ახალი ამბები

ირანი უარყოფს კავშირს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმასთან

29 იანვარი, 2024 • 716
ირანი უარყოფს კავშირს იორდანიაში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმასთან

ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს, რომ რამე კავშირი ჰქონდა დრონით თავდასხმასთან, რომელმაც იორდანიაში სამი ამერიკელი სამხედროს სიცოცხლე შეიწირა, იტყობინება „ბი-ბი-სი“.

ნასერ კანაანი, ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი, აცხადებს, რომ თეირანი არაა ჩართული „წინააღმდეგობის ჯგუფების მიერ გადაწყვეტილებების მიღებაში“.

ირანის განცხადებებს წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პირველი გამოსვლა მომხდართან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ ვაშინგტონი საპასუხო ზომებს გადადგამდა მათ წინააღმდეგ, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს თავდასხმა იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე. ამავე დროს, ბაიდენმა მომხდარში პასუხისმგებლობა დააკისრა სირიაში მოქმედ, ირანის მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებს.

ეს არის ამერიკელი ჯარისკაცების თავდასხმის შედეგად დაღუპვის პირველი შემთხვევა ახლო აღმოსავლეთში მას შემდეგ, რაც ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ თავს დაესხა ისრაელს 2023 წლის 7 ოქტომბერს, რასაც ისრაელის საპასუხო სამხედრო ოპერაცია მოჰყვა.

როგორც BBC იტყობინება, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს 7 ოქტომბრის შემდეგ თავს, სულ მცირე, 150-ჯერ მაინც დაესხნენ, თუმცა თავდასხმის მოგერიება უმსხვერპლოდ ხერხდებოდა.

ბაზა, რომელზე თავდასხმასაც მსხვერპლი მოჰყვა, იორდანია-სირიის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი