუერის ფონდი რუსეთიდან 2022 წელს გამოაძევეს“, – წერს ბექა კობახიძე.

რატომ დაიხურა კონრად ადენაუერის ფონდი?

კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში თავისი წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდი აცხადებს, რომ დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.

“თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც KAS-ს აღარ შეუძლია ადგილზე შეასრულოს თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია.

2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ უარყო კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) განაცხადები მისი საპროექტო საქმიანობის დაფინანსების თაობაზე, რომლებიც წარდგენილი იყო ახალი ქართული „გრანტების შესახებ კანონის“ საფუძველზე. ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, რათა ახალი ჩარჩოს პირობებში მუშაობის გაგრძელება შესაძლებელი გამხდარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა. პროექტების დამტკიცება შესაძლებელი ჩანდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი აღარ იქნებოდა თანხვედრაში ფონდის პოლიტიკურ ხასიათსა და მისიასთან. საქართველოში მხოლოდ ფიზიკური ყოფნა, ჩვენი ძირითადი მისიის შესრულების შესაძლებლობის გარეშე, კონრად ადენაუერის ფონდისთვის მისაღებ ალტერნატივას არ წარმოადგენს. შესაბამისად, ოფისის დახურვა არის საქართველოს მთავრობის მიერ ჩვენს საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვების გარდაუვალი შედეგი”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) მოწოდებულია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროპული ურთიერთგაგების ხელშეწყობისკენ. მისი საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.

“ორ ათწლეულზე მეტია, ფონდი მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში, დემოკრატიულ და სამართლებრივ ინსტიტუტებს, წარსულის გააზრებას, რელიგიათაშორის დიალოგს, ქართულ პარლამენტარიზმს, გერმანულ-ქართულ ურთიერთობებსა და საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამებისა და სტიპენდიების მეშვეობით, მან ასევე მხარი დაუჭირა ახალგაზრდა ქართველების არაერთ თაობას. პოლიტიკურ, აკადემიურ და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად, KAS თანამონაწილეობდა ქვეყნის ევროპული რეფორმებისა და მოდერნიზაციის პროცესებში.

ფონდი რჩება საქართველოსა და თავისი მრავალწლიანი პარტნიორების ერთგული. ის ინარჩუნებს თავის რეგისტრაციას ქვეყანაში, როგორც იურიდიული პირი, რათა პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს”, – ნათქვამია განცხადებაში.