ახალი ამბები

ირანში პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ — მედია

22 სექტემბერი, 2022 • 1172
ირანში პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ — მედია

ირანში, სადაც გასული კვირის ბოლოდან მიმდინარეობს ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვით გამოწვეული პროტესტი, პოლიციის განყოფილებებსა და მანქანებს წვავენ. ინფორმაცია საერთაშორისო მედიასა და სოც. მედიაში ვრცელდება.

ირანში დემონსტრაციები გასულ კვირას, 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ დაიწყო. ამინი, რომელიც ირანის ქურთისტანის პროვინციიდან იყო, ე.წ. მორალის პოლიციამ დააკავა “შეუსაბამო ჩაცმულობის” ბრალდებით.

პროტესტი, რომელიც გარდაცვლილი ქალის მშობლიურ, ქურთისტანის პროვინციაში დაიწყო, შემდეგ კი ირანის ათეულობით ქალაქს მოედო, ყველაზე მწვავეა 2019 წლის შემეგ, როცა ირანელები საწვავზე ფასების ზრდის შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში.

ქურთული უფლებადამცველი ჯგუფის, Hengaw-ის მიხედვით, ქურთებით დასახლებულ მხარეებში დაღუპულთა რაოდენობამ 12-ს მიაღწია.

ისინი აღნიშნავენ, რომ უსაფრთხოების ძალები ცეცხლს უხსნიან აქციების მონაწილეებს, რასაც ირანის ხელისუფლება უარყოფს და აღნიშნავენ, რომ ადამიანებს, შესაძლოა, შეიარაღებული დემონსტრანტები კლავენ.

 მას შემდეგ, რაც პოლიციელები უკან დახიეს, დემონსტრანტებმა პოლიციის 3 მანქანა ცეცხლში გახვიეს ქალაქ ნოვშაჰირში. წყარო: Social Media/BBC News Persian

ხუთშაბათს ორმა ნახევრად ოფიციალურმა სააგენტომ —Tasnim და Fars — გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, ქალაქ მაშჰადში სასიკვდილოდ დაჭრეს პროსამთავრობო შეიარაღებული ორგანიზაციის, “ბასიჯის” წარმომადგენელი. ხსენებული პირის სიკვდილი ოფიციალურად არ დადასტურებულა.

Tasnim ასევე წერს “ბასიჯის” კიდევ ერთი წევრის მკვლელობაზე ოთხშაბათს, ქალაქ ყაზვინში, “ამბოხებულებისა და ბანდებისგან” ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად. ეს ცნობა ოთხამდე ზრდის უსაფრთხოების ძალების იმ წარმომადგენელთა რაოდენობას, რომელთა დაღუპვის შესახებაც აქციების დღეებში ინფორმაცია გავრცელდა.

“ტვიტერზე” მოქმედი გვერდი “+۱۵۰۰تصویر”, რომელიც ირანში მიმდინარე პროცესებზე ორიენტირდება, ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს,  ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, პოლიციის ცეცხლმოკიდებული განყოფილების მიმდებარედ როგორ სკანდირებენ დემონსტრანტები “მოვკვდებით და დავიბრუნებთ ირანს”.

Reuters-ის თანახმად, პოლიციის კიდევ ერთი განყოფილება დედაქალაქ თეირანში დაწვეს. ამასთან, სოციალურ მედიაში გავრცელებული კადრების მიხედვით, აქციის მონაწილეებმა პოლიციის 3 მანქანას წაუკიდეს ცეცხლი მას შემდეგ, რაც, BBC-ის სპარსულენოვანი ბიუროს თანახმად, პოლიცია მოიგერიეს.

კიდევ ერთი ვიდეოს თანახმად, ირანის ჩრდილოეთში ადამიანთა ჯგუფებმა ჯოხებითა და ქვებით შეუტიეს უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს, რომლებიც მოტოციკლზე ისხდნენ.

საპროტესტო აქცია ირანში. 21.09.2022 ფოტო: WANA (West Asia News Agency) via REUTERS/File Photo

საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International მინიმუმ რვა დაღუპულის შესახებ იუწყება. აქედან ოთხი, ორგანიზაციის მიხედვით, უსაფრთხოების ძალების მიერ საფანტის ტყვიების ახლო მანძილიდან სროლის შედეგად დაიღუპა. ორგანიზაცია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კიდევ ოთხ დემონსტრანტსაც უსაფრთხოების ძალებმა ესროლეს, თუმცა, ვერ კონკრეტდება საბრძოლო მასალის ტიპი.

“ირანის უსაფრთხოების ძალები ძალადობრივად ახშობენ ძირითადად მშვიდობიან საპროტესტო გამოსვლებს… Amnesty International-მა შეაგროვა მტკიცებულებები უსაფრთხოების ძალების მიერ მომიტინგეების დასაშლელად ფრინველებზე სანადირო საფანტის ტყვიებსა და ლითონის სხვა ელემენტების, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და ხელკეტებით ცემის უკანონო გამოყენების შესახებ”, — ამბობს ორგანიზაცია.

ქალებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ დემონსტრაციებში, ოთხშაბათ ღამით ზოგიერთ ქალაქში კვლავ მოიხადეს და დაწვეს თავსაბურავები, რომელთა ტარებაც ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარების(1979 წ.) შემდეგ სავალდებულოა.

ჰიჯაბის საჯაროდ მოხდა და დაწვა, ზოგ შემთხვევაში კი თმის საჯაროდ შეჭრა, იქცა ქალთა წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ. აღნიშნულს თან სდევს სლოგანი: “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”.

იმ ფონზე, რომ დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში იზღუდება ინტერნეტთან და სოც. მედიის კონკრეტულ პლატფორმებთან წვდომა.

ვრცლად ირანის პროტესტსა და მაჰსა ამინის სიკვდილზე:

ირანელი დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა იზღუდება

მასალების გადაბეჭდვის წესი