თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ფრანგი ფოტოგრაფის, ფრანსის პრიმერსკის საჩივარი, რომლითაც მოითხოვდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოცემული აქტის გაუქმებას, რის საფუძველზეც მას საქართველოში ბინადრობის ნებართვაზე უარი უთხრეს.
ფოტოგრაფი 20 წელია საქართველოში ცხოვრობს. ადვოკატი შორენა ლოლაძე „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ დასაბუთება ამ ეტაპზე უცნობია და სასამართლოს განმარტება არ გაუკეთებია. მისი განცხადებით, როცა გადაწყვეტილება ჩაჰბარდებათ, შემდგომ ნაბიჯებს დაგეგმავენ და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სააპელაციოში გასაჩივრდება.
„დღემდე არ მიმიღია მკაფიო განმარტება იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული მიზეზები უდევს საფუძვლად ამ პროცესს, გარდა ზოგადი მითითებისა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე. იმედი მაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სიცხადესა და გამჭვირვალობას შემოიტანს. […]
მიუხედავად გაურკვევლობისა, მე მზად ვარ, ბოლომდე დავიცვა ჩემი უფლებები, ღირსება და რწმენა — სიმშვიდით, სიმტკიცითა და შეუპოვრობით“, – დაწერა 2 დღის წინ ფოტოგრაფმა სოციალურ ქსელში.
იუსტიციის სამინისტრო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 9 მარტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფრანსის პრიმერსკი აკმაყოფილებს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონით დადგენილ პირობას და მას გაუგრძელდა საქართველოში მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 2027 წლის 9 მარტამდე.
