საზოგადოება

“სიკვდილი დიქტატორს” — რა ხდება ირანში პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის შემდეგ

19 სექტემბერი, 2022 • 3105
“სიკვდილი დიქტატორს” — რა ხდება ირანში პოლიციის მიერ დაკავებული ქალის დაღუპვის შემდეგ

ირანის ქალაქებში გაბრაზებული მოქალაქეები საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც ე.წ. მორალის პოლიციის მიერ თეირანში დაკავებული ახალგაზრდა ქალი, მაჰსა ამინი, რამდენიმედღიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დემონსტრანტები, პოლიციის წინააღმდეგობის ფონზე, სკანდირებენ ანტისამთავრობო სლოგანებს, მათ შორის, “სიკვდილი დიქტატორს”. კადრების მიხედვით, არაერთმა ქალმა პროტესტის ნიშნად საჯაროდ მოიხადა თავსაბურავი.

19 სექტემბერს გავრცელდა პირველი ცნობები აქციებზე დაღუპულთა შესახებ.

რა მოხდა

მაჰსა ამინი ირანის დედაქალაქს თავის ძმასთან ერთად სტუმრობდა, როცა პოლიციამ ერთ-ერთ მეტროსადგურთან დააკავა და ფურგონში ჩასვა. ქალს სავალდებულო ჰიჯაბთან დაკავშირებით ირანში მოქმედი რეგულაციის დარღვევას ედავებოდნენ.

BBC-ის მიხედვით, თვითმხილველები იუწყებიან, რომ ქალს პოლიციის ფურგონში სცემეს, მოგვიანებით კი კომაში ჩავარდა. მაჰსა ამინი გასული კვირის პარასკევს, დაკავებიდან სამი დღის შემდეგ, თეირანის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ირანის პოლიცია, რომელიც “სამწუხარო ინციდენტს” უწოდებს მომხდარს, უარყოფს ძალადობასთან დაკავშირებულ ვერსიას და აღნიშნავს, რომ განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ ქალს “გულის უეცარი უკმარისობა” განუვითარდა.

მაჰსა ამინი 

თუმცა ბრიტანული The Guardian იუწყება კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) შედეგებზე, რომელიც დაღუპულ ქალს თავის არეში გადაუღეს. ის აჩვენებს ძვლის მოტეხილობას, სისხლდენასა და თავის ტვინის შეშუპებას, რაც, როგორც ჩანს, ადასტურებს, რომ მაჰსა ამინი თავში დარტყმის შედეგადაა გარდაცვლილი.

როგორც გამოცემა წერს, თუ ტომოგრაფიის შედეგები დადასტურდა, ეს იქნება დიდი გასაჭირი პოლიციისათვის, რომელმაც მანამდე პოლიციის განყოფილებაში გადაღებული, დამუშავებული ვიდეოები გამოაქვეყნა იმის დასამტკიცებლად, რომ ქალი ჯანმრთელობის პრობლემის გამო დაიღუპა.

ამინის მამამ იმთავითვე უარყო პოლიციის ნათქვამი, დასძინა რა, რომ მაჰსას არ ჰქონია ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლითაც გულის უეცარი პრობლემის ახსნა შეიძლება.

თეირანში კაცი კითხულობს გაზეთს, რომლის გარეკანზეც მაჰსა ამინის სურათია დატანილი. ფოტო: EPA

რამდენიმე ირანული საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ თეირანში ე.წ. მორალის პოლიციის ხელმძღვანელს, ახალგაზრდა ქალის სიკვდილისა და თანმდევი პროტესტის ფონზე, უფლებამოსილება შეუჩერეს. თეირანის პოლიცია აღნიშნულს არ ადასტურებს.

მაჰსა ამინის საქმე და მის გარშემო მღელვარება კიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას ირანში, რომლის კანონმდებლობითაც მკაცრად კონტროლდება ქალების ჩაცმულობა, აღნიშნულზე შეწინააღმდეგება კი ხანგრძლივი პატიმრობისა და ფიზიკური ძალადობის რისკებს შეიცავს.

“ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება” — პროტესტი ირანში

მაჰსა ამინის გარდაცვალებამ მღელვარება და პროტესტი გამოიწვია როგორც სოციალურ ქსელებში, ისე ირანის ქალაქების ქუჩებში. დაღუპული ქალის სახელის შემცველი ჰეშთეგი თითქმის 2 მილიონჯერ ახსენეს “ტვიტერზე”.

საპროტესტო აქციები ირანის სხვადასხვა ქალაქში მესამე დღეა, არ წყდება. ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს დემონსტრანტთა დიდი ჯგუფები და პოლიციის დამწვარი მოტოციკლები. BBC-სა და “რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი გამოცემები წერენ პოლიციის თავდასხმებისა და შეტაკებების შესახებ.

უფლებადამცველი ჯგუფი “Hengaw”, რომელიც ირანის ქურთისტანში ადამიანის უფლებათა დარღვევებს აკვირდება, წერს ხუთი დაღუპულის შესახებ საპროტესტო აქციებზე.

ორგანიზაციის თანახმად, ორი ადამიანი ქალაქ საყეზში დაიღუპა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. მისივე ცნობით, კიდევ ორი ადამიანი ქალაქ დივანდარში დაიღუპა უსაფრთხოების ძალების მიერ გახსნილი “პირდაპირი ცეცხლის” შედეგად, მეხუთე პირი კი — ქალაქ დეჰგოლანში.

სამივე ქალაქი მდებარეობს ირანის დასავლეთით, ქურთისტანის პროვინციაში — დაღუპული ქალის მშობლიურ რეგიონში, სადაც აქციები ყველაზე ინტენსიურია.

ხელისუფლებას არ დაუდასტურებია აქციაზე მოქალაქეთა დაღუპვა.

არაერთ შემთხვევაში, აქციების მონაწილე ქალები პროტესტის ნიშნად თავსაბურავებს საჯაროდ იხდიან და ასე აპროტესტებენ სავალდებულო ჰიჯაბის კანონს.

ირანის ნახევრად ოფიციალური სააგენტო “ფარსი” იუწყება საპროტესტო აქციის შესახებ თეირანის უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობით, 19 სექტემბერს ისინი მოითხოვენ ამინის გარდაცვალების გამოძიებასა და ე.წ. მორალის პოლიციის დაშლას.

თეირანში, სხვა ქალაქების მსგავსად, ისმოდა საპროტესტო შეძახილები, მათ შორის, “ქალები, სიცოცხლე, თავისუფლება”, “სიკვდილი დიქტატორს”, “სიკვდილი ისლამურ რესპუბლიკას” და “სამართლიანობა, თავისუფლება, არასავალდებულო ჰიჯაბი”. კადრებში ჩანს, რომ არაერთი ქალი თავსაბურავს საჯაროდ იხდის.

ერთ-ერთი ვიდეოს მიხედვით, თეირანში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი ქვები ესროლეს წყლის მანქანას.

ვიდეოების თანახმად, აქციები მესამე დღეა გრძელდება ქურთისტანის პროვინციის სხვადასხვა ქალაქში, ირანის დასავლეთით. კადრებზე დაყრდნობით, “რადიო თავისუფლების” სპარსულენოვანი ბიურო ასევე წერს აქციებზე არაერთ დიდ ქალაქში, მათ შორის, მაშჰადში, ისპაჰანსა და ქარაჯში.

გამოცემის ინფორმაციით, ქურთისტანის, დასავლეთი აზერბაიჯანისა და ალბორზის პროვინციებში ბიზნესები და მაღაზიების მეპატრონეები გაიფიცნენ, მიუხედავად ხელისუფალთა მუქარებისა.

მანამდე, შაბათს, 22 წლის ქალის დაკრძალვის ცერემონიალის მონაწილეები მაჰსა ამინის მშობლიურ ქალაქ საყეზში სკანდირებდნენ “სიკვდილი დიქტატორს” — ანტისამთავრობო აქციებზე მრავალგზის გახმიანებულ სლოგანს ირანის ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის წინააღმდეგ.

მგლოვიარეები ადრიანად შეიკრიბნენ, რათა არ მიეცათ საშუალება პოლიციისთვის, მალულად დაეკრძალა ქალი. კადრების მიხედვით, დაკრძალვაზე მყოფმა ზოგიერთმა ქალმა დემონსტრაციულად მოიხადა თავსაბურავი.

მოგვიანებით, პროტესტის მონაწილეებმა საყეზის გუბერნატორის ოფისთან გადაინაცვლეს, სადაც უსაფრთხოების ძალები დაუპირისპირდნენ.

ხელისუფლების რეაქცია საზოგადოების ბრაზის ფონზე

ირანის პრეზიდენტიდან ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრამდე, მაჰსა ამინის გარდაცვალებას არაერთი ოფიციალური პირი გამოეხმაურა, რაც, ამა თუ იმ ფორმით, მიანიშნებს ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის შფოთვაზე საზოგადოებრივი მღელვარების გამო.

პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი, რომლის პერიოდშიც კიდევ უფრო გამკაცრდა ქალების ჩაცმულობის კონტროლი, ამინის ოჯახს ტელეფონით ესაუბრა და მიუსამძიმრა.

მეორე მხრივ, სახელმწიფო კატეგორიულად უარყოფს კავშირს ქალის სიკვდილთან. შინაგან საქმეთა მინისტრი აჰმად ვაჰიდი აღნიშნავდა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა იქვე ირწმუნებოდა, რომ მაჰსა ამინის ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემების ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ 5 წლის ასაკიდან იწყება.

პოლიციამ გასულ კვირას სათვალთვალო კამერების ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, მათი ცნობით, მაჰსა ამინის მიწაზე დაცემის მომენტია ასახული.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა ქალი — მათი ცნობით, ამინი — ესაუბრება ოფიციალურ პირს, რომელიც მის ტანსაცმელს ეხება. ამის შემდეგ ახალგაზრდა ქალს ხელები თავისაკენ მიაქვს, შემდეგ კი იატაკზე ეცემა.

ებრაჰიმ რაისი. ფოტო: EPA 

გარდაცვლილის მამა ირანულ მედიას ეუბნება, რომ ქალს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. მისივე სიტყვებით, მაჰსა ამინის ფეხებზე სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა. ქალიშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობას კაცი პოლიციას აკისრებს და აღნიშნავს, რომ ამ უკანასკნელის მიერ გავრცელებული კადრები მოვლენების დამუშავებული ვერსიაა.

“რატომ არ აჩვენეს ჩემი ქალიშვილის ფურგონიდან გადმოყვანის კადრები?  რატომ არ აჩვენეს, რა ხდებოდა დაკავების დაწესებულების დერეფნებში? ეს მისთვის ფსიქოლოგიურად სტრესული იყო და ამ კატასტროფაზე პასუხისმგებელი პოლიციაა”, — ციტირებს დაღუპულის მამას The Guardian.

“ერთადერთი რამ, რაც შემეძლო გამეკეთებინა”

მაჰსა ამინის დაღუპვა ირანის გარეთაც გააპროტესტეს. ეს მოხდა, მაგალითად, საქართველოს დედაქალაქში, ირანის საელჩოს მიმდებარედ. სოჰრაბ ეფთეხარი, რომელმაც სამშობლო 7 წლის წინ დატოვა, თბილისში მდებარე საელჩოსთან ოჯახთან ერთად მივიდა.

“ისლამური რესპუბლიკა ტერორისტული სახელმწიფოა” — ეწერა პლაკატზე.

ეფთეხარი “ნეტგაზეთს” ეუბნება, რომ ირანიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც “ანტიისლამური აქტივობების გამო” უნივერსიტეტიდან გარიცხეს. მისივე თქმით, “ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ირანის ხელისუფალნი უდანაშაულო მოქალაქეს კლავენ”.

სოჰრაბ ეფთეხარმა ირანის საელჩოსთან ოჯახთან ერთად გააპროტესტა მაჰსა ამინის დაღუპვა. ფოტო: Facebook/Mariam Tchkadua

“და თუ მსოფლიო არ გაიღვიძებს და ირანელ ხალხს არ დაეხმარება, ეს არც უკანასკნელი შემთხვევა იქნება”.

“ამ დროს ირანის საელჩოსთან პროტესტი იყო ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც შემეძლო სხვების ყურადღების მისაქცევად იმაზე, რომ ისლამური რესპუბლიკა, რომელიც ახლა მართავს ირანს, არის ტერორისტული რეჟიმი”, — ეუბნება სოჰრაბ ეფთეხარი “ნეტგაზეთს”.

მისი მეუღლე მარიამ ჭკადუა, რომელიც ასევე იმყოფებოდა აქციაზე, აღნიშნავს, რომ საელჩოდან არავინ გამოხმაურებიათ და მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იყო მისული ადგილზე.

“გვინდა, ყველას მივაწვდინოთ ხმა ვისაც შეიძლება, რომ ეს რეჟიმი კლავს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მათზე…” ,— აღნიშნავს ის.

როგორ აკონტროლებს ირანი ქალთა ჩაცმულობას

ირანში ისლამური რესპუბლიკის დამყარებიდან(1979 წ.) მალევე, ქალებისთვის “ისლამური” სამოსის ტარება სავალდებულო გახდა. პრაქტიკაში, ეს შეიძლება იყოს ჩადრი, რომელიც ფარავს მთელ სხეულს, მათ შორის, თავს, ან თავსაბურავი და მოსასხამი, რომელიც მკლავებს ფარავს.

უკანასკნელ წლებში ირანმა იხილა არაერთი კამპანია სავალდებულო ჰიჯაბის წინააღმდეგ, რომელთა დროსაც ქალები ხშირად საჯაროდ იხდიან თავსაბურავს. აღნიშნულს თან ერთვის მკაცრი რეაგირება ე.წ. მორალის პოლიციის მხრიდან, ქალების დაპატიმრება და მათზე ძალადობა რეგულაციასთან შეუსაბამობის გამო.

არაერთი ქალი საჯაროდ იხდის თავსაბურავს და ასე ეწინააღმდეგება სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონს.

ივლისის დასაწყისში ქვეყნის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შესაბამის უწყებებს სავალდებულო ჰიჯაბის შესახებ კანონის აღსრულება დაავალა, რის შემდეგაც ქალებს ჩაცმულობასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვები დაუწესდათ.

გასულ თვეებში ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა იმ ქალების “აღიარებითი ჩვენებები”, რომლებიც სამოსის შესახებ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო დააკავეს.

ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვა საპროტესტო მოძრაობების მსგავსად, სავალდებულო ჰიჯაბის შემთხვევაშიც ამტკიცებენ, რომ პროცესში გარე ძალები არიან ჩართულნი.

ამავე თემაზე:

ირანელი დემონსტრანტები უკან არ იხევენ, ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა იზღუდება

მასალების გადაბეჭდვის წესი