ახალი ამბები

“ჩავიცვამ იმას, რაც მსურს!” – ირანელი ქალების კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ

16 ივნისი, 2018 • 16119
“ჩავიცვამ იმას, რაც მსურს!” – ირანელი ქალების კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ

“როდესაც სახლში მივდიოდი, მორალის პოლიციამ გამაფრთხილა. [თუმცა], არ მსურს ჩუმად ყოფნა. ყველანი მიყვარხართ. ვიმედოვნებ, გავთავისუფლდებით”, – ირანელი გოგონას ამ ვიდეომიმართვას უკვე ათასობით ნახვა და გამოხმაურება აქვს. ვიდეო იმ დიდი კამპანიის ნაწილია, რომელშიც უამრავმა ირანელმა ქალმა თავსაბურავი მოიხადა და სავალდებულო ჰიჯაბის კანონის წინააღმდეგ გაერთიანდა.

ირანში ჰიჯაბი 1979 წელს, ისლამური რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგაა სავალდებულო. კანონი ირანელმა ქალებმა მისი მიღებისთანავე, 1979 წელს, ქალთა საერთაშორისო დღეს 100 000-იანი დემონსტრაციით გააპროტესტეს, თუმცა შეზღუდვა ძალაში დარჩა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა კამპანია სახელწოდებით “ჩემი ფარული თავისუფლება”, სადაც ირანელი ქალები ისლამური რესპუბლიკის მიერ შემოღებულ მკაცრ კანონებს ყველა შესაძლებელი ფორმით უპირისპირდებიან: დემონსტრაციულად იხდიან თავსაბურავებს, ეწინააღმდეგებიან ე.წ. მორალის პოლიციას და კამერით აფიქსირებენ ნებისმიერ აგრესიას, რომელიც მათ მიმართ ხორციელდება. ამბობენ, რომ არ ეშინიათ და ასე განაგრძობენ მანამ, სანამ მათი “ფარული თავისუფლება” დაუფარავი არ გახდება.

ერთ-ერთ ბოლო ვიდეოზე, რომელსაც სოციალურ ქსელში მილიონობით ადამიანმა ნახა, ჩანს, თუ როგორ ცდილობს ახალგაზრდა ქალი წინააღმდეგობა გაუწიოს მორალის პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც მას ტანისამოსის გამო ედავებიან. საბოლოოდ, ქალი ერთ-ერთ მათგანს ფეხის დარტყმით იცილებს.

“ჩავიცვამ იმას, რაც მსურს! ეს არ არის თქვენი საქმე, თქვენ არ ხართ ჩემი მშობლები. კორუმპირებულები ხართ და ყველაფერს ურევთ!” – უყვიროდა ქალი მორალის პოლიციის თანამშრომლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ირანის ხელისუფლება არსებული პოლიტიკის გადახედვის პირობას დებს, ქალებს აზრის გამოხატვა მაინც ეზღუდებათ: 13  ივნისს პოლიციამ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის უფლებათა დამცველი ნასრინ სოთუდე დააკავა, რომელიც კამპანიაში ჩართულ ქალებს ადვოკატირებდა. ოჯახის თქმით, პოლიციამ მას განუცხადა, რომ ციხეში 5 წლის გატარება მოუწევს. პარალელურად, ქალაქ მაშჰადში, დააკავეს ირანელი მწერალი და ჟურნალისტი ფარჰად ჯაფარი, რომელიც ამავე კამპანიას უჭერდა მხარს.

სავალდებულო ჰიჯაბის საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც, თავდაპირველად, ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა მასიჰ ალინეჟადმა დააფუძნა, განსაკუთრებით გასული წლის ბოლოს, ქვეყანაში დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლებისას გააქტიურდა. თეირანში, რევოლუციის მოედანზე, 31 წლის ვიდა მოვაჰედი სატელეფონო ყუთზე დადგა, ჰიჯაბი მოიხადა და ჯოხზე წამოაცვა. აქტივისტი,რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში დაკავებულიც ჰყავდათ, სხვა ქალებისათვის შთაგონების წყაროდ იქცა.

თეირანის პოლიციის უფროსმა ქალები ჯერ კიდევ თებერვალში გააფრთხილა, რომ ჰიჯაბის მოხდასთან მიმართებაში “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკა გატარდებოდა. “Amnesty International”-ის მონაცემებით,ირანში ჰიჯაბის მოხდის გამო უკვე 40-მდე ქალი დააკავეს.

” იმ შემთხვევაში თუ ჰიჯაბს მოიხდით, სასჯელის სახით 2 თვით თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული, თუმცა ყველა, ვინც წაახალისებს სხვებს მოიხადოს ჰიჯაბი, 10 წლიანი პატიმრობით დაისჯება”, – აღნიშნული იყო პოლიციის განცხადებაში, რომელიც “რადიო თავისუფლების” სპარსულმა ბიურომ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანის სამართალდამცავი ორგანოები აცხადებენ, რომ კანონის ფარგლებში მოქმედებენ, ბოლო თვეების მანძილზე არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, როცა პოლიცია აქტივისტ ქალებს ფიზიკურად შეურაცხყოფს. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი თებერვალში ქვეყნის დედაქალაქში მოხდა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორც აგდებს პოლიციელი ტელეფონის ყუთიდან აქტივისტ მარიამ შარიათმადარის, რომელმაც ჰიჯაბი დემონსტრაციულად მოიხადა. ქალმა ამ დროს დაზიანებებიც მიიღო. მომდევნო ორი თვის მანძილზე ის ორჯერ ჰყავდათ დაკავებული.

აქტივისტი მარიამ შარიათმადარი, რომელიც პოლიციელმა ტელეფონის ყუთიდან გადმოაგდო. ფოტო: My Stealthy Freedom

მიუხედავად მუქარებისა, კამპანია უკვე როგორც ირანის ყოველდღიური ცხოვრების, ისე სოციალური მედიის განუყოფელი ნაწილია. ქალები თუ კაცები ვიდეოებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან და სოფლებიდან გზავნიან და განცხადებებით თუ კონკრეტული ქმედებებით ირანში არსებულ რეჟიმს უპირისპირდებიან.

ე.წ. რეფორმისტები, მათ შორის ირანის პრეზიდენტი ჰასან როუჰანი, მეტი ლოიალობით გამოირჩევა. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ სწორედ როუჰანის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც ირანელთა თითქმის ნახევარი სავალდებულო ჰიჯაბის კანონს ეწინააღმდეგება. თუმცა, კამპანიის ფუძემდებლები ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის რეალური ნაბიჯების გადადგმისაკენ მოუწოდებენ.

1979 წლის შემდეგ ამჟამად მიმდინარე კამპანია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. კამპანიის ფეისბუქ გვერდს მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ის აქტიურად მუშაობს ტვიტერზე, ინსტაგრამსა და ტელეგრამზეც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი