ახალი ამბებირეკლამა

9 თვეა, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია – რა გაკეთდა და რა იგეგმება

27 დეკემბერი, 2021 • 2327
9 თვეა, თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქია – რა გაკეთდა და რა იგეგმება

2022 წლის გაზაფხულამდე თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. ეს სტატუსი თბილისმა იუნესკოსგან 2021 წლის აპრილში მიიღო. როგორ მიმდინარეობს პროექტი და რა ზეგავლენა იქონია ლიტერატურულ და საგამომცემლო პროცესზე? – ამ და სხვა საკითხებზე ნეტგაზეთი პროექტის დირექტორს, ნინია მაჭარაშვილს ესაუბრა.

თბილისი თითქმის მთელი წლის განმავლობაში, წიგნის მსოფლიო დედაქალაქი იყო. როგორ შეაფასებდით პროექტის მიმდინარეობას წლის ბოლოს? რა ზეგავლენა ჰქონდა პანდემიას პროექტის მიმდინარეობაზე?

პანდემიიდან გამომდინარე, ვფიქრობდი, რომ ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს, ვერ დადგებოდა. პროექტზე მუშაობა ძალიან პესიმისტურად და ნაკლებად პომპეზურად დავიწყეთ. არ გვქონდა მასშტაბური გახსნის ცერემონილი, ვერ შევძელით ხმა ჩვენი დედაქალაქის ყველა მცხოვრებისთვის მიგვეწვდინა, რასაც განსაკუთრებით განვიცდიდით. ეს იყო ყველაზე ჩაკეტილი პერიოდი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, გახსნის ცერემონიალზე მხოლოდ 70 სტუმარი მოვიწვიეთ. აქედან 22 უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები იყვნენ. ასევე, მოვიწვიეთ საელჩოების წარმოგმადგენლები და ის ორგანიზაციები, რომლებიც დღემდე აქტიურად არიან ჩართული ჩვენი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

მაშინ არსებული რეგულაციების გამო, გახსნაზე ვერ მოვიწვიეთ გამომცემლები და ავტორები. ძალიან გვინდოდა, ამ უდიდესი პროექტის გახსნის სიხარული ჩვენს თანაქალაქელებთანაც გაგვეზიარებინა, თუმცა, სამწუხაროდ, ასე ვერ მოხერხდა. კარგია, რომ მას შემდეგ, ყველა ღონისძიება და პროექტი პირველადი გეგმის თანახმად განვახორციელეთ და ნამდვილად მივიღეთ ის შედეგები, რაც გვინდოდა. 

რაც შეეხება პროექტის კონკრეტულ მიღწევებს – რა მოუტანა პროექტმა გამომცემლებს, ავტორებს, მკითხველებსა და მთარგმნელებს? 

თბილისის მერიასა და ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, უამრავი პროექტი განხორციელდა. პირველ რიგში, აღვნიშნავ თბილისის ორი მუნიციპალური ბიბლიოთეკის სრულ რეაბილიტაციას, რაც ქალაქს სამუდამოდ დარჩება. 

განახლდა თბილისის აბსოლუტურად ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა. ზოგ სკოლაში ბიბლიოთეკა არც ჰქონდათ, ზოგან კი უკანასკნელი განახლება 50 წლის წინ იყო განხორციელებული. საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახლა უკვე ყველა სკოლას აქვს ახალი წიგნები – როგორც ქართველი ავტორებისა, ისე თარგმნილი ლიტერატურაც. 

მწერალთა სახლთან ერთად, დავაორგანიზეთ საერთაშორისო რეზიდენციები. პანდემიის მიზეზით, მსგავსი პროექტი, წელს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ განხორციელებულა. სამი ქართველი ავტორი ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიასა და უკრაინის ქალაქ ლვოვში გაემგზავრნენ, საქართველოში კი ესპანელი და უკრაინელი მწერლები ჩამოვიდნენ და რეზიდენციის პერიოდი მწერალთა სახლში გაატარეს. გარდა ამისა, 10 ავტორი გავუშვით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რათა კომფორტულ გარემოში ჰქონოდათ წერის საშუალება. 

ხელი შევუწყვეთ ოცდაათამდე ახალი წიგნის გამოცემას. 

კონკურსის შედეგად ვაფინანსებთ იმ მთარგმნელებს, ვისაც ქართულად იშვიათად თარგმნილი ენების ცოდნის დახვეწა და, შემდგომ, ამ ენებიდან თარგმნა სურთ. შემდეგომში იმ წიგნებსაც გამოვცემთ, რომლებსაც იაპონური, ჩინური და სხვა იშვიათი ენებიდან თარგმნიან.

წლის განმავლობაში, ჩავატარეთ არაერთი სახალხო ღონისძიებაც: ინტელექტუალურ-გასართობი თამაში “კითხვა პასუხია”, წიგნის ფლიმარკეტები, თბილისური ეზოები ვაჟას, გალაკტიონისა და კლასიკოს თუ თანამედროვე პოეტების შემოქმედებაზე, გალაკტიონის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური გამოფენა ლიტერატურის მუზეუმთან ერთად, მალე გაიხსნება რეპრესირებული ავტორების მუზეუმი მწერალთა სახლში. 

განვახორციელეთ მასშტაბური საერთაშორისო გასვლითი პროექტებიც – ეროვნული სტენდები გვქონდა წარმოდგენილი გვადალახარასა და თესალონიკის წიგნის საერთაშორისო ბაზრობებზე. ორივეგან ჩვენი მონაწილეობა იმდენად წარმომადგენლობითი და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ორივე წიგნის ბაზრობა შემდეგ წლებში სტუმარ ქვეყნად გვეპატიჟება. იმედი მაქვს, რომ ამ საპასუხისმგებლო პროექტებსაც წარმატებით განვახორციელებთ.

განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებისთვის შევქმენით აუდიო წიგნები. აშშ-ის საელჩოს დახმარებით, უცხოელი სპიკერების მონაწილეობით, ჩავატარეთ პროფესიული პროგრამა გამომცემლებისთვის, რაც მომდევნო წელსაც გაგრძელდება. ჩავატარეთ ილუსტრაციის ფესტივალი და გამოვეცით ქართველი ილუსტრატორების ნამუშევრების ორენოვანი კატალოგი. 

მოკლედ, ძალიან ნაყოფიერი წელი გვქონდა. ვფიქრობ, რომ კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, მაინც ბევრი საქმე მოვასწარით. 

ერთ-ერთი მიზანი ბავშვებისა და მოზარდების წიგნებით დაინტერესება იყო. რა პროექტები განხორციელდა ამ მიმართულებით?

პირველად ჩავატარეთ თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალი. ასევე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადული“. „ჯეოლაბთან“ ერთად კომპიუტერულ თამაშებად ვაქციეთ ქართველი საბავშვო ავტორების ნაწარმოებები. 

საბავშვო ლიტერატურის სფერო ვითარდება, მაგრამ ნელა, რადგან ბავშვებისთვის წიგნს ბევრი კონკურენტი ჰყავს: ინტერნეტი, ტექნოლოგიები, კომპიუტერული თამაშები. შესაბამისად, ბავშვები წიგნთან დიდ დროს არ ატარებენ. სწორედ ამიტომ, ასეთი ფესტივალების საშუალებით, ბავშვების ლიტერატურით, ზოგადად, წიგნის სამყაროთი დაინტერესებას ვცდილობთ. 

ფესტივალი და პრემია „ნაკადული“ – ეს ორი კომპონენტი, ერთობლივად შეუწყობს ხელს საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციას.

განხორციელებული პროექტებიდან მომავალში რომელი დარჩება ქალაქს?

პრემია „ნაკადული“, წიგნის საბავშვო ფესტივალი, აღდგენილი ბიბლიოთეკები, აუდიოწიგნები, კომპიუტერულ თამაშებად გადაქცეული ქართული საბავშვო წიგნები და სხვა. გარდა რამდენიმე მუსიკალური და ლიტერატურული ღონისძიებისა, თითქმის ყველაფერი დარჩება თბილისს.

თქვენ აღნიშნეთ, რომ აპრილში ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი. მოგვიყევით მათ შესახებ.

პროექტის ფარგლებში, განვახორციელეთ ზღაპრის დღე, რომელიც ამირანის მითის მიხედვით შექმნილ გიორგი ჯინჭარაძის გამოფენასა და ციფრულ პროექტ ზღაპAR-ს აერთიანებდა. გვინდა ეს გამოფენა ბოლონიის საბავშო წიგნის ბაზრობაზე წარვადგინოთ. 

გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ, იუნესკომ დააარსა წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელი, რომლის პირველი შეხვედრის ორგანიზებაც თბილისში გვინდა. ეს ნიშნავს, რომ 22 ქვეყნის საგამომცემლო სფეროს მთავარი აქტორი გვესტუმრება, რაც ბევრ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადაგვადგმევინებს. მათ შორის, ქართველი ავტორების წიგნების საავტორო უფლებების გაყიდვის მიმართულებითაც. 

ამის გარდა, აპრილში გამომცემლების საერთშორისო ასოციაციასთან ერთად ვგეგმავთ გამომცემლების კონფერენციას. იმედი მაქვს, რომ პანდემია არ შეგვიშლის ხელს. 

2022 წელს გაგრძელდება საგამომცემლო პროგრამები, სხვადასხვა თემატური პროექტებისა და წიგნების გამოცემის ხელშეწყობა. 

გარდა ამისა, საერთაშორისო რეზიდენცია განხორციელდება ირლანდიაში, ნანტში, გვადალახარასა და ბუენოს აირესში.

როგორ აფასებს იუნესკო პროექტის მიმდინარეობას?

იუნესკოსგან საუკეთესო გამოხმაურება გვაქვს და ახლა თავადვე გეგმავენ, პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს დღეების ჩატარებას. ორგანიზებაზე სრულ პასუხისმგებლობას თავად აიღებენ და ქართული კულტურის დღეებს მოგვიძღვნიან. 

ლიტერატურული პროცესისა და საგამომცემლო საქმიანობის მიმართ სახელმწიფოს ინტერესი არც ისე დიდია. წელს თქვენი მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკი იყო. რა იქნება მომდევნო წელს, გაქვთ საკმარისი რესურსი საერთაშორისო პროექტებისთვის? 

მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიასა და ჩვენს გენერალურ სპონსორ საქართველოს ბანკს. მათი მხარდაჭერა ასეთ საქმეებს ძალიან სჭირდება, რადგან წიგნისა და ლიტერატურის მიმართ სახელმწიფოს დახმარება საკმარისი არასდროს არის. ცხადია, სასურველია, მეტი მხარდამჭერი გვყავდეს, რადგან არაერთი საერთაშორისო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, რისთვისაც დიდი რესურსია საჭირო. 

______________________________________________________________________________________

World Book Capital /წიგნის მსოფლიო დედაქალაქი მასშტაბური პროექტია, რომელიც UNESCO-ს გენერალურმა კონფერენციამ დააარსა 2001 წელს. 

პროექტის მიზანი წიგნისა და კითხვის პოპულარიზაცია, წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარება, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლობების ხელშეწყობაა.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტებზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი