ირანში გრძელდება საპროტესტო აქციები, რომელიც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის ქალის დაღუპვას მოჰყვა. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, 26 ადამიანია დაღუპული, ქვეყნის არმია კი ამბობს, რომ “მტრებს დაუპირისპირდება”.
საპროტესტო აქციები, რომლებიც ირანის ქურთისტანის პროვინციაში დაიწყო, მოგვიანებით ათეულობით ქალაქს მოედო. სწორედ ქურთისტანიდან იყო თეირანში დაკავებული ახალგაზრდა ქალი მაჰსა ამინი, რომელიც რამდენიმედღიანი კომის შემდეგ დაიღუპა.
მკაცრი გაფრთხილება
მიუხედავად იმისა, რომ რთულია დემონსტრაციების მასშტაბების განსაზღვრა, საერთაშორისო მედია წერს, რომ ესაა ყველაზე მწვავე პროტესტი 2019 წლის შემდეგ, როცა მოქალაქეები საწვავის გაძვირების ფონზე გამოვიდნენ ქუჩაში.
ირანის არმიამ პარასკევს თქვა, რომ “ეს უიმედო ქმედებები არის მტრის ბოროტი სტრატეგიის ნაწილი ისლამური რეჟიმის დასუსტების მიზნით”. ხელისუფლების მხრიდან პროტესტის მიწერა “მტრულ” ძალებზე ახალი ფენომენი არ არის, თუმცა როგორც Reuters წერს, არმიის ეს განცხადება წარმოადგენს ყველაზე მკაცრ გაფრთხილებას ხსენებული დემონსტრაციების დაწყების შემდეგ.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ხუთშაბათს, დღის ბოლოს თქვა, რომ აქციებზე 26 დემონსტრანტი და პოლიციელია დაღუპული, თუმცა არ დაუკონკრეტებია, საიდან აქვს ხელისუფლებას ეს მონაცემი. წამყვანმა თქვა, რომ ოფიციალური სტატისტიკა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
პროტესტის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ კონტრაქციების ორგანიზება მოახდინა.
“ყურანის შეურაცხმყოფლები სიკვდილით უნდა დაისაჯონ”, — სკანდირებდნენ პროსახელისუფლებლო აქციის მონაწილეები. ისინი ასევე ყვიროდნენ “სიკვდილი ამერიკას” და “სიკვდილი ისრაელს” — სლოგანებს, რომლებსაც არაერთგზის იყენებენ სახელისუფლებო წრეები.
პროტესტი გრძელდება
როგორც BBC-ის სპარსულენოვანი გამოცემა წერს, მიუხედავად ირანის ხელისუფლების მცდელობისა, შეზღუდოს ახალი ამბების გავრცელება ინტერნეტის ფართომასშტაბიანი გათიშვის გზით, აქციები ქვეყანაში ხუთშაბათის გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაწყებულ დემონსტრაციებზე, რომლებმაც მრავალი ქალაქი მოიცვა ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, ირანელები მწვავედ აპროტესტებენ მკაცრ ნორმებსა და რიგ სოციალურ თუ პოლიტიკურ რეპრესიებს ისლამური რესპუბლიკის პირობებში.
امسال سال خونه سدعلی سرنگونه
تهران ۳۱ شهریور #مهسا_امینی pic.twitter.com/zMezalrsOn— +۱۵۰۰تصویر (@1500tasvir) September 23, 2022
სოციალურ ქსელში მრავალგზის ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც ჩანს, როგორ იხდიან და წვავენ ქალები თავსაბურავს, რომლის ტარებაც ქვეყანაში სავალდებულოა.
დემონსტრანტები უპირისპირდებიან უსაფრთხოების ძალებს, წვავენ პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს, ანადგურებენ და აზიანებენ ხელისუფლებასთან ასოცირებულ ბანერებს. ისმის ირანის სულიერი ლიდერისა და მთავრობის საწინააღმდეგო სლოგანები.
Assiciated Press-ის თანახმად, სოციალურ ქსელში იძებნება თეირანში გადაღებული კადრები, რომლებშიც სროლის ხმა ისმის, დემონსტრანტები კი ყვირიან: “ისინი ხალხს ესვრიან! ღმერთო ჩემო, ხალხს კლავენ!”
ویدیوهایی به دست بیبیسی رسیده که نشان میدهد معترضان شامگاه ۳۱ شهریورماه در چهارراه پارکوی و شمال خیابان ولیعصر شعارهای اعتراضی سرمیدهند. همچنین تلاش دارند با استفاده از نیمکتهای خیابان و صندوق صدقات خیابان را ببندند. pic.twitter.com/TsGF4yrO6Q
— BBC NEWS فارسی (@bbcpersian) September 22, 2022
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ირანის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ნიშაბურშია გადაღებული, აქციის მონაწილეები პოლიციის ამოტრიალებული მანქანის გარშემო სკანდირებენ შეძახილებს, თეირანსა და მაშჰადში კი ქალები ჰაერში აფრიალებენ ჰიჯაბებს და სკანდირებენ: “თავისუფლება!”
დემონსტრაციებზე კვლავ ისმის შეძახილი “სიკვდილი დიქტატორს!”, რომელიც ირანის სულიერი ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიემართება. პროტესტის მონაწილეები ასევე ყვირიან: “მოლები უნდა წავიდნენ!”
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ირანის უსაფრთხოების ძალები ესვრიან აქციის მონაწილეებს, რასაც ხელისუფლება უარყოფს.
მაჰსა ამინის სიკვდილი
მაჰსა ამინი, რომელიც ქურთისტანის პროვინციის ქალაქ საყეზიდან იყო, პარასკევს გარდაიცვალა რამდენიმედღიანი კომის შემდეგ. ის დედაქალაქ თეირანში, თავის ძმასთან ერთად იყო, როცა ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა სავალდებულო ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებით კანონის დარღვევის ბრალდებით.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოვალეობის შემსრულებლის, ნად ალ-ნაშიფის თქმით, არსებობს ცნობები, რომელთა თანახმადაც მაჰსა ამინის პოლიციამ თავში ხელკეტით სცემა და მანქანაზე მიარტყმევინა თავი.
პოლიცია უარყოფს ძალადობას და დასძენს, რომ ქალი “გულის უეცარი უკმარისობის” შედეგად ჩავარდა კომაში, თუმცა, როგორც მის ოჯახში აღნიშნავენ, ამინი ჯანმრთელი იყო და არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.
გარდაცვლილის მამის თქმით, მაჰსა ამინის ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ის პოლიციას აკისრებს.
მაჰსა ამინი
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის პარალელურად გამართულ პრესკონფერენციაზე ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ თქვა, რომ მაჰსა ამინის საქმე “ურყევად” უნდა იქნას გამოძიებული.
მისი სიტყვებით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა და ახლა პასუხისმგებლობა სასამართლოს ხელშია. რაისი ამბობს, რომ პირველადი ექსპერტიზის შედეგებით, ქალი გარდაიცვალა გულის უკმარისობით ან ტვინის ინსულტით და არა ცემის შედეგად.
მანამდე, გაეროში სიტყვით გამოსვლისას რაისიმ განაცხადა, რომ ამინის გარდაცვალების ფართო გაშუქება “ორმაგი სტანდარტია” დასავლურ ქვეყანაში უსახლკარო ქალების გარდაცვალებაზე სიჩუმის ფონზე. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყანას გულისხმობდა.
ებრაჰიმ რაისის პირობებში ირანში კიდევ უფრო გამკაცრდა ქალების ჩაცმულობის კონტროლი.
როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას
ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან(1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.
უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.
არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.
ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.
გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.