ახალი ამბებირეკლამა

„ინტერაქტიული წიგნები“ – გართობა თამაშითა და შემეცნებით

15 ივლისი, 2021 • 1598
„ინტერაქტიული წიგნები“ – გართობა თამაშითა და შემეცნებით

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია, „ჯეოლაბის“ პროექტი – „ინტერაქტიული წიგნები“. მიმდინარეობს. პროექტი, თავდაპირველად, 30 მონაწილეზე იყო გათვლილი, თუმცა, ამ ეტაპზე, 65 მოსწავლესა და სტუდენტს აერთიანებს. როგორც „ჯეოლაბის“ დირექტორი, ლანა ლაბაძე ამბობს, დაინტერესება მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა.

„პროექტში მონაწილეობის სურვილი, ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ გამოთქვა. იმდენად კარგი განაცხადები შემოვიდა, რომ მხოლოდ 30-ის არჩევა ვერ მოვახერხეთ და, პროექტის პირველ ეტაპზე, 90-მდე მონაწილე დავუშვით”, – მისივე თქმით, მონაწილეთა უმრავლესობა, სკოლის მოსწავლეა.

პროექტი 31 მაისს დაიწყო და სულ 5 თვეს გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში, პროექტის მონაწილეები თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, მათ შორის, მულტიპლატფორმულ ძრავა Unity-ში მუშაობასა და C#-ის პროგრამულ ენაზე კოდის წერას შეისწავლიან. აღნიშნული პროგრამები, პროექტის შემდგომ ეტაპზე, ინტერაქტიული წიგნების შექმნაში დაეხმარებათ, რასაც პროფესიონალ ილუსტრატორებთან, პროგრამისტებთან და საბავშვო ავტორებთან ერთად განახორციელებენ.

 

“ Unity ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძრავა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმისთვის – ვები, კომპიუტერი, ტაბლეტი, ტელეფონი, ვიდეოთამაშების შესაქმნელად, ხოლო C# კოდირების ენა, გარდა Unity-ში თამაშების პროგრამირებისა, ასევე ფართოდ გამოიყენება დესკტოპ აპლიკაციების, ვებპროგრამებისა და ვებსერვისების შესაქმნელად. შესაბამისად, პროექტის მონაწილეებს ამ უნარებისა და ცოდნის სხვადასხვა საქმიანობაში გამოყენება შეეძლებათ”, – განმარტავს ლანა ლაბაძე.

“თბილისი – წიგნის მსოფლიოს დედაქალაქის” პროექტების კოორდინატორის, ნიკა ესებუას თქმით, თავდაპირველი შეთანხმება 6 ინტერაქტიული წიგნის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა პროექტით დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა და ახლა უკვე, ათამდე წიგნის აპლიკაციის შექმნა იგეგმება. ინტერაქტიული წიგნებს ოქტომბერში დაასრულებენ და უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი App Store და Play Store პლატფორმების მომხმარებლებისთვის.

„ინტერაქტიული წიგნები” ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ერთმანეთში აერთიანებს, ერთი მხრივ, ინფორმაციისა და განათლების მიღების ტრადიციულ საშუალებას – წიგნს, მეორეს მხრივ კი, 21-ე საუკუნის მექანიზმს – კომპიუტერულ თამაშს. ამ ორის გაერთიანებით მიიღება ახალი სიმბიოზი, რომელიც თან თამაშია, თან – წიგნი. ინტერაქტიული წიგნისგან ბავშვებს შეუძლიათ რაღაც ახალი ისწავლონ, ახალი ინფორმაცია მიიღონ. ვფიქრობ, მომავალი სწორედ ამ ორი ინსტრუმენტის გაერთიანებაა, რათა ნებისმიერი ასაკის ადამიანი მისთვის სასურველ ფორმაში, მარტივად, სწრაფად და შემეცნების გზით გაერთოს“, – ამბობს ნიკა ესებუა. ის აქვე აღნიშნავს, რომ “თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ მოზარდებისა და ბავშვებისთის კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს აერთიანებს, მათ შორისაა წიგნის ფლიმარკეტი, ზღაპრების ფესტივალი, ლიტერატურული ქვესტი, აუდიო-ვიზუალური ინსტალაცია „ექო“ და სხვა.

“ვფიქრობ, ახალგაზრდებს განსაკუთრებით დააინტერესებთ ლიტერატურული ქვესტი – ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ლიტერატურის ცოდნით უპასუხებენ კითხვებს და ბოლოს ფულად ჯილდოსაც მოიგებენ. ეს პროექტი შემოდგომაზე გაიმართება. გარდა ამისა, გვაქვს სხვადასხვა სეგმენტისა თუ ასაკის ადამიანებისთვის საინტერესო პროექტები. ყველას ვურჩევ უფრო აქტიურად ადევნოს თვალ-ყური ჩვენს ფეისბუქგვერდსა და ოფიციალურ ვებგვერდს (twbc.ge) და მათთვის საინტერესო პროექტებში ჩაერთონ“, – ამბობს ნიკა ესებუა.

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც ხორციელდება თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის გენერალური სპონსორი კი საქართველოს ბანკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი