ახალი ამბებირეკლამა

თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალზე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ

10 დეკემბერი, 2021 • 933
თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალზე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულებს დააჯილდოებენ

12 დეკემბერს, 18 საათზე, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსებულ თბილისის საბავშვო წიგნის პირველ ფესტივალზე, საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. 

სპეციალურად საბავშვო წიგნის ფესტივალსა და „ნაკადულის“ დაჯილოდებაზე დასასწრებად, თბილისს ეწვევა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის საბავშვო წიგნისა და ილუსტრაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰენდრიკ ჰელიგე. იგი მოწვეული ექსპერტის სტატუსით დააკვირდება კონკურსის მსვლელობას და გასცემს რეკომენდაციებს, რომელიც საქართველოში საბავშვო ილუსტრაციის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„ნაკადულის“ ოთხ ნომინაციაზე წარდგენილია 2020 წელს გამოცემული 13 წიგნი, რომელთა შორისაც გამარჯვებულებს, საუკეთესო პროზაული, პოეტური, ილუსტრირებული და საგანმანათლებლო-შემეცნებითი წიგნის ნომინაციებში გამოავლენენ. 

გასული წლის საუკეთესო წიგნებს სპეციალურად შერჩეული ჟიური დაასახელებს. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული მიიღებს პრიზს და 2500 ლარიან ფულად პრემიას.

პრემია „ნაკადულის“ მიზანია, ქართული საბავშვო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა და საზოგადოების ინტერესის გაზრდა. ასევე, საბავშვო წიგნებზე მომუშავე ავტორების წახალისება და მათი შემოქმედების პოპულარიზება.

11-12 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დაგეგემილ თბილისის საბავშვო წიგნის ფესტივალში, მონაწილეობს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც მყიდველს, საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურაზე, ფასდაკლებებს შესთავაზებენ. წიგნების გარდა, შესაძლებელი იქნება სათამაშოებისა და სხვადასხვა სახის გასართობ-საგანმანათლებლო პროდუქციის შეძენაც.

ფესტივალის მსვლელობისას, ბავშვებს წინასაახალწლო-ლიტერატურული დღესასწაული ელით: ილუსტრაციის ხატვის გაკვეთილები, თითების თეატრის წარმოდგენა, ზღაპრების კითხვა, კონცერტი და სხვა. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი