ახალი ამბები | რეკლამა |

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს

14 სექტემბერი, 2021 | | 377
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს

16 სექტემბერს, თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ზღაპრის დღე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, ილუსტრატორ გიორგი ჯინჭარაძის მიერ, „ამირანის“ თემაზე შექმნილი პროექტი იქნება წარმოდგენილი. 

ზღაპრის დღის მთავარი მოვლენა AR (Augmented reality – დამატებითი რეალობა) აპლიკაციის ონლაინპრეზენტაცია იქნება, რომლის მეშვეობითაც, ზღაპრული პერსონაჟების თანმედროვე რეალობაში გადმოყვანაა შესაძლებელი. ქალღმერთ დალის, ქაჯის, დევისა თუ ირმისას ავტორები, მხატვრები ანკა ბოჭორიშვილი, ვარლამ ჯმუხაძე, კვაჭი, სოფო კირთაძე, ხატია ჩიტორელიძე და ანუკ ბელუგა არიან.

აპლიკაცია უძველესი მითებისა და თანამედროვე ტექნოლოგიის ერთგვარი სინთეზია, რომელიც მომხმარებელს არა მხოლოდ გართობის, არამედ ფანტაზიის გაშლის საშუალებასაც მისცემს. 

ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის განკუთვნილი გამოფენა, 26 სექტემბრამდე გაგრძელდება, აპლიკაცია კი ნელ-ნელა განვითარდება და სხვა მხატვრების ნამუშვრებითაც შეივსება.

გამოფენა ქვეყანაში არსებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიმართება. 

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი